“ებრაელების ღმერთის” შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

102
VIEWS

15-22 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა ებრაელების ღმერთის შესახებ ორი სხვადასხვა ცნობა გაავრცელეს. ანგარიშების ნაწილმა (1, 2) ჰაროლდ უოლას როზენტალის ფრაზა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელების უმეტესობას ამის აღიარება არ მოსწონს, მათი ღმერთი ლუციფერია და ებრაელები მისი რჩეული ხალხია. მეორე გავრცელებული მტკიცების (1, 2) მიხედვით კი, ებრაელები მთელს მსოფლიოში ტრანსგენდერიზმისა და ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციას ახდენენ, რადგან, მათი რწმენით, მესიანურ ეპოქაში ადამიანები ორსახა ღმერთი ბაფომეტის ხატება და მსგავსება უნდა გახდნენ.  

Screenshot 2024 09 26 132323 “ებრაელების ღმერთის” შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება

ებრაელების ღმერთის შესახებ გავრცელებული პოსტები კონსპირაციის თეორიების გამოყენებით ებრაელების დისკრედიტაციას ემსახურება. ჰაროლდ უოლას როზენტალის ფრაზა ინტერვიუდანაა აღებული, რომელიც “თეთრკანიანთა უზენაესობის” მხარდამჭერებმა გაავრცელეს და მისი ნამდვილობის დამადასტურებელი წყაროები არ არსებობს. ხოლო, მტკიცება, რომ ებრაელები ტრანსგენდერიზმსა და ჰომოსექსუალიზმს უჭერენ მხარს, რადგან ორსახა ბაფომეტს სცემენ თაყვანს, შეთქმულების თეორიაა და რაიმე მტკიცებულებას არ ემყარება.

ფეისბუქზე გავრცელებული ორივე მტკიცება კონსპირაციულია და ებრაელების სატანიზმთან კავშირის წარმოდგენით მათ დისკრედიტაციას ცდილობს. 

  • როზენტალის ინტერვიუ

მტკიცება, რომ ჰაროლდ უოლას როზენტალმა ებრაელების ღმერთად ლუციფერი მოიხსენია მტკიცებულებებს არ ემყარება. წარმოშობით ებრაელი როზენტალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის სენატორი ჯეიკობ ჯევიტსის უფროს თანაშემწედ მუშაობდა. ის 1976 წლის 11 აგვისტოს თურქეთში, სტამბოლის იეშილქოის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა

ტერაქტი ორგანიზაცია ”პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის” წევრებმა მოაწყეს და მას როზენტალის გარდა სამი პირი შეეწირა, 20 კი დაშავდა

ფრაზა ლუციფერის და ებრაელების შესახებ გვხვდება ტექსტში, რომელიც “თეთრკანიანთა უზენაესობის” (White Supremacy) მხარდამჭერ და სხვა გვერდებზე უკვე წლებია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფრაზა როზენტალმა უოლტერ უაით ჯუნიორისთვის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მიცემულ ინტერვიუში წარმოთქვა. უფრო ზუსტად, უაითი წერს, რომ მას შემდეგ, რაც მან ინტერვიუს ჩამწერი მოწყობილობა გამორთო, როზენტალი შეკითხვაზე თუ საიდან და როდის გაჩნდა ამბავი, რომ ებრაელი ხალხი ღმერთის რჩეულია, არაგულწრფელ პასუხში დაადანაშაულა. როზენტალმა კი განაცხადა, რომ ებრაელთა უმეტესობას არ უნდა აღიაროს, მაგრამ მათი ღმერთი ლუციფერია, შესაბამისად, ის არ იტყუებოდა და ისინი მისი რჩეული ხალხი არიან. ინტერვიუს შესავალ ნაწილში უაითი წერს, რომ შესაძლოა როზენტალმა ზედმეტად ღიად ისაუბრა და ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი “მისივე ხალხია”. 

ინტერვიუს ნამდვილობა არაერთი კვლევის საგანი გახდა. წიგნში “ტერორისტი მეზობლად” (2002), დენიელ ლევიტასი ამტკიცებს, რომ ინტერვიუ პირველად 1978 წელს პამფლეტში “დამალული ტირანია” გამოჩნდა, რომელიც ანტი-სემიტურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირს ოპალ ტენერ უაითს ეკუთვნოდა და რადგან როზენტალი ამ დროისთვის ორი წლის გარდაცვლილი იყო, უაითს საშუალება ჰქონდა მისთვის რაც სურდა ის მიეწერა. ინტერვიუ შემდგომში “თეთრკანიანთა უზენაესობის” მხარდამჭერ არაერთ გამოცემაში გამოჩნდა. 

“ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგის” (Anti-Defamation League) მიხედვით, უოლტერ უაით ჯუნიორმა, რომელიც თავადაც ანტი-სემიტური შეხედულებებით გამოირჩეოდა, ვერ ახსნა, თუ რატომ გამოაქვეყნა ინტერვიუ როოზენტალის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ და არა უფრო ადრე

ინტერვიუს ნამდვილობას ეჭვქვეშ “თეთრკანიანთა უზენაესობის” მხარდამჭერი პირებიც აყენებენ. “თეთრკანიანთა არიული წინააღმდეგობის” (White Aryan Resistance) დამფუძნებლის და კუ კლუქს კლანის წევრის ტომ მეცგერის მტკიცებით, ინტერვიუ მთლიანად გამოგონილია და ერთ-ერთია იმ თემებიდან, რომლებზეც უოლტერ უაითი დამოუკიდებლად მუშაობდა. მეცგერის თქმით, უაითი ხანდახან უჩინარდებოდა, ერთ-ერთი ასეთი გაუჩნარების შემდეგ კი ის ირწმუნებოდა, რომ “ებრაელთა დაცვის ლიგამ” (Jewish Defence League) გაიტაცა და მექსიკის საზღვართან დატოვა

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ორიგინალი აუდიო ვერსია ღია წყაროებში არ იძებნება და ამჟამად ინტერნეტსივრცეში გავრცელებული აუდიო ჩანაწერებში ინტერვიუ ან ხელოვნური ინტელექტის, ან სხვა მთხრობელის მიერაა გახმოვნებული (1, 2). 

შესაბამისად, სანდო და დამოუკიდებელი წყაროები იმის შესახებ, რომ ინტერვიუ ნამდვილია, არ არსებობს. 

  • ბაფომეტი და ებრაელები

მეორე მტკიცება, რომელსაც გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით, ებრაელების მიერ ბაფომეტის თაყვანცემას და ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსგენდერიზმის პოპულარიზაციას შეეხება. 

აღნიშნული მტკიცება ებრაელთა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელიც არაერთ კონსპირაციულ თეორიასა და სტერეოტიპს აერთიანებს, 

ბოლო წლებში ექსტრემისტებსა და ანტი-სემიტური კონსპირაციის თეორიების მიმდევრებს შორის განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ებრაელები ქრისტიანობისა და დასავლური საზოგადოების დასუსტების მიზნით ე.წ. “ლგბტ დღის წესრიგს” ავრცელებენ. მათი რწმენით, ებრაელები ამას სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, მთავრობის, გასართობი ინდუსტრიის, მედიისა და აკადემიური სივრცის კონტროლით ცდილობენ. 

აღსანიშნავია, რომ როგორც ანტი-სემიტური, ასევე ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნარატივები ბავშვების “ინდოქტრინაციის” შესახებ საუბრობენ, მათ შორის, ირწმუნებიან, რომ ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უტარებენ. ამავე ნარატივებში გაერთიანდა ცნობები, რომ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს იტაცებენ და მათ სისხლს რიტუალებში იყენებენ

“სისხლის ცილისწამების” (Blood Libel) კონსპირაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში

ბაფომეტის წარმოშობისა და მისი სიმბოლური დატვირთვის შესახებ მეცნიერული წყაროები არაერთგვაროვანია. მისი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამოსახულება გამოსახულება, რომელიც პოსტებზე დართულ ფოტოზეც გვხვდება, ელიფას ლევის ეკუთვნის და ის პირველად მის წიგნში “მაღალი მაგიის დოგმა და რიტუალი” (Dogme et Rituel de la Haute Magie, 1854) გამოჩნდა. ეშმაკის თხის ფორმით გამოსახვა იქამდეც გავრცელებული იყო და ტაროს კარტებზეც გვხვდებოდა, რაც ლევის ერთ-ერთი შთაგონების წყარო გახდა. გამოსახულების აღწერისას თავად ლევიც აღნიშნავს, რომ მისი ერთი ხელი მამაკაცისაა, ხოლო მეორე ქალის ანდროგინთა (მითოლოგიური არსებები, რომლებსაც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვისებები ჰქონდათ) გამოსახვის იქამდე არსებული ტრადიციის მიბაძვით

რწმენა, რომ ლუციფერი/სატანა ებრაელებისთვის თაყვანისცემის ობიექტია, მცდარია. ებრაულად სატანა ითარგმნება როგორც “მოწინააღმდეგე” და ცოდვისკენ მაცდუნებელ იმპულსად, ან უფრო ზოგადად, იმ ძალად აღიქმება, რომელიც ადამიანს ღმერთის ნების აღსრულებაში ხელს უშლის

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კონსპირაციის თეორიებს, მათ შორის ანტი-სემიტური, ჰომოფობიური და ანტივაქსერული შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” წარსულში ანგარიშის მიერ გავრცელებული რამდენიმე ათეული დეზინფორმაცია გამოავლინა

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist