31 ივლისს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” მიწვეული იყო ფილოსოფოსი გიორგი რაზმაძე, რომლის მტკიცებითაც პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობას დასცინეს, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ერთ-ერთ ნაწილში საიდუმლო სერობა გააშარჟეს.
გიორგი რაზმაძე: რას აკეთებენ ჩვენი ლიბერალები, ეს საკრალურევროპადამოკიდებულები? რას აკეთებენ და ისეთ დონეზე აქვთ ჩაბეტონებული გონება, რომ იქით სიწმინდეა, რომ ამას უყურებენ, თვითონ ისინი ეუბნებიან, რომ დავცინეთ ქრისტიანობასო, თვითონ… ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და “ჩვენ კი, კი, ეს საიდუმლო სერობის შარჟი იყო” და “არა, ესეც იტყუება!” – ასეთი დონის ხალხთან გვაქვს საქმე”.
გიორგი რაზმაძე დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს არსად დაუდასტურებია, რომ გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობა გააშარჟეს. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა უარყვეს რომ სცენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს ასახავდა და განაცხადეს, რომ მათი შთაგონების წყარო ბერძნული მითოლოგია, დიონისე და სხვა ღმერთები იყვნენ.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გიორგი რაზმაძის მიერ ნახსენები თავმჯდომარის პოზიცია არ არსებობს. ორგანიზაციაში პრეზიდენტის პოსტს თომას ბახი იკავებს, რომელსაც მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია – მას არ უღიარებია, რომ ოლიმპიადის გახსნის ერთ-ერთი სცენა ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის გაშარჟება იყო. თომას ბახის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება, მათ შორის, არ გვხვდება მედიის (1;2;3), პარიზის ოლიმპიადისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებ-საიტებზე.
ინფორმაცია, თითქოს გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთი სცენა საიდუმლო სერობით იყო ინსპირირებული, არცერთ ორგანიზატორს არ დაუდასტურებია, მრავალჯერ უარყო ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა და სცენაში მონაწილე პირებმაც. ასევე, არცერთ განცხადებაში წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ ქრისტიანობას დასცინეს. 30 ივლისს New York Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ოლიმპიადის სპიკერმა 27 ივლისს მათთან დაადასტურა, რომ თომას ჟოლის შთაგონება ლეონარდო და ვინჩის ნახატი იყო. თუმცა, ამავე სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 29 ივლისს ეს პიროვნება თავად დაუკავშირდა გამოცემას განახლებული ინფორმაციით, რომელშიც ლეონარდო და ვინჩის ნახატი და სცენის მასთან კავშირი აღარ ფიგურირებდა. გამოცემის ცნობით, განახლებული ინფორმაცია თომას ჟოლის განმარტებას მოიცავდა. სტატიაში სახელი და გვარი ნახსენები არ არის, თუმცა, პარიზის ოლიმპიადის სპიკერი, რომლის განცხადებებსაც მედია აქტიურად აშუქებს, ენ დეკამპია, მას კი მედიისთვის საჯაროდ გაკეთებულ კომენტარში ნახატისა და სცენის კავშირი არ დაუდასტურებია. დეკამპმა 28 ივლისს ბოდიში მოუხადა მათ, ვინც სცენა შეურაცხმყოფელად აღიქვა.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორები განმარტავენ, განმარტებით სცენაზე მყოფი ლურჯი საღებავით დაფარული კაცი ძველბერძნული მითოლოგიის ღმერთი დიონისეა, პეფომანსი კი მრავალფეროვნების ზეიმია და ტოლერანტობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ჟოლიმ დამატებითი განმარტებაც გააკეთა და დეტალებზე ისაუბრა:
“ეს არ არის ჩემი შთაგონება [საიდუმლო სერობა]. მაგიდაზე არის დიონისე, რადგან ის ბერძნულ მითოლოგიაში ზეიმის ღმერთია. ღმერთი ღვინის, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი მშვენებაა. ასევე, [დიონისე] არის ქალღმერთ სექუანას მამა, რომელიც დაკავშირებულია მდინარე სენასთან. იდეა იყო ოლიმპოს ღმერთებთან დაკავშირებული წარმართული დღესასწაულის მოწყობა. თქვენ ვერასოდეს იპოვით ჩემში ვინმეს დაცინვისა თუ დამცირების სურვილს”.
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე “საიდუმლო სერობის” გაშარჟების შესახებ “მითების დეტექტორი” გასულ კვირაშიც წერდა. 2024 წლის ოლიმპიადის დაწყების შემდეგ გვარცელებული ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის პოსტების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- რეალურად, რისი სიმბოლო იყო ფოლადის ცხენი და ხარის თავი პარიზის ოლიმპიადაზე?
- პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მელ გიბსონის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
- შეაჩერა თუ არა ოლიმპიადის სპონსორობა Samsung-მა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფის გამო?
- დაუპირისპირდა თუ არა პარიზის ოლიმპიადაზე იტალიელ სპორტსმენს ტრანსგენდერი მოკრივე და რა ვიცით იმანე ხელიფზე?
- ვიდეომანიპულაციები, თითქოს პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მასობრივად გააპროტესტეს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.