სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული განცხადება ამტკიცებს, რომ “მამაო ჩვენოს” გამოქვეყნება ფეისბუკის პოლიტიკას არღვევს და რომ მარკ ცუკერბერგმა, Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს წესების დარღვევად გამოაცხადა. გამოქვეყნებულ პოსტებში (1,2,3,4) ვკითხულობთ: “ ჩვენ მოვისმინეთ მარკ ცუკერბერგის ნათქვამი, რომ ლოცვის„მამაო ჩვენო“-ს გამოქვეყნება არღვევს მის ფეისბუქ პოლიტიკას, (კანონებს) ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქრისტიანს გამოაქვეყნონ ლოცვა „მამაო ჩვენო“ ფეისბუქზე.”
მტკიცება იმის შესახებ, რომ “მამაო ჩვენოს” გამოქვეყნება ფეისბუკის პოლიტიკას არღვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. მარკ ცუკერბერგს არსად არ განუცხადებია, რომ ლოცვის გავრცელება პლატფორმის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ფეისბუქი არ ზღუდავს რელიგიური შინაარსის პოსტების, მათ შორის ქრისტიანული ლოცვების გავრცელებას. მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ გამოაქვეყნონ როგორც “მამაო ჩვენო” ასევე სხვა ლოცვები. კომპანიის პრესსპიკერებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებს არაერთხელ დაუდასტურეს, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული განცხადება მცდარია და ფეისბუკის პოლიტიკა რელიგიური შინაარსის მასალის გავრცელებას არ ზღუდავს.
მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს ფეისბუკი რელიგიური შინაარსის მასალების გავრცლებას კრძალავს, სულ მცირე 2016 წლიდან ვრცელდება. 2016 წელს ერთ-ერთ სტატიაში Facebook-ის არარსებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ სოციალური მედიის პლატფორმაზე „ქრისტიანული თემატიკის” მასალების გავრცელება იკრძალებოდა. თუმცა, ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც ამ განცხადებას დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცრუ პრეტენზიები უფრო ადრეც გავრცელდა. მაგალითად, 2014 წელს Snopes გააქარწყლა ეჭვი იმის შესახებ, რომ ფეისბუქი რელიგიურ კონტენტს აკრძალავდა. ამის შემდეგ კვლავ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლოცვების გაზიარება გამოიწვევდა კონტენტის წაშლას ან ანგარიშების დაბლოკვას და რომ თავად ცუკერბერგმა გამოაცხადა “მამაო ჩვენო” ფეისბუქის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ამის გამო სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთმანეთს ხშირად სთხოვდნენ სოლიდარობის ნიშნად ლოცვის გამოქვეყნებას.
-
ფეისბუქის პოლიტიკა რელიგიურ კონტენტთან დაკავშირებით
Facebook-ის საზოგადოების სტანდარტები შექმნილია იმისთვის, რომ პლატფორმაზე არსებობდეს უსაფრთხო გარემო მომხმარებლებისთვის, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობის მიზნით. ეს წესები მოიცავს თემების ფართო სპექტრს მავნე ან შეუსაბამო შინაარსის მოდერაციის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რელიგიური შინაარსი, მათ შორის ლოცვები, როგორიცაა “მამაო ჩვენო”, ამ სტანდარტებით არ არის შეზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური შინაარსი დაშვებულია, არსებობს მკაცრი წესები სიძულვილის ენის, შევიწროების ან ძალადობის წაქეზების წინააღმდეგ. Meta-ს სიძულვილის ენის პოლიტიკა კონკრეტულად კრძალავს კონტენტს, რომელიც თავს ესხმის ადამიანებს ისეთი მახასიათებლების საფუძველზე, როგორიცაა რელიგია, რასა, ეთნიკური წარმომავლობა და სხვა. თუმცა, თავად რელიგიური გამონათქვამები არ არის შეზღუდული, თუ ისინი არ გადადიან სიძულვილის ენის ან სხვა მავნე შინაარსის კატეგორიებში.
რელიგია Meta-ს “საზოგადოების სტანდარტებში” მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – სიძულვილის ენის რეგულაციების ნაწილში. Meta განსაზღვრავს სიძულვილის ენას, როგორც „პირდაპირ თავდასხმებს ადამიანებზე – და არა ცნებებზე ან ინსტიტუტებზე“, რომელიც ეფუძნება ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა რასა, ეთნიკური წარმომავლობა, ეროვნული წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებობები, რელიგიური კუთვნილება, კასტა და სექსუალური ორიენტაცია.
Meta-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ მკაფიოდ განაცხადეს, რომ “ფეისბუკის” პოლიტიკა არ კრძალავს რელიგიურ შინაარსის გავრცელებას, მათ შორის ისეთი ლოცვების, როგორიცაა მაგალითად, “მამაო ჩვენო”. მეტას სპიკერებმა სხვადასხვა დროს ფაქტების გადამოწმების პლატფორმებთან Reuters, Politifact, Fullfact, factcheck.afp დაადასტურეს, რომ არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებს რაიმე სახის რელიგიურ გამოხატვას, იქნება ეს ქრისტიანული თუ სხვა.
როდესაც ფეისბუკი შლის კონტენტს სიძულვილის ენის ან ძალადობის წახალისების გამო, ან ზღუდავს ამა თუ იმ პოსტის გავრცელებას ამ პოსტში დეზინფორმაციის არსებობის გამო, ზოგიერთმა მომხმარებელმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს რეგულაცია შეიძლება რელიგიურ კონტენტზეც ვრცელდებოდეს. თუმცა, პოსტები, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ რელიგიურ გამოხატვასთან, როგორიცაა ლოცვები, არ არღვევს Facebook-ის წესებს, შესაბამისად ისინი არ წაიშლება. თუ ფეისბუკის საძიებო სისტემაში “მამაო ჩვენოს” ჩავწერთ, არაერთ ლოცვას ვნახავთ (1,2,3,4), რომელიც სხვადასხვა წელს არის გამოქვეყნებული. ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ პლატფორმა ლოცვების გავრცელებას არ ზღუდავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეტა აქტიურად ებრძვის საკუთარ პლატფორმებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, რის გამოც მტკიცება, თითქოს ცუკერბერგი “მამაო ჩვენოს” გამოქვეყნებას კრძალავს, მოინიშნება როგორც მცდარი. ხაზგასასმელია, რომ პოსტები მცდარად ინიშნება არა ლოცვის, არამედ ყალბი ამბის გავრცელების გამო. ამასთანავე, პოსტის მონიშვნა ითვალისწინებს მკითხველისთვის დამატებითი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას და არ გულისხმობს პოსტის წაშლას.
მეტას ფაქტების შემოწმების პროგრამა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, Instagram და Threads, ფოკუსირებულია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაზე. ფაქტების გადამოწმების პროგრამის სამიზნე ისეთი ცრუ მტკიცებებია, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, როგორიცაა: არჩევნებთან ან კრიზისულ პერიოდებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, ცრუ მკურნალობა ან ფინანსური თაღლითობა, პრეტენზიები, რომლებიც მიმართულია კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციაზე. ფაქტების შემმოწმებლები განიხილავენ პოსტებს, როგორიცაა სტატიები, ვიდეოები ან რეკლამები, რათა შეამცირონ დეზინფორმაციის გავრცელება. ისინი ამოწმებენ მხოლოდ ფაქტებს და არა მოსაზრებებს.
წყაროს შესახებ
ის ფეისბუქ ანგარიშები, ვინც “მამაო ჩვენოს” და ფეისბუქის პოლიტიკის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს, ყალბი ამბების გავრცელებაში წარსულშიც ყოფილან შემჩნეული:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.