22 მაისს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელება ნორმად გამოაცხადა.
გიორგი ქარდავა: “ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც დეკრიმინალიზაციას უკთებს ბავშვზე ძალადობის, პედოფილის ამსახველი ვიდეოფირების ფლობას და გავრცელებას. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც საბავშვო პორნოგრაფია სახლში აქვს, ადრე ხო ეგ კანონით ისჯებოდა, დღეიდან ეგ გერმანიაში ნორმად გამოცხადდა”.
გერმანიაში ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის დეკრიმინალიზაციის შესახებ ინფორმაცია 22 მაისს ალტ-ინფოს ვებ-საიტზე გამოქვეყნდა, რომლის სქრინშოთიც სხვა ფეისბუკ მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს.
გერმანიაში ბავშვთა პორნოგრაფიული კადრების გავრცელებისთვის მინიმალური სასჯელის შემცირება არ ნიშნავს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა, შენახვა და გავრცელება დეკრიმინალიზებულია. მინიმალური სასჯელების კორექტირება მიზნად ისახავს ცალკეულ საქმეებზე უფრო ნიუანსირებული და მოქნილი სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფას, ამავდროულად, სერიოზული დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის შენარჩუნებას.
2021 წლის ივლისში გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ითვალისწინებდა 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა, გერმანიის მთავრობა მალევე მიხვდა, რომ მინიმალური სასჯელი პრაქტიკაში პრობლემური იყო. 2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ქმედება დააკვალიფიცირა როგორც მძიმე დანაშაული, რაც ნიშნავდა იმას, რომ უმნიშვნელო გადაცდომებიც კი უნდა განხილულიყო კანონის სრული მოცულობით და იწვევდა იმ პირთა კრიმინალიზაციასაც, რომლებსაც შესაძლოა უნებლიეთ ჰქონდათ მოპოვებული პორნოგრაფიის შემცველი მასალა ან მოქმედებენ კეთილი განზრახვით, მასალის სამართალდამცავებისთვის გადასაცემად. 2021 წელს გამკაცრებულმა კანონებმა გამოიწვია არასასურველი შედეგები: მშობლები, მასწავლებლები და ახალგაზრდები ხდებოდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები, თუ ისინი გაავრცელებდნენ პორნოგრაფიულ კადრებს შესაძლო დანაშაულის მტკიცებულების წარდგენით ან გაფრთხილების მიზნით. გარდა ამისა, რეფორმის შემდეგ, სისხლის სამართლის გამომძიებლებს აეკრძალათ სამართალწარმოების შეწყვეტა უმცირესი გადაცდომის შემთხვევაშიც კი, რაც ასევე აჭიანურებდა სერიოზული საქმეების გამოძიებას.
2024 წლის 17 მაისს ბუნდესტაგმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომელიც ნაწილობრივ ცვლის 2021 წელს მიღებულ კანონს „ბავშვთა პორნოგრაფიის შინაარსის გავრცელების, შეძენისა და ფლობის შესახებ“ მინიმალური სასჯელის ნაწილში. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა და შეძენა მინიმუმ სამი თვით თავისუფლების აღკვეთით, ხოლო გავრცელება მინიმუმ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გარდა ამისა, ახალი რეგულაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 184ბ ნაწილით რეგულირებული სისხლის სამართლის დანაშაულები კლასიფიცირდა როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაული. გერმანული სამართლებრივი სისტემის კონტექსტში, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან Vergehen (ნაკლებად მძიმე დანაშაული) განიხილება ნაკლებად სერიოზულად, ვიდრე Verbrechen (დანაშაული). Vergehen ისჯება ერთ წელზე ნაკლები თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით და მოიცავს ისეთ დანაშაულებებს, როგორიცაა ქურდობა, თაღლითობა და მცირე თავდასხმები. ხოლო დანაშაული (Verbrechen) უფრო მძიმე კატეგორიაშია, და ისჯება მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით და მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, გაუფრთხილებლობით მკვლელობა, გაუპატიურება და მძიმე თავდასხმა. მძიმე დანაშაულის(Verbrechen) შემთხვევაში სასამართლოები ვერ შეაჩერებენ სამართალწარმოებას, როგორც ამას ნაკლებად მძიმე შემთხვევაში გააკეთებდნენ. შესაბამისად, ასეთი ცვლილება მართლმსაჯულებას უფრო მეტ მოქნილობას აძლევს იმისთვის, რომ საქმეები ინდივიდუალუად განიხილონ, გარკვეულ შემთხვევებში საქმის წარმოება შეწყდეს, რომ არ მოხდეს იმ პირთა კრიმინალიზაცია, რომლებსაც შესაძლოა უნებლიეთ ჰქონდეთ მოპოვებული პორნოგრაფიული მასალა ან მოქმედებდნენ კეთილი განზრახვით, როგორიცაა პოლიციისთვის ასეთი მასალის მიწოდება. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილებები ასევე მიზნად ისახავს უფრო მოქნილი მიდგომის ამოქმედებას ამგვარ დანაშაულებში ჩართულ ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის. აღსანიშნავია, რომ მოზარდები შეიძლება მოქმედებენ არა სექსუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, გულუბრყვილობა ან სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური სასჯელის შემცირება საშუალებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს მოქნილი და სათანადო რეაგირება მოახდინონ უკანონო ქმედებებზე და გამოძიება გააძლიერონ პედო-კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ. ამასთანავე, კანონის 184ბ პუნქტში კვლავ შენარჩუნებულია ბავშვზე სექსუალური ძალადობის სურათების შეძენის, გავრცელების ან ფლობის სერიოზული შემთხვევებისთვის ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, გერმანიის კანონმდებლობით კვლავ შენარჩუნებულია კანონის სიმძიმე სერიოზული დანაშაულისთვის და ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი გამოსახულებების წარმოება კვლავ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში გიორგი იბერიელი პარტია “პატრიოტთა ალიანსისა” და “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” აქტიური მხარდამჭერია, ის ფეისბუქ-ჯგუფის “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !” ერთ-ერთი ადმინისტრატორიცაა.
გარდა ამისა, გიორგი იბერიელი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს დაკავებულებს მხარს უჭერს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. გიორგი იბერიელს ფეისბუქზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2, 3).
ფეისბუქ ანგარიშები “შიინ ევროპისკენ” (1,2) ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებენ. ანგარიშები არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ფეისბუქ-მომხმარებელ სანდრო ლობჟანიძეს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” არაერთხელ აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.