3 ნოემბერს, ფეისბუქ-მოხმარებელმა Jeni Burjanadze-მ, რომელიც დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, უკრაინის NATO-ში გასაწევრიანებლად სამი დღის ვადა მისცა და წაუყენა ულტიმატუმი, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კიევი რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას მოითხოვდა.

ცნობები, რომ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს NATO-ში უკრაინის გასაწევრიანებლად სამდღიანი ვადა მისცა და ზელენსკის ციტატა რუსეთთან შეერთებაზე ყალბია. უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება და მის საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას ეწინააღმდეგება.
გავრცელებული ცნობები ზელენსკის განცხადების შესახებ, დეზინფორმაციულია. უკრაინის პრეზიდენტის მსგავსი ულტიმატუმის შესახებ ცნობები ღია წყაროებში, მათ შორის ამერიკულ ან უკრაინულ სანდო მედიაში, არ იძებნება. წარსულში ზელენსკის არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია (1; 2).
ფეისბუქ პოსტში გამოყენებული ფოტოსურათი 2024 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სათავო ოფისში, ბრიუსელში პრესკონფერენციას ესწრებოდა. NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის შედეგებსა და მნიშვნელობას უკრაინის მოსახლეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პრესკონფერენციისას არ გავრცელებულა არც მსგავსი და არც სხვა რაიმე შინაარსის მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.
ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა ამა წლის 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში, ვაშინგტონში შედგა. ლიდერებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობები, აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისადმი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის მიერ ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დაკავება. ფეისბუქ-პოსტში აღნიშნული შინაარსის მიმართვა და ულტიმატუმი ვოლოდიმირ ზელენსკის არც ამ უკანასკნელი შეხვედრის დროს გაუჟღერებია.
არქივის ბმული
მოამზადა საბა მანჯგალაძემ
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















