დეზინფორმაცია, თითქოს MEGOBARI აქტი და “ქართული ქარტია” სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.9k
VIEWS

7 ივნისს “სეზონი TV-ის” გადაცემაში “დღის შეჯამება” პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ აშშ-ის კონგრესში რეგისტრირებული MEGOBARI აქტისა და სალომე ზურაბიშვილის “ქართული ქარტიის” შესახებ შემდეგი მტკიცებები გააჟღერა: 

  1. ამერიკელებმა  მეგობრობის აქტში ჩაგვიწერეს, რომ 27 ოქტომბერს თუ ჭკუით არ იქნებით, ჩვენ ვიწყებთ გადატრიალებასო.
  2. სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს აქტი, რომელშიც ჩააწერინეს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, მერე მოხდება გადატრიალება, შეიქმნება ტექნიკური მთავრობა და ხელახალი არჩევნები ჩატარდება.

Screenshot 2024 06 17 at 5.27.18 PM დეზინფორმაცია, თითქოს MEGOBARI აქტი და “ქართული ქარტია” სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს

ინფორმაცია, თითქოს MEGOBARI აქტი ან “ქართული ქარტია” სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს, სიმართლეს არ შეესაბამება:

  1. MEGOBARI აქტი ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაზე, კორუფციის, რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენისა და დემოკრატიის უკან დახევის საკითხებზე. იგი მოიცავს დებულებებს სანქციების და დახმარების შესახებ, მაგრამ არ ეხება რაიმე გადატრიალებას ან ხელისუფლების იძულებით შეცვლას. 
  2. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია და ხალხი გადაწყვეტილებას დემოკრატიული არჩევნებით მიიღებს, რაც ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან გვიცავს.

20 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების კონგრესს უახლოეს პერიოდში წარედგინებოდა კანონპროექტი – MEGOBARI აქტი. კანონპროექტის ინგლისური დასახელების (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) აბრევიატურა,  ქართულ სიტყვა „მეგობარს“ ემთხვევა და სიმბოლურად აშშ-ის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აღნიშნავს.

„საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა წარადგინა. ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას შეაჩერებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, აშშ საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწერს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.

MEGOBARI აქტი ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაზე, კორუფციის, რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენისა და დემოკრატიის უკან დახევის საკითხებზე. იგი მოიცავს დებულებებს სანქციების და დახმარების შესახებ, მაგრამ არ ეხება რაიმე გადატრიალებას ან ხელისუფლების იძულებით შეცვლას. აქტში განხილულია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობა, რომელმაც აშშ-ის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობა, უნდა განსაზღვროს, მაგრამ მასში არ არის ნახსენები “გადატრიალება”, “რევოლუცია”, “რეჟიმის ცვლილება” “პოლიტიკური ცვლილება” “მმართველობის ცვლილება” ან სხვა ნებისმიერი ტერმინი ან სიტყვათშეთანხმება, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივად  ცვლილებას შეიძლება  ითვალისწინებდეს. 

აქტში არ არის ჩამოთვლილი აშშ-ის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში არადემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუმცა ის ითვალისწინებს მექანიზმებს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისთვის, სანქციების დაწესებისა და დახმარების შეჩერებისთვის, რითაც საქართველოს მთავრობას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ უბიძგებს. მაგალითად, აქტის საფუძველზე დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები. 

ასევე, აქტი ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს გამოავლინოს და პოტენციურად სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ხელის შეშლაზე. 

კანონპროექტი ხაზს უსვამს, რომ დამატებითი დახმარების პაკეტები, მათ შორის შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები და უსაფრთხოების დახმარება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით დადასტურდება. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველო ამ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და, სავარაუდოდ, დახმარების პაკეტები არ განხორციელდება.  

რას გულისხმობს  სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული “ქართული ქარტია”?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიმართა და “ქართული ქარტია” წარადგინა.  პრეზიდენტის მიერ პოზიციისთვის შეთავაზებული გეგმა მოიცავს შეთანხმებას საკითხებზე, რომლებიც, როგორც ხელმომწერებს მიაჩნიათ, საქართველოს დასავლური კურსისა და ევროინტეგრაციისთვის არის მნიშვნელოვანი – მათ შორის, ე.წ. აგენტებისა და ოფშორების კანონების გაუქმებას, რეფორმების ჩატარებას სასამართლოს, შსს-ს, სუსის და სხვა მიმართულებებით. 

პრეზიდენტის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხი გადაწყვეტს – პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ხმა თუ პრორუსულ “ქართულ ოცნებას”. ზურაბიშვილის გეგმის თანახმად, ოპოზიცია ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს და ექნება კონკრეტული ამოცანა, რომელიც გაწერილია ქარტიაში:  „ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. მან უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს ახალ, რიგგარეშე არჩევნებს”. პრეზიდენტის თქმით, ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს: “მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს”.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია და ასევე თქვა, რომ ხალხი გადაწყვეტილებას დემოკრატიული არჩევნებით მიიღებს, “რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან”. 

სალომე ზურაბიშვილი: “26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და ეს სტაბილურობა”. 

“ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა ეს გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა”.  

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა  ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ”ფაქტიურად, ძალადობრივი გადატრიალებისკენ” მოუწოდა, წარსულშიც ვრცელდებოდა. ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

წყაროს შესახებ:

ედიშერ გვენეტაძე პროსახელისუფლებო ექსპერტია, რომელიც ანალიტიკოსის და ისტორიკოსის სტატუსით  პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების Post TV-სა და “იმედის” ეთერში ხშირად მონაწილეობს. 

Screenshot 2024 06 17 at 5.30.33 PM დეზინფორმაცია, თითქოს MEGOBARI აქტი და “ქართული ქარტია” სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს

გარდა ამისა, გვენეტაძე  ჩართულია  დისკრედიტაციის კამპანიებში, ასევე ცდილობს ხელისუფლების გამართლებას და ოპონენტების საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელებას.  

გვენეტაძეს დეზინფორმაციის შემცველი პოსტებიც გაუვრცელებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist