16 ნოემბერს ფეისბუკ-მომხმარებელმა “ისევ მბლოკავენ ფანტინა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 2024 წლის მოსახლეობის აღწერაზე საუბრობს. ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ დაიწყო ქონებების აღწერა, ხოლო თუ მოსახლეობა დათანხმდება აღწერაზე, “დაუწესებენ ძაან ევროპულ გადასახადს ქართული შემოსავლით“.
მტკიცება, თითქოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერა ითვალისწინებს გადასახადების დაწესების მიზნით ქონების აღწერას, დეზინფორმაციულია. საქსტატის თანახმად, გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებით. გარდა ამისა, ქონების გადასახადი საქართველოში უკვე არსებობს, რომლის დაანგარიშებაც მოქალაქის მიერ დასაბეგრი ქონების დეკლარაციის შევსების შემდეგ ხდება.
გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” შემოსავლების სამსახურს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ესაუბრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ აღწერის დროს მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ სტატისტიკური მიზნით გამოიყენება. მისი სხვა მიზნით გამოყენება კანონით აკრძალულია.
გოგიტა თოდრაძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი: ,,მოსახლეობის აღწერის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური, რომელიც რჩება მხოლოდ საქსტატში, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით, ცალკეული ინდივიდებისა თუ ოჯახების დონეზე. გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უზრუნველყოფილია საქართველოს კანონით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, აქედან გამომდინარე მისი გამოყენება მოსახლეობისთვის რაიმე სახის გადასახადის დაწესების მიზნით აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, არც ყოფილა არასოდეს ამის გამოყენების მცდელობა და უფრო მეტიც, ეს იკრძალება საქართველოს კანონით, რომ ინდივიდუალური მონაცემები იქნეს გამოყენებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული მიზნებისთვის… პირველად არ ტარდება მოსახლეობის აღწერა, წინა აღწერა ჩატარდა 2014 წელს“.
მისი თქმით გასულ წლებში ჩატარებული აღწერის მიხედვითაც ვერავინ დაადასტურებს, რომ აღწერის შემდეგ რომელიმე მოქალაქეს დაენიშნა რაიმე ტიპის გადასახადი.
-
საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
ოფიციალური სატატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლში ვკითხულობთ: აღწერა ტარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად. 29-ე მუხლის მიხედვით კი აღწერაში მონაწილეობა სავალდებულია ყველა ინდივიდუალური და ფიზიკური პირისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის.
აღწერას არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის მოქალაქე და მისი შინამეურნეობის წევრი, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე და მისი შინამეურნეობის წევრი.
-
რა საკითხები შედის საყოველთაო აღწერის კითხვარში?
2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება. პირველი 10 დღის განმავლობაში შესაძლებელი იყო ელექტრონულად რეგისტრაცია, სადაც მოქალაქეებს ინდივიდუალურად შეეძლოოთ კითხვარის შევსება. კითხვარის შევსებისას ეთითება ინფორმაცია პირადი და შინამეურნეობის შესახებ, სახელი და გვარი, სქესი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებლის ტიპი, საცხოვრისის აშენების წელი, საცხოვრისის საერთო ფართი, საცხოვრებელი ოთახების საერთო რაოდენობა, ამასთანავე მოქალაქემ უნდა მიუთითოს საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები და საცხოვრისით სარგებლობის ფორმა, რა დროსაც მოქალაქეს უწევს დააფიქსიროს საცხოვრებელს ქირაობს, გირაობს თუ რომელიმე შინამეურნეობის საკუთრებაშია.
-
ითვალისწინებს თუ არა საყოველთაო აღწერა ქონების აღრიცხვას და გადასახადის დაწესებას?
ფეისბუკზე გავრცლებულ ვიდეოში, ასევე აღნიშნულია, რომ საყოველთაო აღწერის დროს ქონების აღწერაც მოხდება, რის შემდეგაც მოქალაქეებს გადასახადი დაუწესდებათ. აღსანიშნავია, რომ ქონების გადასახადი საქართველოში უკვე არსებობს და ამ კუთხით რაიმე ცვლილება ძალაში არ შესულა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით “მითების დეტექტორი” შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელსაც ესაუბრა.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა ელექტრონულ კომუნიკაციაში აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს მოსახლეობის აღწერის საფუძველზე რაიმე ტიპის გადასახადის დაწესებას და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ შესულა ძალაში. ასევე rs.ge – ის ონლაინ ჩათის მეშვეობით, მოქალაქეებს თავადაც შეუძლიათ ინფორმაციის დაზუსტება.
-
საქართველოს კანონი ქონების გადასახადის შესახებ
შემოსავლების სამსახურის მიხედვით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. დეკლარაციაში უნდა იყოს შეტანილი დასაბეგრი ქონების ღირებულება და მიწის ფართობი.
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და მისი ოჯახის წინა წლის დასაბეგრი შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს. ამასთანავე თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა.
საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესახებ განსაზღვრავს გადასახადის დაწესების სამართლებლივ საფუძველს. მე-3 მუხლში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს “ისევ მბლოკავენ ფანტინა”, თავის სხვა ანგარიშებთან ერთად (1;2) დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. მის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები და მანიპულაციური პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
მოამზადა მარიამ ბერიამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















