15 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3), რომელშიც ასახულია პატარა ზომის მოძრავი დინოზავრი. ვიდეოზე და პოსტებზე გაკეთებული განმარტებების მიხედვით, ეს არის პირველი დინოზავრი, რომელიც ძვლის უჯრედისგან აღადგინეს. ერთ-ერთი ფეისბუქ ანგარიშის მტკიცებით, მონღოლეთის გობის უდაბნოში მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაუზიანებელი ბარძაყის ძვალი, რომელიც ეკუთვნოდა დინოზავრის გვიანდელ სახეობას. ამ აღმოჩენის წყალობით მათ მოახერხეს დინოზავრის სრული რეკონსტრუქცია და ის საზოგადოებას პირველად 2025 წლის მარტში წარუდგინეს.
ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში არა რეალური დინოზავრი, არამედ მსგავსი ვიზუალის რობოტია ასახული. ის არის Jurassic World Exhibition-ის ნაწილი, რომელიც ამ სახელწოდების ფილმზეა დაფუძნებული და დამთვალიერებელს სთავაზობს მრავალი სახეობის დინოზავრის მექანიკური ვერსიის ნახვის შესაძლებლობას.
Jurassic World, რომელიც მაყურებელმა პირველად 2015 წელს იხილა, დინოზავრების შესახებ გადაღებული ფილმი და საკულტო ტრილოგიის Jurassic Park-ის სამყაროს ნაწილია. ფრენჩაიზის სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერები გაყინულ პრეისტორიულ მწერს იპოვნიან და მასში შენახული დინოზავრების დნმ-ის მეშვეობით, კლონირების მეთოდის გამოყენებით ქმნიან მათ მრავალ სახეობას და განცალკევებულ კუნძულზე დინოზავრების პარკს აშენებენ. აღნიშნულ ფილმებს მილიონობით ფანი ყავს, რაც გახდა კიდეც Jurassic World Exhibition-ის (JWE) შექმნის საფუძველი. ეს არის ერთგვარი ტურისტული ატრაქციონი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს და იქ დროებით ქმნის ფილმებში ნაჩვენები პარკის იმიტაციურ გარემოს. მსურველებს შეუძლიათ თანხის სანაცვლოდ ეწვიონ პარკს და გარკვეულ დონეზე თავი იგრძნონ ისეთ გარემოში, როგორიც მათ საყვარელ ფილმებში უნახავთ. JWE, რომლის პირველი გამოფენა 2016 წელს მელბურნში შედგა, სტუმრებს სთავაზობს მრავალი სახეობის დინოზავრის მექანიკურ ვერსიებს, ანუ ანიმატრონიკებს. ისინი ვიზუალურად საკმაოდ გვანან ნამდვილებს და მათი სხეულის თუ პირის მოძრაობებიც მაქსიმალურად არის განვითარებული ისე, რომ წარმოსახვაში ხალხმა ისინი აღიქვას, როგორც რეალური, ცოცხალი არსებები.
ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები დინოზავრი, სწორედ Jurassic World Exhibition-ის ნაწილია და წლების მანძილზე ის არაერთხელ გამოჩენილა სხვადასხვა ვიდეოში. გამოფენა სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის ერთ-ერთი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში 4 აპრილს დაიწყო. ადგილობრივი ბლოგერები ესტუმრნენ გასართობ პარკს და მათი გამოცდილების ამსახველი ვიდეო იუთუბზე ატვირთეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს და JWE-ს გამოფენის კადრებზე დაკვირვებით დასტურდება, რომ ისინი ერთი და იგივე შენობაშია გადაღებული, კერძოდ, პარკის ერთ-ერთ ნაწილში, რომელსაც “ჰამონდის შემქმნელი ლაბორატორია” ეწოდება და მისი ძირითადი ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიებების დროს უცვლელი რჩება.





სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.