22 აპრილს ტელეკომპანია “იმედმა” (1, 2), საინფორმაციო სააგენტოებმა (1, 2) და ფეისბუქ გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო მკვლელობის მცდელობის კვალი უკრაინამდე მიდის. ინფორმაციის წყაროდ კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის პოსტი მოჰყავთ და წერენ, რომ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი “აზოვის” ბატალიონის ჯგუფურ ონლაინ მიმოწერაში ფიგურირებს, სადაც პრეზიდენტის მკვლელობა განიხილებოდა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპის ბოლო მკვლელობის მცდელობის საქმის კვალი უკრაინამდე მიდის, მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მომხდარში, შესაძლოა, უკრაინის ჩართულობა დასტურდებოდეს. რეალურად, ინფორმაციის პირველწყარო X-ის ანგარიშია, რომლის საქმიანობა და გამოცდილება საეჭვოა. გარდა ამისა, სტატია ემყარება მხოლოდ ავტორის ვარაუდსა და ბრალდებულის, ნიკიტა კასაპის სოციალური ქსელების ანალიზს. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფიციალური ვერსია კასაპის უკრაინასთან კავშირზე მხოლოდ იმას წერს, რომ გეგმის განხორციელების შემდეგ ის უკრაინაში აპირებდა წასვლას.
17 აპრილს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ 17 წლის ნიკიტა კასაპს ბრალი წაუყენეს დედისა და მამინაცვლის მკვლელობის ბრალდებით. ბიუროს განცხადებით, თინეიჯერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობასა და აშშ-ის ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, ოჯახის წევრების მოკვლა კი ამ გეგმის ნაწილი იყო. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა თავდასხმისას გამოსაყენებლად დრონი და ასაფეთქებელი საშუალებები შეიძინა, საერთო იდეოლოგიის მქონე პირებს რუსულად ელაპარაკებოდა და გეგმის განხორციელების შემდგომ უკრაინაში წასვლას აპირებდა.
ბოლო პერიოდში რამდენჯერმე სცადეს დონალდ ტრამპის მკვლელობა. წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპს ერთ-ერთი შეხვედრისას ესროლეს. შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თუ ვიზუალური მანიპულაციები ამ შემთხვევის შემდეგაც ვრცელდებოდა. ტრამპის მომდევნო მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს აშშ-ის მოქალაქე რაიან რუთი. მისი და უკრაინის კავშირის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. თუმცა, ერთადერთი, რაც რუთს უკრაინასთან აკავშირებდა იყო დრონების შეძენის შემთხვევა. რუთი ფიქრობდა, რომ ადამიანი, ვისგანაც დრონებს ყიდულობდა, უკრაინელი იყო.
ასევე საეჭვოა ნიკიტა კასაპისა და უკრაინის კავშირი.
-
ნიკიტა კასაპის იდეოლოგია და პოლიციის მასალები
საქმესთან დაკავშირებული ვისკონსინის პოლიციის დოკუმენტები კასაპის იდეოლოგიისა და გეგმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. სახლიდან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების დათვალიერებისას მასში აღმოაჩინეს ორგანიზაცია “ცხრა კუთხის ორდენთან” დაკავშირებული და ასევე, ადოლფ ჰიტლერის სადიდებელი ვიზუალური მასალები. გამოძიება ირწმუნება, რომ კასაპი ნაცისტური, ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელი იყო, იდეოლოგიის შესაბამის მანიფესტებს წერდა და თეთრკანიანთა უზენაესობის სჯეროდა. მის ელექტრონულ მოწყობილობებში ნაპოვნია მანიფესტები, სადაც “თეთრ ქვეყნებში” ებრაელების მიუღებელ მმართველობაზე წერია.
“ცხრა კუთხის ორდენი” 1970-იან წლებში ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ნაცისტურ, სატანისტურ” მოძრაობას ფაშიზმის ელემენტებით. “ცხრა კუთხის ორდენმა” არაერთ ნაცისტურ გაერთიანებაზე მოახდინა გავლენა. მათ შორის, “მზის ომის დივიზიასა” და “ატომური იარაღის დივიზიაზე”. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი არაერთი დანაშაული, მათ შორის, გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმეები, სწორედ “ცხრა კუთხის ორდენის” წევრებთანაა დაკავშირებული. უცნობია, რაიმე კავშირი აქვს თუ არა ორგანიზაციას უკრაინასთან. ის მსოფლიოში გავრცელებული ქსელია და სავარაუდოა, რომ წევრები ანდა მხარდამჭერები უკრაინაშიც ეყოლება. თუმცა, თუნდაც “ცხრა კუთხის ორდენს” უკრაინაში მიმდევრები ჰყავდეს, შეუძლებელია მტკიცება, რომ ნიკიტა კასაპი უკრაინასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრი ქართველებიც არიან.
პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში უკრაინის შესახებაც წერია. უკრაინულ ნომერთან “ტელეგრამით” ანონიმურ მიმოწერაში კასაპი ამბობს, რომ პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ უკრაინაში აპირებს წასვლას და ზედმეტსახელით “რომან ვიქტორიჩისგან” აინტერესებს, როგორ განაგრძობს ქვეყანაში ცხოვრებას. გამოძიების თანახმად, ის თანამოაზრეებს რუსულად ელაპარაკებოდა. ფედერალური ბიურო უკრაინას სხვა კონტექსტში არ ახსენებს. მოწმის ჩვენების საფუძველზე, ვისკონსინის პოლიცია წერს, რომ კასაპს წარმოშობით რუს კაცთან ჰქონდა კონტაქტი.
-
რას ეფუძნება ინფორმაცია ნიკიტა კასაპისა და აზოვის ბატალიონის კავშირზე?
არ გავრცელებულა დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნიკიტა კასაპი რაიმე ფორმით უკრინის ეროვნულ გვარდიას დაქვემდებარებულ “აზოვის” ბატალიონთანაა დაკავშირებული. მაიკ ბენცმა აღნიშნულის შესახებ 22 აპრილს დაწერა და თან გააზიარა ბლოგერ კენ სილვას პოსტი X-ზე. სილვას თქმით, ნიკიტა კასაპი წევრი იყო “ტელეგრამ” არხის “მიზანთროპთა დივიზია”, რომელიც “აზოვის” მხარდამჭერია.

კენ სილვა თავის პოსტში წერს, რომ ინფორმაცია თავდაპირველად ანგარიშმა Bx-მა გაავრცელა. ანგარიშს აღწერაში მითითებული აქვს, რომ “სატანისტური მკვლელობის კულტის” შესახებ წერს. აღწერაში დატოვებულ ბმულზე გადასვლით კი ვიგებთ, რომ ქალი თავს დამოუკიდებელ გამომძიებლად წარმოაჩენს და წერს, რომ არც ერთ მედიასა და სამთავრობო ორგანიზაციაში არ მუშაობს. მას საკუთარი იუთუბ არხიც აქვს, რომელზეც მხოლოდ 3 ვიდეოა გამოქვეყნებული. სტატია ნიკიტა კასაპის შესახებ Bx-მა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა. ბლოგი 18 აპრილსაა გამოქვეყნებული და სწორედ აქ ვარაუდობს Bx, რომ კასაპი უკრაინასთან იყო დაკავშირებული. Bx-ს ბრალდებული ნიკიტა კასაპისა უკრაინასთან კავშირის მტკიცებულად მოჰყავს მისი ყოფნა სხვადასხვა ნეონაცისტურ ტელეგრამ ჩათებში, მაგალითად Bx ამბობს, რომ ბრალდებული ტელეგრამ არხ “მიზანთროპთა დივიზიის” წევრი იყო, რომელიც, მისი თქმით, “აზოვის” ღია მხარდამჭერია. ორგანიზაცია 2014 წელს უკრაინაში შეიქმნა და “აზოვთან” ჰქონდა კავშირი. როგორც უკრაინული მედია იუწყება, “აზოვსა” და “მიზანთროპთა დივიზიას” შორის უთანხმოება 2016 წლიდან იწყება. მთავარი მიზეზი კი “აზოვის” მიერ ყირიმელი თათრების მიმღებლობაა და მათ ბატალიონი “ებრაელებთან კოლაბორაციაშიც” დაადანაშაულეს. “მიზანთროპთა დივიზიაში” სჯერათ, რომ მათი მიზანი მაშინ შესრულდება, როდესაც უკრაინა რუსეთისა და ევროკავშირისგან დამოუკიდებელი იქნება.
2022 წელს ამერიკულმა ახალი ამბების გამოცემა The Intercept-მა “მიზანთროპთა დივიზიის” შესახებ სტატია (არქივი) გამოაქვეყნა. სტატიის გამოქვეყნების მომენტში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით ნათქვამია, რომ საეჭვოა რეალური დაჯგუფებაა თუ არა “მიზანთროპთა დივიზია”, რა მასშტაბისაა ის და ასევე ბუნდოვანია მათი კავშირი “აზოვთან”. უკანასკნელის საილუსტრაციოდ ფრანგი მებრძოლი, ვილფრიდ ბლერიოტი მოჰყავს, რომელიც “მიზანთროპთა დივიზიასთან” იყო დაკავშირებული, უკრაინაში იბრძოდა და დაიღუპა. დივიზიის “აზოვთან” კავშირს საეჭვოს ხდის ფაქტი, რომ ბლერიოტი უკრაინის იმ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც “აზოვის” ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებს არ ატარებდა. ამიტომ, შესაძლოა, “მიზანთროპთა დივიზია” მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებობდეს და საბრძოლო მოქმედებებით არ იყოს დაკავებული. ფედერალური საგამოძიებო ბიურო მსგავს “ტელეგრამ” არხებზე არაფერს წერს.
უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან საბრძოლო მოქმედებებია, რაც ნაცისტური ჯგუფებისთვის შესაძლებლობას ქმნის რეალურ პირობებში სამხედრო გამოცდილება მიიღონ. ბოლო წლებში უკრაინაში ასეთი რამდენიმე მსურველი აღმოაჩინეს. მაგალითად, 2020 წლის ოქტომბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს ორი უცხოელი ნეონაცისტი, რომელიც უკრაინაში საერთაშორისო ტერორისტული ქსელის შექმნას ცდილობდა და საბრძოლო გამოცდილების მიღება სურდა. უკრაინაში ხშირად ატარებენ სპეცოპერაციებს ამგვარი ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ “აზოვის” ბატალიონი უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია და სწორედ ისინი აკონტროლებენ, ვინ გაწევრიანდება ბატალიონში.
ამდენად, უკრაინის, “აზოვისა” და ნიკიტა კასაპის კავშირის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს და მისი წყარო X-ის ანგარიშია. გაოძიების ოფიციალური ვერსია მკვლელობის მცდელოვაში უკრაინის სახელმწიფოს ან “აზოვის” ბატალიონის მონაწილეობას არ ადასტურებს. ასევე, ანგარიში Bx მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს ემყარება და ზოგჯერ, ბუნდოვანია დასკვნის საფუძველი.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.