10-11 თებერვალს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებმა იმედი, POSTV, ასევე ონლაინ მედიებმა საინფორმაციო სააგენტო INFO9, ნიუსჰაბი, რეპორტიორი სხვებმა (1, 2, 3), ასევე ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მის ოფიციალურ საიტზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა. იმედის სტატიაში, რომელიც ინფორმაციის პირველწყაროა ვკითხულობთ, რომ “ბილეთის შესაძენად მომხმარებელი საიტზე მითითებულ ცალკე ბმულზე შედიოდა, ავსებდა სპეციალურ კითხვარს, რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისა და თანხის გადახდის შემდეგ, ის ბილეთის მფლობელი ხდებოდა”. აქვე აღნიშნულია, რომ კონგრესმენი დროშებსაც ყიდის და მის საიტზე გვხვდება ცალკე განყოფილება, რომელსაც “ტურები და ბილეთები” ჰქვია.
Infogram
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯო უილსონი ინაუგურაციის ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მის ვებ-საიტზე ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთების მიღება უფასოდ იყო შესაძლებელი. აღნიშნული ბილეთები, სწორედ კონგრესმენების გავლით, უფასოდ გადაეცემა ამერიკის მოქალაქეებს და ამისთვის რეგისტრაციის გავლა და კითხვარის შევსებაა საჭირო. მსგავსი რეგისტრაცია ყველა კონგრესმენის ვებ-საიტზე გვხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრება უფასოა. ინაუგურაციის კომიტეტმა გამოსცა 220 000 ბილეთი, რომელიც საშუალებას აძლევდა მის მფლობელს, პროცესს დასწრებოდა კაპიტოლიუმის ტერიტორიიდან. როგორც ხსენებული კომიტეტის, ასევე სამთავრობო საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს ბილეთები უფასოა და გადაეცემა კონგრესმენებს, რათა იმ ოლქში მცხოვრებ პირებზე გაანაწილონ, რომელ ოლქსაც წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა, იმის გამო, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, საჭიროა მათ ვებ-საიტებზე რეგისტრაციის გავლა და ბილეთების ამ გზით მოთხოვნა. სხვა კონგრესმენების ვებ-საიტებზეც გვხვდება რეგისტრაციის მოთხოვნა, რომელიც ბილეთების მისაღებადაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის ვებ-საიტზე ინაუგურაციის ბილეთების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნახსენები გადასახდელი თანხის შესახებ. ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ბილეთების მოთხოვნისათვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, რათა პირველ რიგში დადასტურდეს, რომ მსურველის წარმომადგენელი კონგრესში ნამდვილად ჯო უილსონია. აქვე მითითებულია ისიც, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და ისინი შეხვდება იმ ადამიანებს, ვინც პირველები გადაგზავნიან მოთხოვნის ფორმას.
-
რა ვიცით დროშებისა და ტურების გაყიდვაზე?
გავრცელებულ სიუჟეტსა და სტატიაში საუბარია იმის შესახებაც, რომ კონგრესმენის საიტზე იყიდება დროშები და ასევე ცალკე ბმულია გამოყოფილი, სახელწოდებით „ტურები და ბილეთები“. ჯო უილსონის საიტზე ნამდვილად იყიდება დროშები, რაც უცნაური სულაც არ არის, რადგან მსგავს სერვისს ყველა კონგრესმენი სთავაზობს მოსახლეობას. კონგრესმენების მეშვეობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დროშების შეკვეთა, რომლებსაც კაპიტოლიუმის თავზე გადააფრენენ და შესაბამის სერტიფიკატთან ერთად გადასცემენ მყიდველს. რაც შეეხება “ტურებს და ბილეთებს”, ეს ნაწილი ეხება ტურებს ქვეყნის დედაქალაქში, რომლის მთავარი და ყველაზე მოთხოვნადი ნაწილი თეთრი სახლის და კაპიტოლიუმის მონახულებაა. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, აღნიშნულ სერვისსაც ყველა კონგრესმენი სთავაზობს მათი ოლქის მოსახლეობას.
წყარო: ჯო ვოლსონის ვებ-საიტი
აღნიშნული აქტივობები უფასოა, თუმცა მათზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ტურებზე ადგილების დაჯავშნაში მოსახლეობას კონგრესის წევრები ეხმარებიან. მაგალითისთვის, თეთრი სახლის ტურის დასაჯავშნად აუცილებელია კონგრესმენის ოფისის გავლით დარეგისტრირება, ტურის ჩატარების თარიღამდე 21-90 დღის ვადაში.
კონგრესმენების “ტურები და ბილეთების” სერვისი მცირედით განსხვადება ერთმანეთისგან. ყველა მათგანი მოიცავს კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის ტურებს, თუმცა წარმომადგენლები ხალხს დედაქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვის შესაძლებლობასაც სთავაზობენ, რომლებიც ასევე უფასოა. რაც შეეხება კონკრეტულად ჯო უილსონს, დაინტერესებული პირებისთვის ვებ-გვერდზე გვხვდება ტურების ჩამონათვალი: კაპიტოლიუმი, თეთრი სახლი, “გრავიურის და ბეჭდვის ბიურო”, FBI სათაო ოფისი, კონგრესის ბიბლიოთეკა და უზენაესი სასამართლო. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ უილსონის ოფისს დახმარება შეუძლია პირველი სამი ტურის დაჯავშნაში, ხოლო თუ ვინმეს სურს FBI-ის, ბიბლიოთეკისა და უზენაესი სასამართლოს მონახულება, ტურები პირდაპირ ამ უწყებებთან კონტაქტით უნდა დაგეგმონ. როგორც ზემოთ აღინიშნა, კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის ტურები უფასოა, ისევე როგორც “გრავიურის და ბეჭდვის ბიუროს” მონახულება.
ჩვენ შევავსეთ აღნიშნული ფორმის 6-ვე ეტაპი, თუმცა არც ერთ მათგანში არ ყოფილა საუბარი რაიმე სახის გადასახადზე, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აღნიშნული მომსახურება უფასოა.
კონგრესმენ ჯო უილსონის ვებ-საიტზე “ტურები და ბილეთების” შესახებ განთავსებული ინფორმაცია
ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში ასევე გვხვდება ირაკლის ზარქუასა და “ქართული ოცნების” სხვა პოლიტიკოსების კომენტარები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯო უილსონი ლობიზმში “ფორმულასგან” ფულს იღებდა და ეს FARA-თი დადასტურდა. რეალურად, აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციულია და FARA-ს რეესტრში მსგავსი რამ აღნიშნული არ არის. ამის შესახებ “მითების დეტექტორმა” დეკემბერში იკვლია.
ჯო უილსონისა და დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შესახებ მანიპულაციური და დეზინფორმაციული შინაარსის მტკიცებები წარსულში არაერთხელ გავრცელდა. ვრცლად იცილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- იყიდება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები?
- რა ვიცით კონგრესმენი ჯო უილსონისა და “ფორმულას” კავშირზე და რა წერია FARA-ს რეესტრში?
- საიდან ადევნებდა სალომე ზურაბიშვილი თვალს ტრამპის ინაუგურაციას?
არქივი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.