31 ივლისს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მის ერთ-ერთ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ სასამართლომ პალესტინელ პატიმრებზე ძალადობაში ბრალდებული ებრაელი ჯარისკაცები გაათავისუფლა. ადვოკატმა პოსტს დაურთო ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ ზეიმობენ ციხის 9 ზედამხედველის გათავისუფლებას.
ზაქარეიშვილი ნაწილობრივ მცდარი ინფორმაციასა და ვიდეომანიპულაციას ავრცელებს, რადგან დაკავებული ებრაელი ჯარისკაცების ნაწილი კვლავ საპატიმროში რჩება, ხოლო გავრცელებული ვიდეო 2023 წლის ნოემბერშია გადაღებული და ის ისრაელის არმიის გამხნევების მიზნით გამართულ კონცერტს ასახავს.
29 ივლისს ისრაელის სამხედრო პოლიციამ დააკავა არმიის მინიმუმ 9 რეზერვისტი, რომლებსაც ბრალად ედებათ სდე თეიმანის სამხედო ბაზაზე მყოფ პალესტინელ პატიმარზე ძალადობა, მათ შორის, მძიმე სექსუალური სახის დანაშაულის ჩადენა. დაკავებულები დაკითხვაზე გადაიყვანეს ბაით ლიადის ბაზაზე, სადაც ისრაელის სამხედრო სასამართლო მდებარეობს. მათ გარდა სამხედრო პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელსაც ბრალად ედება პალესტინელ პატიმრებზე მრავალჯერადი ფიზიკური ძალადობა. აღსანიშნავია, რომ ზაქარეიშვილის მტკიცების საპირისპიროდ, მათი ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება. საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოტანილი არ არის, თუმცა 31 ივლისს სასამართლომ 8 დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რადგან, გამოძიების ცნობით, არსებობს “საფუძვლიანი ეჭვი”, რომ მათ პალესტინელ პატიმარს ზიანი მიაყენეს. ამავე დღეს ახალი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ორი რეზერვისტი გაათავისუფლა. 4 აგვისტოს, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, მომხდარში ჩართულობაზე ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პატიმრობიდან კიდევ 3 სამხედრო გათავისუფლდა, თუმცა 5 პირს წინასწარი პატიმრობა კვლავ გაუხანგრძლივდა და ისინი ისევ დაკავებულები არიან. აღსანიშნავია, რომ ზაქარეიშვილმა 9 სამხედროს გათავისუფლებაზე ინფორმაცია 31 ივლისს გამოაქვეყნდა, მაშინ, როცა პატიმრობაში 8 ეჭვმიტანილი რჩებოდა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და მომდევნო სასამართლო სხდომა სამშაბათს, 6 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ბრალდებების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სდე თეიმანის სამხედრო ბაზაზე “სისტემატურ შეურაცხყოფას” ადგილი არ აქვს. სპიკერის განმარტებით, “IDF მოქმედებს და გააგრძელებს მოქმედებას კანონის უზენაესობისადმი ღრმა ერთგულების საფუძველზე და ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ისრაელისა და საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად”.
ზაქარეიშვილის მიერ ატვირთული ვიდეო 2023 წლის ნოემბერშია გადაღებული, როდესაც სამხედროების გამხნევების მიზნით, ადგილობრივი ცნობილი მომღერალი ავიაჰუ პანიხასოვი ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამხედრო პუნქტს ეწვია და კონცერტი გამართა. შესაბამისად, აღნიშნულ კადრებს კავშირი არ აქვს ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან და ძალადობის ბრალდებით დაკავებული სამხედროების გათავისუფლებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ჯარისკაცი დროებით სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. პირველ რიგში, ეს ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც ვიდეოში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავთ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, სამხედროების ქცევა არ შეესაბამებოდა მათ ღირებულებებს.
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ისრაელის შესახებ სხვადასხვა შინაარსის დეზინფორმაცია და მანიპულაცია წარსულშიც მრავალჯერ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.