27-28 ივლისს ფეისბუქზე (1;2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, 1945 წელს ბერლინი ამერიკულმა ჯარმა აიღო. პოსტების ავტორების მტკიცებით, ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არის რაიხსტაგის კედელზე რუსული წარწერები, აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ უპასუხა.

დონალდ ტრამპის ციტატა, თითქოს 1945 წელს ბერლინი ამერიკულმა ჯარმა აიღო, გაყალბებულია. 2025 წლის მაისში კატარში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა II მსოფლიო ომში აშშ-ის დიდ კონტრიბუციაზე ისაუბრა, თუმცა ბერლინის აღებაზე მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
დონალდ ტრამპის განცხადება 1945 წელს ბერლინის აღების შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება და გაყალბებულია. ასევე, არ გვხვდება ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან თავი აარიდა ჟურნალისტის კითხვას რაიხსტაგზე დატანილი წარწერების შესახებ. 2025 წლის მაისში ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი გამარჯვებული ქვეყანაა, რომელიც ნაცისტური გერმანიის დამარცხების მე-80 წლისთავს არ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ომი მან მოიგო. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავად ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
კატარში ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველა, მათ შორის საფრანგეთი და რუსეთი, ომში გამარჯვებას აღნიშნავენ, თუმცა მთავარი კონტრიბუცია გამარჯვებაში აშშ-მა შეიტანა (1,2).
დონალდ ტრამპი: “რუსეთი ზეიმობდა, საფრანგეთი ზეიმობდა, ყველა ზეიმობდა ჩვენ გარდა. და ჩვენ ვართ ის, ვინც ომი მოიგო… ისინიც დაგვეხმარნენ, მაგრამ ჩვენ გარეშე ომს ვერ მოიგებდნენ. ჩვენ გარეშე ყველა გერმანულად ვილაპარაკებდით და ალბათ ცოტა იაპონურადაც. ომი ჩვენ მოვიგეთ და ერთადერთი ვართ, ვინც ამას არ აღნიშნავს”.
სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული განცხადება გახდა გაყალბებული ციტატების გავრცელების საფუძველი. მიმართვის შემდეგ რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები რაიხსტაგის კედელზე რუსულენოვან წარწერებს განზრახ ტოვებდნენ, რათა შეექმნათ ილუზია, რომ ბერლინი რუსეთის არმიამ აიღო. ინფორმაცია უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ციტატა გაყალბებულია.
არც კატარში გაჟღერებულ მიმართვაში და არც მის სხვა განცხადებებში დონალდ ტრამპს არ უთქვამს, რომ ბერლინი 1945 წელს ამერიკულმა არმიამ აიღო. შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ორივე ნაწილი, როგორც ტრამპის განცხადება, ასევე ჟურნალისტის შეკითხვა, გამოგონილია.
მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერა კრემლის პოლიტიკის ნაწილია. ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში მოკავშირეთა ძალისხმევის მინიმიზება და საბჭოთა კავშირის წვლილის ყველაზე მნიშვნელოვან და გარდამტეხ ფაქტორად წარმოჩენა კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მიმართულებაა. ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში 9 მაისს გამარჯვების აღნიშვნამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო. ამ გამარჯვებას კრემლის პროპაგანდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლადაც იყენებს უკრაინის ხელისუფლების “ნეო-ნაცისტებად” მოხსენიებით (1,2).
წყაროს შესახებ:
დონალდ ტრამპის ყალბი ციტატის ერთ-ერთი გამავრცელებელი ფეისბუქ-ანგარიშია Gia Khelashvili, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. ანგარიში ასევე ხშირად აქვეყნებს დეზინფორმაციულ მტკიცებებს.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















