8-11 თებერვალს ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა ოშადბანკმა დაიწყო იმ კლიენტების ბარათების დაბლოკვა, რომლებიც თავს არიდებენ საყოველთაო გაწვევას და არ გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში. ამის მტკიცებულებად, პოსტების ავტორებმა ატვირთეს ოშადბანკისგან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ფოტო, რომელშიც წერია: “თქვენი ბარათი დაბლოკილია სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში გამოუცხადებლობის გამო”.
მტკიცება, თითქოს უკრაინული ბანკი ოშადბანკი მის მომხმარებლებს ბარათებს უბლოკავს სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობის გამო, დეზინფორმაციულია. გავრცელებული ცნობები ბანკის წარმომადგენლებმა უარყვეს. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე მსგავსი ქმედება უკანონოა.
ოშადბანკის ბორდის თავმჯდომარე სერგი ნაუმოვმა პირად ტელეგრამ ანგარიშზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, ეს არის მტრის (რუსეთის) მიერ განხორციელებული ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი.
იმის დასაზუსტებლად ნამდვილად გაგზავნა თუ არა ოშადბანკმა მსგავსი შეტყობინებები, ფაქტების გადამმოწმებელი უკრაინული ორგანიზაცია “Stopfake” დაუკავშირდა ბანკის პრესსამსახურს, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ოშადბანკი არ აგზავნის მსგავსი სახის განცხადებებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჟამად კანონის მიხედვით ბანკებს არ აქვთ უფლება მომხმარებლებს დაუბლოკონ ანგარიში, სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდების გამო. 2023 წლის 25 დეკემბერს უკრაინის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ასეთი პირებისათვის ფინანსური შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, თუმცა მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული პროტესტის გამო კანონპროექტი მალევე გაიწვიეს.
უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იეჰორ ჩერნევმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა ახალ კანონპრექტზე. მიუხედავად, იმისა, რომ ამჟამად სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდება ისჯება ადმინისტრაციული და კრიმინალური მუხლებით, ახალ კანონპროექტში შესაძლოა სასჯელის სახით ეკონომიკური ზომებიც დაემატოს.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი Victor Ruszov ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი ფაქტების გადაამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მონიშნულია მცდარ ინფორმაციად.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.