18 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის წერს, რომ ებრაელები წმინდა მოციქულ იაკობის საფლავს დაესხნენ თავს, წაბილწეს, გადაწვეს და ააფეთქეს. პოსტს თან ახლავს ვიდეოც, სადაც ჩანს შენობისთვის მიყენებული დაზიანება.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ებრაელებმა ვიდეოში ნაჩვენები საფლავი წაბილწეს, დეზინფორმაციულია. რეალურად, მისი დაზიანების მცდელობა 18 ოქტომბერს პალესტინელ მოსახლეობას ჰქონდა, თუმცა ისინი პალესტინურმა უსაფრთხოების ძალების წევრებმა შეაჩერეს და ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.
ზაქარეიშვილი პოსტში წერს, რომ დაზიანდა მოციქულ იაკობის საფლავი, თუმცა ვიდეოში ნაჩვენები შენობა ბიბლიური იოსების საფლავია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ პოსტში ჩასმული არაბული ტექსტი სწორედ ამ უკანასკნელს მოიხსენიებს და დამატებით თავად პოსტის ავტორი კომენტარებში ურთავს ფოტოებს, აღწერით: “იოსებ მოციქულის საფლავი”. აღსანიშნია, რომ შენობა პალესტინური მხარის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნაბლუსში მდებარეობს.
18 ოქტომბერს Jerusalem Post-მა და არაერთმა არაბულენოვანმა ონლაინ მედიამ, მათ შორის ალ ჯაზირამ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პალესტინელმა მოქალაქეებმა მოაწყვეს მარში “იოსების საფლავის” მიმართულებით, თუმცა ისინი პალესტინური არმიის უსაფრთხოების ძალებმა შეაჩერეს და შენობამდე არ მიუშვეს, შესაბამისად მისი დაზიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


უნდა აღინიშნოს, რომ “იოსების საფლავი” პალესტინელების მხრიდან წარსულშიც არაერთხელ დაზიანებულა. ერთ-ერთი ძლიერი თავდასხმა შენობაზე 2015 წლის 16 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც პალესტინელებმა ტერიტორიას ცეცხლი მოუკიდეს და ებრაელთა წმინდა ადგილი მნიშვნელოვნად დააზიანეს. თუმცა, მომდევნო თვეების განმავლობაში ისრაელის მხარის მიერ მოხდა მისი რეკონსტრუქცია.

სერიოზული ვანდალური აქტი დაფიქსირდა 2022 წელსაც, როდესაც პალესტინელებმა მნიშვნელოვად დააზიანეს როგორც შენობის ნაწილი, ისე შიგნით მდგომი საფლავის ქვა და კვლავ გააჩინეს ადგილზე ცეცხლი.

გამიზნული შეტევების გარდა, “იოსების საფლავის” სიახლოვეს არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება ისრაელის და პალესტინურ მხარეს შორის, უმეტესად იმ დროს, როდესაც ჩასახლებული ებრაელები, არმიის დახმარებით, ცდილობდნენ ტერიტორიაზე შეღწევას რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად (1, 2.).
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.