15 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა Георгий Кушиташвили უკრაინაში ნატოს გენერლის გარდაცვალების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.
იდენტურ ინფორმაციას 2024 წლის მარტში რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლებიც (1,2,3,4) ავრცელებდნენ. 27 მარტს rg.ru-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ნატოს გენერალი მარჩაკი შესაძლოა მომკვდარიყო ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის “ისკანდერის” თავდასხმის შედეგად ჩასოვ იარის ტერიტორიაზე. tsargrad.tv-ის თანახმად კი ადამ მარჩაკი “ბუნებრივი სიკვდილით” ისკანდერის დარტყმის შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაცია ნატოს გენერლის უკრაინაში გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პოლონელი გენერალი მარჩაკი 2024 წლის მარტში ბელგიის ქალაქ მონსში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ნატოს გენერლის უკრაინაში გარდაცვალების შესახებ ცნობები 2024 წლის მარტში რუსული ტელეგრამ არხების საშუალებითაც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტებში პოლონეთის შეიარაღებული სარდლობის განცხადებაც არის წარმოდგენილი, სადაც ნათქვამია, რომ მარჩაკი ბელგიაში ბუნებრივი მიზეზების გამო გარდაიცვალა, ავტორები სიკვდილის მიზეზად მაინც უკრაინაში, ჩასოვ იარში ჩამოგდებულ “ისკანდერს” ასახელებენ.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ 2024 წლის 26 მარტს მარჩაკის დაღუპვის შესახებ განაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, სამშაბათს, 2024 წლის 26 მარტს, გარდაიცვალა ბრიგადის გენერალი ადამ მარჩაკი, რომელიც მონსში ევროკავშირის ოპერატიული სარდლობის ალთეას შტაბის მეთაური იყო, სადაც ის 2023 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისია დეიტონის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებს და ბოსნია და ჰერცეგოვინაში ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უსაფრთხოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ალთეას შტაბ-ბინა ბელგიის ქალაქ მონსში მდებარეობს, სადაც ოფიციალური განცხადებების თანახმად, მარჩაკი გარდაიცვალა.
მარჩაკის მონსში გარდაცვალებას ასევე ადასტურებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები. 5 აპრილს დეპარტამენტმა გაავრცელა ფოტოები, რომლებიც ბელგიაში კუბოს თვითმფრინავში ჩადების ცერემონიის დროს არის გადაღებული. ოთხი საათის შემდეგ, იმავე გვერდზე გამოქვეყნდა პოლონეთში კუბოს დახვედრის ამსახველი ფოტოები. ესტონური ფაქტების გადამოწმების პლატფორმის Delfi-ის ცნობით, ფოტოებში პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩანს, უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერით – 48D847. თვითმფრინავის გადაადგილებაზე დაკვირვების საშუალებით დადგინდა, რომ თვითმფრინავი 5 აპრილის დილას აფრინდა პოლონეთიდან, დაეშვა ბრიუსელში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, შემდეგ კი გაფრინდა ვარშავისკენ. მარკჩაკი ექვსი დღის შემდეგ პოლონეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ინფორმაცია უკრაინაში რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად პოლონელი გენერლის გარდაცვალების შესახებ პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმაც უარყვეს. FakeHunter ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერის მოადგილეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრიგადის გენერალი ადამ მარჩაკი 2024 წლის 26 მარტს ბელგიაში, მონსში გარდაიცვალა. ამავე წყარომ Konkret24-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია გენერალ ადამ მარჩაკის უკრაინაში გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდა უკრაინაში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ ცნობებს აქტიურად ტირაჟირებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნატოს ან აშშ-ის სამხედრო პირები ტყვედ აიყვანეს ან დახოცეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ომში ოფიციალურად ჩართულ მხარეებად წარმოჩენას ისახავს მიზნად. მსგავსი მტკიცება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკელი გენერალი უკრაინაში სარაკეტო თავდასხმისას გარდაიცვალა
- რას ეყრდნობა ინფორმაცია კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ?
- ვინ ავრცელებს კონსპირაციას აზოვსტალის ქარხანაში არსებული ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორიის შესახებ?
- რეალურად სად და როდისაა გადაღებული ფოტო, რომელსაც ერიკ ოლსონის დაკავების მიაწერენ?
- სად არის კანადელი გენერალი და ასახავს თუ არა AVIA.PRO-ს ფოტო მის დაკავებას?
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცლებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.