27 თებერვალს გადაცემაში “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად” ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დონალდ ტრამპ უმცროსის პოზიციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა შვილმა პოზიცია პლატფორმა X-ზე გამოხატა და დაწერა, რომ იდიოტი უნდა იყო, რომ “უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინა აირჩიო მოკავშირედო.”
სოსო მანჯავიძე (26:24): “მერე მისი შვილი გამოვიდა, ტრამპის ის [შვილი], დაწერა, დატვიტა, რომ სად უკრაინა და სად რუსეთიო. უნდა იყო სრული იდიოტიო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინა აირჩიო მოკავშირედო.”
27 თებერვალს პლატფორმა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში “სოლიდარობის დრო” დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებაზე ასევე ისაუბრა წამყვანმა დავით ახვლედიანმა. მისი ინფორმაციით, ტრამპის შვილმა თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა და პირიქით, აშშ-ს რუსეთისთვის უნდა დაეჭირა მხარი.
დავით ახვლედიანი (24:44): “და კიდევ გუშინ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის უფროსმა შვილმა თქვა, შეიძლებოდა უკრაინაზე მხარდაჭერაო? ეს არ უნდა მომხდარიყო, პირიქით, შეიძლება, რუსეთისთვის დაგვეჭირა მხარიო ეხლა, ნუ. სიმართლე გითხრათ, მე არ გადამიმოწმებია, შეიძლება ფეიკიც იყო, მაგრამ უფრო ნამდვილი ინფორმაცია იყო.”
უკრაინისა და რუსეთის შესახებ ტრამპ უმცროსის იდენტური პოზიცია რუსმა აქტორებმა და სამთავრობო მედიამაც გააშუქეს. კრემლის პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ ტელეგრამზე გაავრცელა ვიდეო ტრამპ უმცროსის პოდკასტიდან, სადაც ის ამბობს, რომ იარაღი რუსეთისთვის უნდა მიეყიდათ და პარტნიორადაც რუსეთს ამჯობინებს. იგივე ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმა ფეისბუქზეც გამოაქვეყნეს (1;2).
ავთენტიკური არ არის დონალდ ტრამპ უმცროსის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის რუსეთ-უკრაინაზე საუბრობს და რუსეთისთვის შეიარაღების გაგზავნასაც ახსენებს. პოდკასტ Triggered With Don Jr.-ის ვიდეოში ნაჩვენებ ეპიზოდში ტრამპი მსგავს განცხადებებს არ აკეთებს. ასევე, “მითების დეტექტორმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით დაადგინა, რომ ჩანაწერი რეალური არ არის და მის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპ უმცროსი თავის პოდკასტში, სახელად Triggered With Don Jr. რუსეთ-უკრაინის შესახებ საუბრობს. როგორც ვიდეოში ჩანს, ტრამპმა აღნიშნულზე პოდკასტის 219-ე ეპიზოდში ისაუბრა, რომელსაც ჰქვია: “FBI-ის საოცნებო გუნდი, დამატებით თქვენი კითხვების პირდაპირ ეთერში მიღება.” გავრცელებულ ვიდეოებში ტრამპი რუსეთისა და უკრაინის შესახებ საუბრობს. ის რუსეთში იარაღის გაგზავნის იდეით გამოდის და პარტნიორადაც უკრაინის ნაცვლად, რუსეთს ამჯობინებს. ვიდეოში ტრამპთან ერთად სხვა, არაიდენტიფიცირებადი მოსაუბრის ხმაც ისმის:
- “მაგრამ მათ ავიწყდებთ, რომ უკრაინა არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაფერს გარისკავ. ეს სასაცილოა.
- გულწრფელად ვერ წარმომიდგენია, ვინმე საღ გონებაზე მყოფმა, მოკავშირედ უკრაინა აირჩიოს, როდესაც სხვა ვარიანტი რუსეთია. ვგულისხმობ, უბრალოდ დაფიქრდი ამაზე. მასიური ბირთვული ენერგია, დატვირთული ყველასათვის სასურველი ბუნებრივი რესურსებით, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი ქვეყანა პლანეტაზე. და უკრაინა, რომელსაც აქვს ჩერნობილი და რამდენიმე რადიაციული ძაღლი. იმავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია კი ამბობს: “ოჰ, დიახ, ეს არის მოკავშირე, რომელიც გვჭირდება. მოდით, მთელი ჩვენი ფული მასში გადავყაროთ.” გულწრფელად, თუ რამეა, აშშ-ს უნდა გაეგზავნა იარაღი რუსეთში.”
მეორე მოსაუბრეს, რომელიც რუსეთში იარაღის გაგზავნაზე საუბრობს, დონალდ ტრამპ უმცროსად აღიქვამენ.
ფრანგულ გამოცემა AFP-სთან წერილობითი კომუნიკაციისას ტრამპ უმცროსის შესახებ გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობა უარყო მისმა სპიკერმა. მედიის თანახმად, მათ სპიკერისგან მიიღეს პასუხი, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ანგარიშებზე გავრცელებული ვიდეო 100%-ით ყალბია და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ უნდა იყოს გენერირებული.
ტრამპ უმცროსს აქვს პოსკასტი, სახელად Triggered With Don Jr. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საოცნებო გუნდის შესახებ ეპიზოდი “სფოთიფაიზე” 27 თებრვლის მდგომარეობით გამოქვეყნებული არ იყო (არქივი). არხზე ის მოგვიანებით გამოქვეყნდა, თუმცა 25 თებრვლით დათარიღდა.

დონალდ ტრამპის შვილის პოდკასტი ასევე გადის საიტ Rumble-ზე. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შესახებ ეპიზოდი ამ პლატფორმაზე 24 თებერვალს გამოქვეყნდა. ტრამპმა რამდენჯერმე ახსენა რუსეთი და უკრაინა, თუმცა არ უთქვამს, რომ შტატებმა რუსეთს შეიარაღება უნდა გაუგზავნოს და მოკავშირედ რუსეთი ამჯობინოს. AFP-ის Rumble-ის სპიკერმაც დაუდასტურა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ყალბია და სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შიექმნა. ტრამპ უმცროსს უკრაინის შესახებ საკუთარი ინიციატივით არ უსაუბრია და ქვეყანა მაშინ ახსენა, როდესაც მაყურებელმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) შესახებ დაწერა კომენტარი. ტრამპის თქმით (37:10) DOGE-მა უნდა შეისწავლოს, სად მიდის “უკრაინის ფული”. მან განმარტა, რომ მართალია, ზელენსკი გამოყოფილი თანხის მხოლოდ ნაწილის მიღებაზე საუბრობს, თუმცა მას არაფრის სჯერა, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ხოლო ამერიკელი გადასახადის გადამხდელები იმსახურებდნენ იცოდნენ, სად მიდის მათი ფული.

-
რა ირკვევა აუდიოს შესახებ მისი შესწავლით?
არაერთი მედია და ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაცია დაინტერესდა, რეალური იყო თუ არა დონალდ ტრამპ უმცროსის ხმის ჩანაწერი. მაგალითად, ტელეკომპანია BBC-სთან ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აუდიო, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი. მედია აღნიშნავს, რომ წარსულში გავრცელებული ყალბი აუდიოებისგან განსხვავებით, ტრამპის აუდიოზე არ შეიმჩნევა რაიმე მანიპულაციის კვალი, მონაწილე პირები სიტყვებს სწორად და გამართულად წარმოთქვამენ, ხმა არ აღიქმება ხელოვნურად, ამასთანავე ხმა ტრამპ უმცროსის რეალურ საუბარს ჰგავს.
ამერიკულ მედია ABC-სთან ციფრული უსაფრთხოების კომპანია Get Real Lab-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, ჰანი ჰარიდმა განაცხადა, რომ ჩანაწერი AI-ის საშუალებითაა შექმნილი. ფარიდმა თქვა, რომ მათი დასკვნა ეფუძნება Get Real Lab-ის ორი, აუდიოში ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი, ხელსაწყოთი მიღებულ შედეგს.
“მითების დეტექტორმა” აუდიო შეისწავლა იმ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ხელოვნური ინტელექტსა და დიფფეიკზე არიან ფოკუსირებული. Contrails AI და Deepfakes Analysis Unit გვიდასტურებს, რომ ჩანაწერი ყალბია და მაღალი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეიქმნა. Deepfakes Analysis Unit-მა ვიდეოს ნამდვილობის დასადგენად ექვსი სხვადასხვა ხელსაწყო გამოიყენა. ოთხი ჩანაწერს მაღალი პროცენტით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულად აღიქვამდა, ხოლო ორი ხელსაწყო RawNet2-vocoder და Whisper აუდიოჩანაწერში ხელოვნური ინტელექტის ჩარევას ვერ ან მცირე პროცენტით აღიქვამს.

განსხვავებულ შედეგს იძლევა აუდიოს InVID & WeVerify-ის ხელსაწყო Hiya-ში შემოწმება. Hiya-ს ხმის კლონირების ამოცნობა შეუძლია. აუდიოს ატვირთვის შემდეგ, ხელსაწყო წერს, რომ ის მხოლოდ 20%-ითაა AI-ის მიერ შექმნილი, ასევე აუდიოს ფრაგმენტში არ შეიმჩნევა არც ხმის რედაქტირებისა და არც რაიმე იმიტაციის ნიშნები. ამავე ხელსაწყოს თანახმად, ხელოვნური ინტელექტის კვალი 16-დან 20 წამამდე მონაკვეთში მეტად შესამჩნევია. ამ მონაკვეთში ტრამპი საუბრობს, რომ რუსეთი რესურსებით მეტად მდიდარი და შესაბამისად, უკეთესი პარტნიორია.

ერთი და იმავე მიზნით შექმნილი სხვადასხვა ხელსაწყოს განსახვავებული შედეგი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ჰანი ფარიდმა ბრიტანულ ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციას, Logically Facts უთხრა, რომ გავრცელებული აუდიო არ წარმოადგენს მარტივი ხმის კლონირების მაგალითს. როგორც ფარიდი ამბობს, მუშაობას ართულებდა აუდიოში ორი პირის მონაწილეობა და ხმების ურთიერთქმედება. ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ არ უკვირს რთულად ამოსაცნობი ყალბი ვიდეოების გავრცელება, რადგან ტექნოლოგიები უმჯობესდება და მოწინააღმდეგეც უფრო დახვეწილი ხდება AI ინსტრუმენტების გამოყენებაში.
ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჩანაწერი და ცნობა, თითქოს დონალდ ტრამპ უმცროსი რუსეთის შეიარაღებასა და მასთან პარტნიორობაზე საუბრობს, ყალბია. აუდიოს ნამდვილობას როგორც ტრამპის წარმომადგენლები უარყოფენ, ასევე დასტურდება ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოებითაც. დონალდ ტრამპ უმცროსი უკრაინის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა. მას უკრაინის პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი პოსტი არაერთხელ გაუვრცელებია და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მამის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტასთანაც დაუკავშირებია. ტრამპ უმცროსი სოციალურ ქსელში მკვეთრად ეწინაამდეგებოდა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებასაც, უკრაინისთვის ნება მიეცა ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოეყენებინა. გასული წლის ბოლოს ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას რუსეთ-უკრაინის დასრულების საშუალებად კი უკრაინისთვის ფინანსებისა და იარაღის მიწოდების შეჩერება დაასახელა.
პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით ხშირად ვრცელდება ხმის ჩანაწერები, რომელთა ნაწილიც ყალბია. ბოლო პერიოდში “მითების დეტექტორმა” ორი ასეთი ჩანაწერი შეისწავლა. გასულ კვირას დაინტერესებული აქტორები უკრაინის პრეზიდენტის ჩანაწერსაც ავრცელებდნენ, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასაწყისში საკუთარი მშობლების ქვეყნიდან გაყვანის შესახებ საუბრობდა. ძირითადად, ჩანაწერებში ხარვეზების, დამუშავების კვალის ამოცნობა შესაძლებელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქმედი პირები კონკრეტულ ენაზე არასრულყოფილად საუბრობენ ან ხმა ავტორისას არ ჰგავს, რაც თავიდანვე ეჭვს აჩენს მის ნამდვილობაზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.






















