9-12 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მათ შორის, დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა Лео Юстюгова-მ, გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში 2026 წლის 1 იანვრიდან დასაქმებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარება იქნება აუცილებელი. მათ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე დატანილია ტექსტი: “რუსული გენის მქონე კანდიდატებს არ შეეძლებათ ლიდერის თანამდებობების დაკავება არც სამოქალაქო და არც სამხედრო სფეროებში. ისინი შემოიფარგლებიან დაბალანაზღაურებადი, დაბალკვალიფიციური სამუშაოებით”. ერთ-ერთ პოსტში წყაროდ უკრაინული გამოცემა Unian-ია მოხსენიებული.

გავრცელებული ცნობა, თითქოს უკრაინაში მუშაობის დასაწყებად დნმ-ის ტესტის ჩატარებაა აუცილებელი, დეზინფორმაციულია. UNIAN-ის ოფიციალურ გვერდსა და სხვა ღია წყაროებში აღნიშნული ინიციატივისა თუ კანონის შესახებ არაფერი იძებნება.
ერთ-ერთ პოსტში მითითებულია, რომ ინფორმაცია უკრაინულმა მედიასაშუალება Unian-მა გაავრცელა. აღნიშნულ კანონზე ინფორმაციის მოძიება მედიის ვებ-საიტზე ვცადეთ, თუმცა მსგავსი შინაარსის სტატია Unian-ს არ გამოუქვეყნებია.
გარდა ამისა, ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინაში არსებობს კანონი ან ინიციატივა, რომლითაც 2026 წლიან იანვრიდან დნმ-ის ტესტის ჩატარება დასაქმების აუცილებელი წინაპირობა იქნება, ღია წყაროებით არ იძებნება – მსგავსი შინაარსის მასალა არც სხვა უკრაინულენოვან მედიასაშუალებებს დაუწერიათ (1;2).
განხილულ მსგავს კანონზე ინფორმაცია არც უკრაინის უმაღლესი რადას ვებ-საიტზე არ იძებნება. ასევე არ იძებნება განცხადება, რომ ამ შინაარსის კანონზე ხელი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დნმ-ის ტესტს ხშირად იყენებენ დაკარგული ან ფრონტზე დაღუპული ადამიანების ინდეტიფიცირებისთვის. დაკარგული ნათესავების იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარება ქვეყნიდან წასულ უკრაინელებს საზღვარგარეთაც შეუძლიათ.
გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტის მიზანია წარმოაჩინოს, რომ უკრაინაში დისკრიმინაციული კანონები მოქმედებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში მოქმედებს დისკრიმინაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კანონი, რომელიც იცავს უსამართლო მოპყრობისგან სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის რასის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის და სხვა.
მოამზადა ბარბარე ხურციძემ
“მითების დეტექტორის ლაბორატორია”
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















