26 ოქტომბერს ფეისბუქზე დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა “ფანტი ნა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ყრის რამდენიმე პიროვნება არაერთ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ძალის გამოყენებით. პოსტს თან ახლავს აღწერა “მარნეულში ნაცების აზერები დდააგიჟდნენ ამ ჯერზეც”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეოში აღბეჭდილი პიროვნებები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ან მხარდამჭერები არიან.
ტელეგრამზე იგივე ვიდეო გაავრცელა რუსული მედია Sputnik-ის მოლდოვურმა სამსახურმაც, რომელიც წერს, რომ მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელმა პროვოკატორებმა საარჩევნო ყუთში მრავალი ბიულეტენი ერთად ჩაყარეს და ვიდეო თავად გაავრცელეს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელიც.
ქართული და რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ან მხარდამჭერები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა, რომ კადრებში აღბეჭდილი ერთ-ერთი პიროვნება, “ქართული ოცნების” დეპუტატია.
საქართველოში 26 ოქტომბერს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისას მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, როგორ ყრის რამდენიმე მამაკაცი ძალის დატანებით საარჩევნო ყუთში ერთდროულად გაურკვეველი რაოდენობის ბიულეტენს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ფაქტი მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მოხდა, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირე ნაწილიდან, სადაც საარჩევნო პროცესი კვლავ ძველი მეთოდით, ელექტრონული აპარატების გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებული ფაქტის გამო საარჩევნო ოლქი დაიხურა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი მონაცემები ბათილად გამოაცხადა.
გავრცელებულ ვიდეოზე განცხადება მალევე გააკეთა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ კადრები ნამდვილია და ახალი, მასში რეალურად აღბეჭდილია “ქართული ოცნების” დეპუტატი. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს სცენა დადგმულია და აღნიშნული პიროვნება “იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს”.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კადრებში ნაჩვენები პიროვნება, რომელიც თავდაპირველად ცდილობს ბიულეტენების ყუთში ჩაყრას, მარნეულის საკრებულოში სადახლოს დეპუტატი როვშან ისკანდაროვია, რომელიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. ფაქტი, რომ ვიდეოში ნამდვილად ისკანდაროვი ჩანს, 69-ე უბნის თავმჯდომარემაც დაადასტურა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.