15-17 აგვისტოს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა (1,2,3,4,5) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა, ასევე ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთში, დაღესტანში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავად კიევის ღამის კლუბში Forsage 18 აგვისტოს სპეციალური ღონისძიება “ცეცხლოვანი მაჰაჩყალა” დაიგეგმა. ინფორმაციას თან ახლავს კლუბის ინსტაგრამ სთორის სქრინშოთი, რომლეზეც შესაბამის ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩანს.
ინფორმაცია, თითქოს კიევის ღამის კლუბში მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავი ღონისძიება დაიგეგმა, დეზინფორმაციაა. აღნიშნული თავად კლუბმა უარყო და “მითების დეტექტორს” მიმოწერაშიც აცნობა.
კიევში კლუბ Forsage-ში დაღესტანში, მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების აღსანიშნავი ღონისძიება დაგეგმილი არ ყოფილა. “მითების დეტექტორი” კლუბს დაუკავშირდა და მიმოწერაში Forsage-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციაა და ყალბი ინფორმაცია შუღლის გაღვივებას ემსახურება, რასთანაც კლუბს კავშირი არ აქვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადად Forsage-ში ცეცხლის გამოყენებით წარმოდგენები უსაფრთხოების ზომების გამო არ ტარდება და არც წარსულში ტარდებოდა.
სოციალურ მედიაში კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე და ასევე საიტზე მსგავი ღონისძიების ანონსთან დაკავშირებული პოსტები არ იძებნება. ასევე კლუბის ვებგვერდზე განვლილი ღონისძიებების აფიშაზე ჩანს, რომ 18 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება არტისების Dj Star-ისა და Dj Leo-ს გამოსვლა იყო.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბი თავადვე 16 აგვისტოს გამოეხმაურა და ინსტაგრამ სთორისში შესაბამისი განცხადება გაავრცელა. ვინაიდან ინსტაგრამზე სთორის ტიპის პოსტები მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ამჟამად ამ პოსტების ნახვა შეუძლებელია. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა პლატფორმამ, StopFake-მაც გადაამოწმა და შესაბამისი პოსტების სქრინშოთებიც შეინახა.

“კიევში დაღესტნიდან ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ხშირად იყვნენ ჩვენთან სტუმრად და მხარს უჭერენ უკრაინას. ყველა ადეკვატური ადამიანი ხვდება, რომ ჩვენს კლუბში ასეთი აფიშა ვერ იქნებოდა. დაუჯერებელია, რომ ასეთი აფიშა 22 საათი იქნებოდა გამოქვეყნებული მათი მკაცრი რეაქციის გარეშე, ვისაც ის შეურაცხყოფს. ნუ დაუჯერებთ ბოროტების იმპერიის პროვოკაციას” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
15 აგვისტოს დაღესტნის რესპუბლიკაში, მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.