29 სექტემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ვერა-ციცინო ხარაბაძემ და ფან ტინა-მ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის შესახებ ვიდეო გაავრცელეს. ავტორები ამტკიცებენ, რომ კადრები ჰარისისა და დაკავებული რეპერის, P. Diddy-ის ურთიერთობას მოწმობს.
სოციალურ ქსელში კამალა ჰარისის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. კაცი, რომელიც მასთან ერთად ჩანს, არა დაკავებული რეპერი P. Diddy, არამედ ტელეწამყვანი მონტელ უილიამსია.
ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ინგლისური წარწერა აქვს – “კამალა ჰარისის ტვიტები Diddy-ის შესახებ და რომანტიკული ურთიერთობის ისტორია კვლავ ამოტივტივდა”. აღნიშნული ვიდეო Daily Mail-მა 24 სექტემბერს გამოაქვეყნა.
რეალურად, კაცი, რომელიც კადრებში ჩანს, არა რეპერი P. Diddy, არამედ ტელეწამყვანი მონტელ უილიამსია. ვიდეო რამდენიმე წლის წინ ამერიკულმა მედია Inside Edition-მა გაავრცელა. კადრები გადაღებულია 2001 წელს Race to Erase MS-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მკურნალობაზე კონცენტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა. 2019 წელს მონტელ უილიამსმა X-ზე დაადასტურა, რომ ის და ჰარისი ერთმანეთს 20 წლის წინ ხვდებოდნენ და არცერთს არ ჰქონდა პარალელურად სხვასთან ურთიერთობა. უილიამსი დაინტერესდა, დაწერდნენ თუ არა ჰარისის რომანტიკული ურთიერთობების შესახებ სტატიებს მაშინაც, ის რომ კაცი ყოფილიყო. აღნიშული ვიდეო წარსულშიც ვრცელდებოდა, მტკიცებით, თითქოს კამალა ჰარისი ელიტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა.
ვიდეო: Inside Edition
რაც შეეხება ჰარისის “ტვიტებს”, რომლებიც ვიდეოზე დატანილ ტექსტშია ნახსენები, მედიამ P. Diddy-ის დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის 2020 წლის X-ზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ის რეპერს მადლობას უხდის. ჰარისმა Diddy-ის მადლობა გადაუხადა ონლაინ ღონისძიების მასპინძლობისთვის, რომელიც ეხებოდა კოვიდ პანდემიას და საკითხს, თუ როგორ გამოავლინა აშშ-ში კრიზისმა რასობრივი უთანასწორობა. როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-ი წერს, აღნიშული განცხადების გარდა, მათ ვერ მიაკვლიეს ჰარისისა და რეპერის ურთიერთობის სხვა საჯარო მტკიცებულებას.
რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. სექტემბერში პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი, რომელშიც სხვადასხვა დროს წვეულებებს მართავდა. ადგილიდან ამოიღეს ნივთები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორგიების (Freak Outs) დროს გამოყენებისთვის იყო გამიზნული – მათ შორის, ნარკოტიკები და საბავშვო ზეთის 1 000-ზე მეტი ბოთლი. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს. წარსულში შონ კომბსს სექსუალურ ძალადობაში ბრალი არაერთმა ქალმა დასდო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.