9 აგვისტოს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო, რომელიც, ავტორის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, კობა ნაყოფიას რუსულ პასპორტს ასახავს.
ფოტო იმავე მტკიცებით სოციალურ ქსელში 2022 და 2023 წლებშიც ვრცელდებოდა (1;2;3;4;5;6).
დოკუმენტი, რომლითაც ამტკიცებენ, რომ კობა ნაყოფიას რუსული პასპორტი აქვს, გაყალბებულია. ფოტოს რედაქტირების კვალი ეტყობა და ხარვეზებსაც შეიცავს. ორიგინალი დოკუმენტი, რომელშიც ნაყოფიას მონაცემების ნაწილი ჩასვეს, კრემლის პროპაგანდისტ სერგეი ზენინს ეკუთვნის. “მითების დეტექტორმა” დამატებით იუსტიციის სამინისტროში გადაამოწმა, რომ კობა ნაყოფიას მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებაზე ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება.
-
რა ვიცით გავრცელებულ დოკუმენტზე?
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც, ავტორების მტკიცებით, ნაყოფიას ეკუთვნის, პირადი მონაცემების, მათ შორის, პასპორტის ნომრის ამოკითხვაა შესაძლებელი. აღნიშნული მონაცემების ძებნას დოკუმენტის ორიგინალ ვერსიამდე მივყავართ, რომელიც არა ნაციონალური მოძრაობის წევრს, არამედ კრემლის პროპაგანდისტ სერგეი ზენინს ეკუთვნის. დოკუმენტი, რომლიც რედაქტირებულ ვერსიაშიც ფოტო, დაბადების ადგილი, სახელი, გვარი და დაბადების წელია შეცვლილი, უკრაინულ ვებ-საიტებზე იძებნება (1;2). ზენინის, როგორც “რუსი სამხედრო დამნაშავის” მონაცემები საჯაროდ არის გამოქვეყნებული Myrotvorets-ის, უკრაინული არასამთავრობო ცენტრის ვებ-საიტზე, რომელიც აზიარებს იმ ადამიანების პირად მონაცემებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ადამიანების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის.
ორი დოკუმენტის შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რედაქტირებულ ვერსიაში, რომელიც თითქოსდა ნაყოფიას ეკუთვნის, შეცვლილია სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, დაბადების წელი და ფოტო. ორ დოკუმენტში ერთმანეთს ემთხვევა ხელმოწერა, პასპორტის გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და პასპორტის ნომერი. აღსანიშნავია, რომ გაყალბებულ დოკუმენტში ერთ-ერთი ხელმოწერა შეცვლილია, კონკრეტულად, რუსულ ასო З-ს თავის ნაწილი წაშლილი აქვს, ისე, რომ ასო ქართულ კ-ს დაემსგავსოს.
ზენინის პასპორტი და სოციალურ ქსელში გავრცელებული დოკუმენტი
მსგავსებები ზენინის დოკუმენტსა და გაყალბებულ დოკუმენტში
გარდა ამისა, ფოტოს ეტყობა დამუშავების კვალი. მაგალითად, ის ტექსტი, რომელიც ფოტოზე დამატებულია (სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი) განსხვავებული შრიფტით არის დაწერილი და ფერი მეტად მკვეთრია.
გაყალბებულ დოკუმენტში გვხვდება ხარვეზებიც. მაგალითად, ნაყოფიას დაბადების თარიღი არა 22 ივნისია, როგორც ეს დოკუმენტშია ჩაწერილი, არამედ 22 თებერვალი (1;2). გარდა ამისა, პოლიტიკოსი არა გაგრაში, არამედ გალშია დაბადებული.
-
კობა ნაყოფიას კომენტარი და იუსტიციის სამინისტროს პასუხი
“მითების დეტექტორი” კობა ნაყოფიას დაუკავშირდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის პასპორტი არასოდეს ჰქონია და ადასტურებს, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. მისივე სიტყვებით, ფლობდა რუსეთში ბინადრობის ნებართვას, რომელიც პირველად 5 წლის ვადით 1999 წელს აიღო, ხოლო მეორედ, ვადის გასვლის შემდეგ, 2004 წელს. მისი თქმით, მეორე დოკუმენტს ვადა 2009 წელს გაუვიდა, თუმცა ის აღარ განუახლებია.
“რუსეთის მოქალაქე თუ ვიყავი, ბინადრობის მოწმობა ხომ არ დამჭირდებოდა? ბინადრობის უფლება მქონდა, იმიტომ, რომ მე იქ მქონდა და მაქვს უძრავი ქონება. ბინადრობის მოწმობით ვთავისუფლდებოდი იმ დიდი წნეხისგან, რომელსაც ერქვა რეგისტრაცია და უნდა მეკეთებინა 3 თვეში ერთხელ. ძალიან კორუმპირებული სისტემა იყო, უნდა მისულიყავი, ფული გადაგეხადა და გეგროვებინა რაღაც დოკუმენტები”. – გვითხრა მან.
როგორ პოლიტიკოსი ამბობს, ამჟამად რუსეთში ბინადრობის ნებართვასაც არ ფლობს, თუმცა მოსკოვში აქვს ბინა, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაშიც არის ასახული.
კობა ნაყოფია მოსკოვში 1992 წლიდან 2004 წლებში ცხოვრობდა. როგორც მან თქვა, ბინადრობის შესახებ დოკუმენტი პირველად 1999 წელს აიღო, ხოლო განახლებულ დოკუმენტს ვადა 2009 წელს გაუვიდა. საქართველოს მოქალაქობის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლში აღნიშნულია, რომ პიროვნება დაკარგავს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. (გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც პიროვნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე ან როცა არასრულწლოვანი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას დაბადებით იღებს). გასარკვევად, იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე 1999-2009 წლებში კობა ნაყოფია, “მითების დეტექტორმა” იუსტიციის სამინისტროს მიმართა. უწყებიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ პოლიტიკოსი აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქედ ითვლებოდა.
“სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, კობა ნაყოფია, 1999-2009 წლებში ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. ამავდროულად, გაცნობებთ, რომ კობა ნაყოფიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, ან/და მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ ინფორმაცია, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული”. – მივიღეთ პასუხი იუსტიციის სამინისტროდან.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფია რუსეთის მოქალაქეობას აიღებდა, მას საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეკარგა, რასაც უარყოფს იუსტიციის სამინისტროს პასუხი. გარდა ამისა, 21-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის მიხედვით, სხვა შემთხვევაში, მას სახელწიფოსთვის უნდა მიემართა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა სამინისტროს პასუხში ვკითხულობთ იმასაც, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ ბაზაში დაცული არ არის.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელი David Tordia ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” წარსულში მის მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაციული პოსტი აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.