12 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი მუსლიმების საჩივრების გამო, 100 წლის შემდეგ პირველად ზარების რეკვას კრძალავს. პოსტს თან ერთვის ფოტო itv news-ის სიუჟეტიდან, სადაც ახალი ამბის სათაურს ვკითხულობთ: “ხმაურთან დაკავშირებული საჩივრების გამო, 100-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, ეკლესიის ზარებმა რეკვა შეწყვიტეს.”
12 ივნისს იგივე შინაარსის პოსტი რამდენიმე რუსულენოვანმა ანაგარიშმაც (1,2) გამოაქვეყნა, ისინი ზარების რეკვის აკრძალვას მუსლიმების საჩივრებს მიაწერენ, რასაც “ევროპული ცივილიზაციის დაღმასვლად” აფასებენ.
დეზინფორმაციაა, თითქოს დიდი ბრიტანეთი ზარების რეკვას კრძალავს და ეს მუსლიმი მოსახლეობის საჩივრის გამო მოხდა. რეალურად, ზარების რეკვა დროებით შეწყდა ერთ კონკრეტულ ეკლესიაში, დასავლეთ იორკშირის ტაძარში, მას შემდეგ, რაც ადგილობრივების ნაწილმა ზარების ხმის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. არც ერთი მედიასაშუალება, რომელმაც ეს ამბავი გააშუქა, საჩივრებს მუსლიმ მოსახლეობას არ უკავშირებს.
itvcalendar-ისა და itvnews-ის სიუჟეტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ეკლესიის ზარები აქამდე ყოველ 15 წუთში რეკავდა. მას შემდეგ, რაც სამმა ადგილობრივმა უკმაყოფილება გამოთქვა ზარების ხმის გამო, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ზარების რეკვა შეეწყვიტათ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საათის ძველი მექანიზმი ამის საშუალებას არ იძლევა, მოუწიათ დროებით სრულად შეეწყვიტათ ზარების რეკვა.
სინამდვილეში დიდ ბრიტანეთში ზარების რეკვა არ აკრძალულა, კონკრეტული ეკლესიის შემთხვევაში, itvnews-ის თანახმად, ადგილობრივებმა გამოსავალი მოძებნეს და საათისთვის ახალი მექანიზმი შეუკვეთეს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ზარების რეკვა ნებადართულ საათებში აღადგინონ. არც itvcalendar-ი და itvnews-ი ზარების რეკვის შეწყვეტას მუსლიმებს არ უკავშირებს.
ამბავი სხვა წყაროებმაც გააშუქეს, მათ შორის The Тelegraph-მა, Daily mail-მა და ადგილობრივმა გამოცემამ, Yorkshire Live-მა, თუმცა უკმაყოფილო ადგილობრივების ვინაობა და მათი რელიგიური მიკუთვნებულობა არც ერთგანაა ნახსენები.
LBC NEWS-ის სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ადგილობრივების ნაწილი ზარების რეკვას მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ტრადიციად აღიქვამს და მიაჩნიათ, რომ ზარების რეკვა უნდა აღდგეს და გამოინახოს გამოსავალი, რომელიც ორივე მხარის სურვილის დააკმაყოფილებს.
მოამზადა თამუნა ტალახაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.