ვრცელდება მორიგი ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ემუქრება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დონალდ ტრამპი
727
VIEWS

9-10 თებერვალს ფეისბუქზე ქართულ (1, 2, 3, 4,) და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4,) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. კონკრეტულად, ვიდეოში ის ამბობს: „მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ვლადიმერს ვუთხარი, რომ ეს (ომი) უნდა შეწყდეს. ის დათანხმდა, მაგრამ თქვა, რომ პირველ ადგილას რუსეთის ინტერესები უნდა იყოს, რადგან მათ კონსტიტუციაში უკვე შეიტანეს გარკვეული ტერიტორიები. მე ვუთხარი, ვლადიმერ, მისმინე, ეს სრული სისულელეა. უნდა გესმოდეთ, მე არ ვარ ჯო ბაიდენი. ან თქვენ დადებთ სამართლიან გარიგებას, ან ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ზოგიერთი რუსული ტერიტორია უკრაინის კონსტიტუციაში მოხვდეს. და მერწმუნეთ, ხალხს ეს მოეწონება.”

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ვიდეო ინგლისურ ენაზეა, უმეტესობა კი რუსულად არის თარგმნილი და კადრებში ჩანს რუსული სამთავრობო მედია Россия 1-ის ლოგო, რაც მიუთითებს, რომ ეს ვიდეო მათ სიუჟეტში მოხვდა. 

ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, ფეისბუქის გარდა რუსული მედიის Царьград და news-kharkov.ru საიტებზეც გავრცელდა.

დონალდ ტრამპი

გავრცელებული ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპი პუტინს რუსული ტერიტორიების უკრაინისთვის გადაცემაზე საუბრობს, პროგრამულადაა დამუშავებული, მასში პირის მოძრაობა და შესაბამისად ტექსტი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შეცვლილი. ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს, ის არც Россия 1-ის ეთერში მოხვედრილა. ვიდეოში ნაჩვენები კადრებით დასტურდება, რომ ის ამოჭრილია სხვა საკითხის შესახებ გამართული ბრიფინგის დროს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი არ განხილულა.

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებში ვერ მიაგნო სანდო ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებდა, რომ დონალ ტრამპმა მართლაც განაცხადა, თითქოს ის პუტინს დაემუქრა ზოგიერთი რუსული ტერიტორიის უკრაინისთვის გადაცემით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ New York Post-თან ინტერვიუში მან მართლაც დაადასტურა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, თუმცა სტატიაში არსადაა ნახსენები ის დეტალები, რაც ვიდეოში გვხვდება. 

  • საიდან გავრცელდა ვიდეო?

გავრცელებული ვიდეოს პირველწყაროს ძიებისას ყველაზე ადრე ატვირთულ რუსულად გახმოვანებულ ვერსიას მივაკვლიეთ უკრაინულ ტელეგრამ არხზე “БАЗА, це Хʼюстон” (ბაზა, ეს ჰიუსტონია), სადაც ვიდეო 9 თებერვალს, 19:40 წუთზე გამოქვეყნდა. 19:49 წუთზე კი, პირველად ამავე ანგარიშზე გამოჩნდა ინგლისურენოვანი ვერსიაც

აღნიშნულ ტელეგრამ არხზე განთავსებულ აღწერაში ვკითხულობთ, რომ “არხი სიახლეებზე კრეატიული ტექნოლოგიების დახმარებით რეაგირებს” და ისინი ქმნიან მისალოც ვიდეოებს ცნობილი ადამიანების გამოსახულებით, შემოსულ თანხებს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ. აქვე მითითებულია მათი ვებ-საიტის ლინკიც, რომლის მთავარ გვერდზე გვხვდება წარწერა: “ჩვენ ვაკეთებთ მაგარ დიფფეიქებს”. საიტზე შესაძლებელია სასურველი ვიდეოს შეკვეთაც. 

დონალდ ტრამპი

  • რა კადრებია გამოყენებული გავრცელებული ვიდეოს ფაბრიკაციისთვის?

ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო კადრების უკუძიების პროგრამების Invid-ისა და Reveye-ის მეშვეობით გადავამოწმეთ, რის შედეგადაც მივაკვლიეთ რეალურ ვიდეოს, რომლის ნაწილიც არის გამოყენებული ვიდეოფაბრიკაციისთვის. კერძოდ, 30 იანვარს პრეზიდენტ ტრამპმა თეთრ სახლში გამართა ბრიფინგი, სადაც მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა არსებული ინფორმაცია რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სადაც სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს დაეჯახნენ, რამაც 67 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბრიფინგის დროს, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა, რუსეთის პრეზიდენტის სახელი მხოლოდ ერთხელ გაჟღერდა, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპს კითხა, ესაუბრა თუ არა პუტინს აღნიშნული ტრაგედიის შესახებ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა – “არა, ამის შესახებ, არა”. 

ვიდეოს დამუშავებულ ვერსიაში, 32-ე წამიდან ვხედავთ პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელს იწევენ კითხვის დასასმელად. 

დონალდ პრამპი
კადრი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

თეთრ სახლში 30 იანვარს გამართული ბრიფინგის ჩანაწერში, არაერთხელ ვხედავთ პრესის წარმომადგენლებს და მარტივია იმის გარჩევა, რომ აქ ზუსტად იმავე ხალხს ვხედავთ, იდენტური ტანსაცმლით, რომლებიც იდენტური თანმიმდევრობით სხედან/დგანან.

დონალდ ტრამპი
კადრი თეთრი სახლის ოფიციალური იუთუბ არხიდან

ჩვენ ასევე ვცადეთ გვენახა მოხვდა თუ არა ვიდეოფაბრიკაცია Россия 1-ის სიუჟეტში. ამისათვის ჩვენ ვუყურეთ ბოლო კვირაში გასული ახალი ამბების ჩანაწერებს, სადაც მსგავს სიუჟეტს ვერ მივაკვლიეთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიის ეთერში 31 იანვარს (23:14 წუთიდან) და 2 თებერვალს (1:13:00-დან) მოხვდა ტრამპის ბრიფინგის ორიგინალი კადრები, რეალური თარგმანით.

დონალ ტრამპი

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 23 იანვარს ტელეგრამ არხზე “БАЗА, це Хʼюстон” ასევე გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის ვიდეოფაბრიკაცია  Россия 1-ის ლოგოს თანხლებით, სადაც ის ვლადიმერ პუტინს ემუქრებოდა და ურჩევდა სადამ ჰუსეინის, ჩაუჩესკუსა და კადაფის ბედი არ გაეზიარებინა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალაში

არქივი: 1, 2, 3, 4.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist