განახლება: მასალის შესავლიდან ამოღებულია Россикая Газета-ს სტატია, რომელიც 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდა და სხვა ვიდეოს ეხებოდა.
15 იანვარს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს (1;2) ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მსროლელი ბატალიონის თითქმის მთლიანი შემადგენლობა უარს ამბობს პოზიციებზე გასვლის ბრძანების შესრულებაზე. პოსტებს თან ახლავს ვიდეოც.
15-16 იანვარს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეოთხე სატანკო ბრიგადის პირველი მსროლელი ბატალიონის თითქმის 90%-მა ბრძანება არ შეასრულა, იმავე ვიდეოს თანხლებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმაც (1,2,3,4,5) გააშუქეს, მათ შორის რუსეთის პირველმა არხმაც (1,2). იდენტური ვიდეოები გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2,3).
ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადის პირველი მსროლელი ბატალიონის შემადგენლობის უმეტესობამ ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა, დეზინფორმაციაა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ბრიგადის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ვიდეოებში არ არის ნახსენები კონკრეტული ბრიგადა ან ბატალიონი ან ადგილმდებარეობა, თუ სად არიან სამხედროები განლაგებული. ვიდეოში სამხედროების უმეტესი ნაწილი ასახელებს საკუთარ თავს და იმეორებს სიტყვას “უარს ვამბობ”. ერთ-ერთი სამხედრო აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურზე უარს არ ამბობს, რამდენიმეს თქმით კი უარს ამბობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კონკრეტულად რასთან დაკავშირებით საუბრობენ ისინი, აღნიშნული ვიდეოდან გაუგებარია.
ინფორმაციის გადამოწმებისთვის “მითების დეტექტორი” უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადას დაუკავშირდა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ბრიგადის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბრიგადა საბრძოლო დავალებებს კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით და ავდიივკაში ასრულებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო ბრიგადა: “ეს ინფორმაცია არ არის მართალი, ვიდეო კი სოციალური ქსელებიდან არის აღებული და გასულ წელსაც ვრცელდებოდა ინტერნეტით. ბრიგადა წარმატებით ასრულებს საბრძოლო დავალებებს კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით და ავდიივკაში”.
გავრცელებული ვიდეოებიდან რამდენიმეზე ჩანს უკრაინელი პროპაგანდისტი პოლიტოლოგის და ბლოგერის ალექსანდრ სემჩენკოს ტელეგრამ-არხის @AleksandrSemchenko მისამართი. თავის ტელეგრამ-არხზე სემჩენკო აქტიურად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. სემჩენკოს უკრაინის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ჯერ კიდევ 2021 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც, Россия 1–ის ეთერში ის აცხადებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატო-სთან თანამშრომლობით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის ჩასახშობად წვრთნებს ატარებდნენ. მაშინ ეს ინფორმაცია, უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ StopFake-მა უარყო.
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში პოზიციების მიტოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა:
- დეზინფორმაცია, თითქოს ავდიივკაში უკრაინის 110-ე მექანიზებული ბრიგადის მე-3 ბატალიონი მეთაურებმა მიატოვეს
- აქვს თუ არა 115-ე ბრიგადას საკმარისი შეიარაღება და ვინ თქვა ბრძოლაზე უარი?
არქივის ბმულები: Первый канал (1,2), ZOV Запорожие, ZOV Бердянск, ZOV Херсон, Россикая Газета
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.