11 სექტემბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმაც კი ვერ დაიცვა თავისი შვილი და მან სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. მჟავანაძის თქმით, ამერიკაში სქესის შეცვლის სურვილის შემთხვევაში მშობელი ბავშვის საქმეში ვერ ჩაერევა.
ნიკოლოზ მჟავანაძე: “ილონ მასკმა, მილიარდერმა კაცმა ვერ დაიცვა თავისი შვილი. მასკის შვილმა გადაწყვიტა რომ შეეცვალა სქესი და შეიცვალა სქესი მეგობრებო შეიცვალა სქესი. ესეიგი ამერიკაში თუ ვინმეს გონია რო ედემია ძალიან ცდებით. ეხლა ბავშვი რომელსაც შეუძლია სქესი შეიცვალოს… და ვერ ჩაერევა ვერავინ მის საქმეში… მშობელმა რომ უთხრას არა შვილო, იმ მშობელს დაიჭერენ.”
ინფორმაცია, თითქოს მასკის შვილმა სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლების თანხმობის გარეშე გაიკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება. ის სქესისა და სახელის შეცვლისას სრულწლოვანი იყო, შესაბამისად, სახელისა და სქესის შეცვლის მოთხოვნაზე მშობლების თანხმობა არ სჭირდებოდა. რაც შეეხება ჰორმონალურ თერაპიას, მასკმა თავად მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რათა 16 წლის ასაკში ვივიენს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა მიეღო.
ილონ მასკის შვილი, წარსულში ცნობილი როგორც ქსავიერ მასკი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც მან სასამართლოს სახელისა და სქესის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. 2004 წელს დაბადებულმა ბავშვმა განაცხადა, რომ იდენტიფიცირდება როგორც ქალი და სურდა მამისგან სრულიად დისტანცირებული ყოფილიყო. ქსავიერის ახალი სახელი ვივიენ ჯენა უილსონი გახდა.
კალიფორნიაში, არასრულწლოვანებისთვის ჩვეულებრივ საჭიროა მშობლის თანხმობა სახელის ან სქესის ცვლილებისთვის. 2022 წლის 29 სექტემბერს კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს სხვა შტატებში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სერვისები კალიფორნიის შტატში მიიღონ. თუმცა, ეს კანონი სქესის შეცვლის ოპერაციასთან დაკავშირებული არ არის და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის, მათ შორის გენდერის დასადასტურებელი სერვისების მისაღებად, მშობლების ან მეურვის ნებართვა სჭირდებათ.
ამ სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმისას ილონ მასკის შვილი 18 წლის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისა და სქესის შეცვლის მოთხოვნაზე მას მშობლების თანხმობა არ ესაჭიროებოდა. ვივიენის დედამ, ჯასტინ უილსონმა, მხარდაჭერა თავისი შვილის იდენტობის მიმართ არაერთხელ გამოხატა. როდესაც ვივიენის კანონიერი სახელისა და სქესის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჯასტინმა დაწერა, რომ თავისი შვილით ამაყობდა.
ილონ მასკმა ნათლად გამოხატა, რომ ის არ უჭერს მხარს თავისი შვილის გენდერულ იდენტობას. მან სქესის შეცვლა მოიხსენია, როგორც “ვოუქური გონების ვირუსის” შედეგი, ასევე თქვა, რომ მან “დაკარგა შვილი”. 2024 წლის ივლისში კომენტატორ ჯორდან პეტერსონთან ინტერვიუში, მასკი ამტკიცებდა, რომ “მოტყუებით” მოაწერეს დოკუმენტებს ხელი იმისათვის, რო მის შვილს ჰორმონალური თერაპია დაეწყო. თუმცა 2024 წლის ივლისში ვივიენმა ABC News-თან თქვა, რომ მასკმა სრულიად იცოდა, თუ რაზე აწერდა ხელს.
ვივიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამამისის პრეტენზიები, რომ თითქოს ის მოატყუეს სამედიცინო მკურნალობაზე თანხმობის მისაღებად, მცდარი იყო. ვივიენის თქმით, მასკმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ხელი მოაწერა საჭირო დოკუმენტებს. ვივიენის თქმით, მასკი იყო უყურადღებო და გულგრილი მამა, რომელიც მასა და მის და-ძმებს მხოლოდ დედისა და ძიძების მეურვეობაში ამყოფებდა. უილსონმა ასევე თქვა, რომ ბავშვობაში მასკი მას გოგოური თვისებების გამოვლენის გამო ავიწროებდა და აიძულებდა, უფრო მამაკაცური გამოჩენილიყო. 2022 წელს, როდესაც სახელის შეცვლას ითხოვდა, ვივიენმა განაცხადა, რომ აღარ სურდა მასკთან დაკავშირებული ყოფილიყო რაიმე სახით და ფორმით.
ამერიკაში სქესის შეცვლის ოპერაციებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია 2023 წლის დეკემბერსა და იანვარში ტელეკომპანია “იმედმა” და კრემლისტურმა “ალტ-ინფომაც” გაავრცელეს. სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- დეზინფორმაცია თითქოს აშშ-სა და კანადაში ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან
- “იმედის” და “ალტ-ინფოს” დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.






















