3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Еduard Jishkariani თურქულ მედიაზე Оdatv-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანიამ Film Heritage Inc. კვიპროსში სასტუმრო და კაზინო იყიდა. 3 ივნისს ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც Аргументы и Факты გამოაქვეყნა. ინფორმაცია, რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3).
სასტუმროს ყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. კვიპროსის პრეზიდენტმა, უკრაინის საელჩომ კვიპროსში და სასტუმროს მფლობელმა კომპანიამ ზელენსკის ან მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ სასტუმროს შესყიდვის შესახებ ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, საიტი, რომელიც ზელენსკის სასტუმროსთან კავშირზე მიუთითებდა სასტუმროს კლონირებული და გაყალბებული ვებ-საიტია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებამდე 3 დღით ადრე შეიქმნა.
თურქულმა გამოცემა Оdatv-მ ზელენსკის მფლობელობაში მყოფი კომპანიის მიერ კვიპროსში სასტუმროსა და კაზინოს შესყიდვის შესახებ ინფორმაცია 1 ივნისს გაავრცელა. ამჟამად სტატია მედიის გვერდიდან წაშლილია და მისი მხოლოდ საარქივო ვერსიებია ხელმისაწვდომი. Оdatv-ს თავის სტატიაში რაიმე სახის მტკიცებულება მითითებული არ ჰქონდა.
4 ივნისს გავრცელებულ ცნობებს კვიპროსში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო. საელჩომ აღნიშნა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი უკრაინის დისკრედიტაცია და კვიპროსსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვაა.
“დაჟინებით ვთხოვთ მკითხველებს და მედიის წარმომადგენლებს ენდონ მხოლოდ სანდო წყაროებს და უფრთხილდნენ მანიპულაციასა და რუსულ პროპაგანდას” – ნათქვამია განცხადებაში.
მედია Cyprus Mail-თან კომენტარში ინფორმაცია უარყო სასტუმროს რეალური მფლობელი კომპანიის, Oscar Group of Companies წარმომადგენელმაც. მან დაადასტურა, რომ სასტუმრო კვლავ Oscar Group of Companies მფლობელობაშია და ზელენსკი ამ კომპანიასთან კავშირი არ აქვს.
გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ასევე გააკეთა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ხრისტოდულიდესმა და აღნიშნა, რომ ზელენსკის მიერ კვიპროსში საკუთრების შეძენის ფაქტი არ დასტურდებოდა.
ხრისტოდულიდეს: “კვიპროსის რესპუბლიკის უწყებებმა საკითხი გამოიძიეს. ვიმეორებ, რომ არაფერი მსგავსი არ გამოვლენილა. როცა სხვა ქვეყნებთან და სამსახურებთან თანამშრომლობით დაწყებული გამოძიება დასრულდება, მეტის თქმა შეგვეძლება, თუმცა აქ მოსვლამდე 5 წუთით ადრე, ინფორმირებული ვიყავი, რომ არაფერი მსგავსი არ გამოვლენილა.”
აღსანიშნავია, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ Lenta, Газета.ru ეს ინფორმაცია, სწორედ გამოძიების მიმდინარეობაზე აქცენტით გააშუქა. თავის სტატიაში Цариград-ი მიანიშნებს, რომ ზელენსკის უკრაინიდან კვიპროსზე გაქცევის გეგმა აქვს, Регнум-ი კი წერს, რომ ფული, რომლითაც უკრაინას დასავლეთი ეხმარება ძვირადღირებული ქონების შესყიდვაზე იხარჯება. არც ერთი გამოცემა, არ აღნიშნავს, რომ ზელენსკის მიერ სასტუმროს შესყიდვა სასტუმროს მფლობელმა კომპანიამაც უარყო.
სასტუმროს ყალბი ვებ-საიტი
აღნიშნული დეზინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ბერძნულენოვან წყაროებშიც. კვიპროსის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელი აღნიშნავს, ბერძნულენოვან წყაროებში ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილი იყო Vuni Palace-ის ვებ-საიტი casinohotelvunipalace.com, რომელზეც მითითებულია, რომ ვებ-საიტი Film Heritage Inc.-ს ეკუთვნის, კომპანიას, რომელიც Pandora Papers-ის თანახმად, ზელენსკისთან და მის ცოლთან არის დაკავშირებული. თუმცა რეალურად ეს ვებ-საიტი ყალბია და ინფორმაციის გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა, სავარაუდოდ, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით.
საინტერესოა ისიც, ინტერნეტ არქივის საიტზე, WayBack Machine-ზე სასტუმროს ყალბი ვებ-საიტის რამდენიმე ვერსიაა შენახული, პირველი 29 მაისს საიტის შექმნის დღეს არის დაარქივებული და ამ ვერსიაში კომპანია Film Heritage Inc. მითითებული არ არის. უკვე მომდევნო დღეებში 3 და 4 ივნისს საიტის დაარქივებულ გვერდებზე კი ეს ინფორმაცია მითითებულია.
სასტუმროს რეალურ ვებ-საიტზე, www.vunipalacehotel.com-ზე, Film Heritage Inc.-ის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.
გავრცელებული დეზინფორმაცია ასევე გადაამოწმეს და უარყვეს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და უსაფრთხოების ცენტრმა Spravdi და ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა პლატფორმამ Snopes-მა.
უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით მის ქონებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ გებელსის ყოფილი ვილა შეიძინა
- ვის ეკუთვნის HIGHGROVE-ის სასახლე – ვოლოდიმირ ზელენსკის თუ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს?
- ფლობს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში $35 მილიონიან ვილას?
- რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში “Eduard Jishkariani” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.
არქივის ბმულები: Odatv, Lenta, Casinohotelvunipalace, Газета.ru, Регнум, ფეისბუქ პოსტები (1,2)
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.