23 მაისს ფეისბუქ-გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი” თამთა ქარჩავასთან ერთად, სადაც სტუმრად პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა იმყოფებოდა. გოგავამ გადაცემაში თქვა, რომ ევროპა იმდენად მჭიდროდაა დასახლებული, რომ ტყის ფართობი აღარ არის:
ირაკლი გოგავა: “ევროპაში ხეების გაჩეხვა ვერ ხდება, იმიტომ, რომ ტყე არ არის. რაღაცა პარკები აქვთ შენახული, რომ ახალგაზრდა თაობამ ნახოს, ტყე როგორ გამოიყურება. ნორვეგიაში ცოტა არის საშუალება, დანარჩენი ევროპაში ტყე არ არის, იმდენად მჭიდროდ დასახლებულია.”
ინფორმაცია, თითქოს ევროპაში ტყის მასივი აღარ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირის ტერიტორიის 39%, ხოლო მთლიანად ევროპის 34.8% ტყითაა დაფარული. ამასთან, ფინეთის, შვედეთის, სლოვენიის, ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიების ნახევარზე მეტი ტყეს უჭირავს. რაც შეეხება სიმჭიდროვეს, ევროკავშირში სიმჭიდროვის საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ კილომეტრზე 109 ადამიანია, მაგალითად ბელგიაში სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებლის (381 ადამიანი/კმ²) მიუხედავად, ტყის მასივი ქვეყნის 23%-ზე ვრცელდება.
ევროსტატის 2022 წლის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის 39% ტყითაა დაფარული, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 160 მილიონი ჰექტრის ფართობის ტყეს გულისხმობს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე, 31%-ზე, მაღალია.
2020 წლის მონაცემებით კი, ევროპის ტერიტორიის 34.8%-ია ტყით დაფარული. ამ მონაცემებში 35 ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, რუსეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები და საქართველო ერთიანდება.


ტყეების მოცულობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ტყის მასივითაა დაფარული, ეს ქვეყნებია: ფინეთი (66%), შვედეთი (63%), სლოვენია (58%), ესტონეთი (54%) და ლატვია (53%).

გარდა ამისა, 1990 წლიდან 2020 წლამდე ევროკავშირში ტყეების ფართობი 10%-ით გაიზარდა, რაც აბსოლუტურ რიცხვებში 14 მილიონი ჰექტარია და უნგრეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიების გაერთიანებულ ფართობს უტოლდება.

რაც შეეხება, მოსახლეობის სიმჭიდროვეს, 2022 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ერთ კვადრატულ კილომეტრზე საშუალო სიმჭიდროვე 109 ადამიანი იყო, თუმცა მონაცემები ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად ამისა, მტკიცება, თითქოს მაღალი სიმჭიდროვის გამო ტყეები ქრება, მცდარია. მაგალითად, ბელგიაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალი სიმჭიდროვის ქვეყანაა (381 ადამიანი/კმ²) და ტყის მასივი ქვეყნის 23%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2030 წლის ტყის სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირის მიზანია მინიმუმ 3 მილიარდი ხის დარგვა, გარდა ამისა, არსებული ტყეებისა და მათ მიერ შექმნილი ეკოსისტემების დაცვა, კლიმატ-ნეიტრალური, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება და იმის უზრუნველყოფა, რომ ევროკავშირში მოხმარებულ პროდუქციას მსოფლიო გაუტყეურეურებაში წვლილი არ შეაქვს.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















