30 სექტემბერს კრემლისტური “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” კონსერვატიული მოძრაობის წევრმა, მიხეილ დარსაველიძემ რეპერ Diddy-ის დაკავებასა და დანაშაულში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის მონაწილეობაზე ისაუბრა. როგორც გადაცემის რესპონდენტი ამტკიცებს, ბრალდებულს შენახული ჰქონდა კადრები, რომლებიც მომხდარ “უმსგავსობებს” ასახავდა და მასში აშშ-ის პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული პირები მონაწილეობდნენ – მათ შორის, ჰარისიც.
მიხეილ დარსაველიძე (51:30): ჩემი პირადი აზრია, რატომ გახდა ეს ყველაფერი დღეს სააშკარაოდ გამოტანილი? იქ ისეთ ადამიანებზე მიდგა საუბარი, იქ ისეთ პიროვნებებზე მიდგა საუბარი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა… დღევანდელ პოლიტიკაში პირდაპირ არიან ეს ადამიანები ჩართული აშშ-ში, მათ შორის, სხვათა შორის, საუბარია კამალა ჰარისზე, რომელიც ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია აშშ-ის. ასე რომ, აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს ეს არ გამორჩენიათ ყურადღებიდან და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ის კადრები, რაც არის შენახული და გადანახული, უმსგავსობების მოხდენის შემდეგ, შეიძლება ის ყოფილიყო გასაჯაროვებული და საჯარო სივრცეში დადებული, ამიტომ, მათ, პირველ რიგში, ჩემი აზრით, ამიტომ ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია და დაიჭირეს ის ადამიანი.
მთავარი აქ ის არის, რომ აქ იყო გათხვრილი მთელი ამერიკული პოლიტ-ელიტა, ის ადამიანები, ვისაც ამერიკაში კონკრეტულად რაღაც პრეტენზიები აქვთ კონგრესში, გუბერნატორის თანამდებობებზე და, წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტიც კი იყო ამ ყველაფერში გათხვრილი და, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემდა ამ კადრებს გასაჯაროვების საშუალებას. როცა ისინი იმ სახლში მივიდნენ, საიდანაც ამოიღეს ეს ყველაფერი, დამადასტურებელი საბუთები, იქედან წაიღეს ათასობით ფაილი, ვიდეო ჩანაწერები, სადაც იყვნენ ეს ადამიანები ასახული”.
“ალტ-ინფოს” ეთერში გავრცელებული მტკიცება, თითქოს პოლიციამ ამოიღო P. Diddy-ის მიერ შენახული კადრები, სადაც კამალა ჰარისიც მონაწილეობდა, დეზინფორმაციულია. მსგავსი ინფორმაცია საგამოძებო უწყებებს არ გაუვრცელებიათ, შესაბამისად არ არსებობს არც იმის მტკიცებულება, რომ კამალა ჰარისი ან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეპერთან ერთად დანაშაულებში ფიგურირებენ.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კამალა ჰარისი დაკავებული რეპერის, P. Diddy-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებებში იღებდა მონაწილეობას ან იმ დანაშაულის თანამომაწილე იყო, რომლის ჩადენასაც რეპერს ედავებიან, ღია წყაროებით არ დასტურდება. ინფორმაცია არ გაუვრცელებია ადგილობრივ მედიას (1;2;3), რომელიც აქტიურად აშუქებს P. Diddy-ის საქმეს. გარდა ამისა, ღია წყაროებით არ იძებნება მტკიცებულება, რომ რეპერსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს წარსულში ურთიერთობა ჰქონდათ ან ჰარისი კრიმინალურ საქმეებში იყო ჩართული. ამის შესახებ ინფორმაცია PolitiFact-მაც გადაამოწმა.
პოლიციამ P. Diddy-ის სახლში ჩხრეკა მარტში მოაწყო. მედიის ინფორმაციით, ამოიღეს ნივთები, რომლებიც ორგიების (Freak Offs) დროს გამოიყენებოდა, მათ შორის, ნარკოტიკები და 1 000-ზე მეტი საბავშვო ზეთის ბოთლი. მედია ასევე წერდა იარაღის პოვნის შესახებ. რაც შეეხება კადრებს, პროკურორების ცნობით, შონ კომბსი აწყობდა ბევრად უფრო “ბნელ საღამოებს”, რომლის დროსაც ნარკოტიკების გამოყენებით აიძულებდა სხვებს, მონაწილეობა მიეღოთ სექსუალურ აქტებში, რომელსაც იწერდა. სანდო წყაროებით, ადგილობრივი მედიით არ გაშუქებულა, რომ რაიმე კადრებით Freak Off-ებში ჰარისის ან სხვა პოლიტიკოსების მონაწილეობა დასტურდება.
- Diddy-ის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში ჰარისის 2020 წელს წლის პოსტი გავრცელდა. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის რეპერს მადლობას უხდის ონლაინ ღონისძიების მასპინძლობისთვის, რომელიც ეხებოდა კოვიდ პანდემიას და საკითხს, თუ როგორ გამოავლინა აშშ-ში კრიზისმა რასობრივი უთანასწორობა. თუმცა, ამ პოსტის გარდა მათი ურთიერთობის მტკიცებულება ღია წყაროებით არ იძებნება.
რეპერი P. Diddy, იგივე შონ კომბსი ნიუ-იორკში 17 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ქალების გატაცებაში, მათ ნარკოტიკებით მოწამვლასა და სექსუალური აქტივობის იძულებაში (ზოგჯერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ძალადობის მუქარით) ედება. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
“მითების დეტექტორმა” ასევე გადაამოწმა P. Diddy-ისა და კამალა ჰარისის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციული მტკიცება, რომლის მიხედვითაც მათ წარსულში რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. რეპერის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ამბებზე ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- დეზინფორმაცია, თითქოს ვიდეოში კამალა ჰარისი P. Diddy-სთან ერთად არის ასახული
- სოციალურ ქსელში რეპერ P. Diddy-ზე ჯასტინ ბიბერის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
- ნიუ-იორკის მერის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს P. Diddy-სთან კავშირი არ აქვს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.