10 ოქტომბერს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ერთადერთი სარგებელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისგან გააჩნია, უვიზო მიმოსვლაა. მისივე სიტყვებით, ევროკავშირი არ ეხმარება ქართველ ხალხს და მათ მიერ გაცემული თანხა მოქალაქეებამდე არ მიდის.
ნიკოლოზ მჟავანაძე (49:40): “ერთადერთი რაც არის მათი მხრიდან, სარგებელი რაც აქვს საქართველოს, ეს არის უვიზო მიმოსვლა. მეტი სარგებელი ჩვენ ამ კანდიდატის სტატუსობიდან არაფერი არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ ფულს თუ იხდიან და ფული თუ მოდის, აი იმ ბოდიში და პიდარასტებს აძლევენ თავიანთ ფულს, რომლებიც საკმაოდ მსუყე ლუკმებით ფინანსდებიან, თორემ ქართველ ხალხამდე ეს ფული არ მოდის”.
მტკიცება, თითქოს ევროკავშირის დახმარება საქართველოს მოქალაქეებამდე არ მიდის და ქვეყანას კანდიდატის სტატუსისგან ერთადერთი სარგებელი – უვიზო მიმოსვლა აქვს, დეზინფორმაციულია. 2017 წლიდან დღემდე ევროკავშირის დახმარებით საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა თუ კულტურის მიმართულებით.
-
როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს?
ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ხსნის ევროკავშირის ბაზარს ქართული ბიზნესებისა და პროდუქტებისთვის. ადამიანთა შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და მობილობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია და საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად გრანტების სახით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს. სწორედ ევროკავშირის გრანტებთან დაკავშირებით მანიპულირებს ნიკოლოს მჟავანაძე, თითქოს ის საქართველოს მოქალაქეებამდე არ მიდის, ხოლო კანდიდატის სტატუსისგან ქვეყანას სარგებელი არ აქვს. რეალურად, ევროკავშირი ქვეყანაში მხარს უჭერს მრავალ პროგრამას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად არაერთი მიმართულებით არის შექმნილი.
2021-2024 წლებში საქართველომ ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი 85 მილიონი ევროთი ისარგებლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყანამ 2022, 2023 და 2024 წლებში დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დაკარგული თანხები თავდაპირველად განკუთვნილი იყო ხელისუფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის ან მთავრობის/სახელმწიფო უწყებების ტექნიკური დახმარებისთვის. ეს თანხები გადანაწილდა სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მხარდაჭერის გასაზრდელად რეგიონული პროექტებისთვის მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების სექტორების მხარდასაჭერად.

-
დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს და სამოქალაქო საზოგადოებას
აღსანიშნავია ისიც, რომ მჟავანაძის მტკიცების მიუხედავად, თითქოს ევროკავშირი მხოლოდ ორგანიზაციებს ეხმარება, 2019-2024 წლებში დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს. ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა 46.1 მილიონ ევროა. ქვეყანაში ევროკავშირის 10 ყველაზე დიდი ბენეფიციარი ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გამოყოფილი თანხა განკუთვნილია ქვეყნის მოდერნიზაციისთვის და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისის მისაწოდებლად. მაგალითად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაკამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას სწორედ ევროკავშირის ბანკი აფინანსებს. გზების მშენებლობის და რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკი წლებია, რაც დაფინანსებას გამოყოფს.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება. შესაბამისად, ევროკავშირის ეს დახმარება მიდის, მაგალითად, მოწყვლად ჯგუფებამდე, პროფესიული განათლების მიმღებ მოქალაქეებამდე და ა.შ.

-
ევროკავშირის ხელშეწყობა ბიზნესებს
ევროკავშირი ხელს უწყობს ბიზნესის ზრდასა და ინოვაციებს საქართველოში. 2023 წელს, EU4Business პროგრამის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად ქვეყანაში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. შედეგად, შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები. მხოლოდ 2023 წელს 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო. შედეგად, საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. არსებობს არაერთი კომპანია, რომლებმაც ევროკავშირის დახმარებით ისარგებლეს, მათ შესახებ ისტორიები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული. მაგალითისთვის, ბიზნესის განსავითარებლად დახმარებით ისარგებლეს: მეღვინეებმა, ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ, ნერგების მწარმოებლებმა, თხილის საწარმომ, ციფრულმა სააგენტოებმა და ა.შ. ისტორიების წაკითხვა ევროკავშირის ვებ-საიტზეა შესაძლებელი, ასევე, ვიდეოები გამოქვეყნებულია Youtube-არხზე.
-
ევროკავშირის სხვა პროგრამები მოქალაქეებისთვის
ევროკავშირი ასევე აფინანსებს პროგრამას “განათლება დასაქმებისთვის”. პროგრამა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოქალაქეების უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის კონკრეტული შედეგებია: 1700-ზე მეტი სამუშაოს მაძიებლის დასაქმება; 6500-ზე მეტი ადამიანის გადამზადება საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში; 90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში კოდირებისა და ტექ. მეწარმეობის კლუბები შექმნა.
ევროკავშირის პროგრამები კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული. მაგალითად, არსებობს პროგრამები სოფლის მეურნეობის, კორუფციასთან ბრძოლის, მოქალაქეთა დაცვის, ინფრასტრუქტურის, დასაქმების, უსაფრთხოების, ტრანსპორტის, ქალთა გაძლიერების მიმართულებით. სრულად მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
გარდა ამისა, ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს იმასაც, რომ კანდიდატის სტატუსსს ქვეყნისთვის სარგებელი არ მოუტანია. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსით ევროკავშირი სახელმწიფოებს რაიმე სახის მყისიერ და ფულად ჯილდოს არ ჰპირდება, ქვეყნისთვის ახალი პერსპექტივები იხსნება და სარგებლის მიღების შესაძლებლობები ჩნდება. მაგალითად, იზრდება დაინტერესება ინვესტიციების მხრივ. კანდიდატის სტატუსის მიღება ძლიერი პოლიტიკური სიგნალია და სარგებელი შეგვიძლია დავყოთ პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ ნაწილებად. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ სტატუსს წმინდად პოლიტიკური ღირებულება აქვს, მას ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს ევროკავშირის დახმარება საქართველოს მოქალაქეებამდე არ მიდის და მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების სარგებლობისთვის არის განკუთვნილი, დეზინფორმაციულია. ევროკავშირი ქვეყანაში არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ სარგებელი, დასაქმდნენ და განავითარონ ბიზნესი.
ცისია კირვალიძე და ნინი ბადურაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.