დავით ქართველიშვილი სენატორ ლინდსი გრემის ციტატებს მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ლინდსი გრემი
159
VIEWS

17 სექტემბერს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სენატორის ლინდსი გრემის პოლიტიკურ “ტრანსფორმაციაზე” პოსტი გამოაქვეყნა და სენატორის პოზიციის ცვლილების საჩვენებლად ორი ციტატა მოიყვანა, რომელიც გრემს მიეწერება:

“2023 წლის სექტემბერი – “უკრაინის სახით ჩვენ გვაქვს უნიკალური შენაძენი, ეს ქვეყანა მზადაა იომოს უკანასკნელ უკრაინელამდე და ამ დროს: არ დაგვიკარგავს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და კვდება უამრავი რუსი. ამაზე მაგარი კაპიტალდაბანდება ამერიკას ჯერ არ განუხორციელებია”

2024 წლის სექტემბერი – “უკრაინის ომი წამოიწყეს ბაიდენმა და ობამამ. ამიტომ მათთან დაკავშირებული ამ ომის შეწყვეტის იმედი არის ილუზია. ომის შეწყვეტა მხოლოდ ტრამპს შეუძლია და ეს უნდა მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკების გზით”

ქართველიშვილის პოსტი რამდენიმე მედიასაშუალებამ: მარშალპრესმა, news.ge-მ, Newshub-მაც გაავრცელეს. 

ლინდსი გრემი

დავით ქართველიშვილი სენატორ ლინდსი გრემის ციტატებს ინტერპრეტაციულად და მანიპულაციურად ავრცელებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გრემის პოზიციები უკანასკნელ ერთ წელიწადში შეიცვალა. გრემი ბაიდენის ადმინისტრაციას ნამდვილად აკრიტიკებს, თუმცა ომის დაწყებაში ის არ დაუდანაშაულებია და სენატორი უკრაინის მხარდაჭერასაც აქტიურად განაგრძობს.

ლინდსი გრემი Fox News-ს 15 სექტემბერს ესაუბრა უკრაინის და ასევე ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე. გრემმა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ნამდვილად გააკრიტიკა, თუმცა არც ბაიდენი და არც ობამა ომის დაწყებაში უშუალოდ არ დაუდანაშაულებია. გრემმა უკრაინის მხრიდან რუსეთის მეტი წნეხის ქვეშ მოქცევის და რუსეთის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გრემი: “ეს ადმინისტრაცია მსოფლიო ასპარეზზე კატასტროფული იყო. დაიგვიანეს იარაღის მიწოდება, დაიგვიანეს გამანადგურებლების მიწოდება, იგვიანებენ მისცენ ზელენსკის უფლება წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსეთი და დასვას ის [მოლაპარაკებების] მაგიდასთან. ავიაბაზები რუსეთში გამოიყენება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. NATO-ს მოკავშირეების უმეტესობას სურს, რომ უკრაინამ იარაღი უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, რათა არ მისცეს პუტინს პოლიტიკური დღის წერიგის დადგენის საშუალება”

ინტერვიუს დროს Fox News-ის ჟურნალისტმა გრემს კითხვა დაუსვა ზელენსკის პოზიციაზეც, რომ ომი უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობით არ უნდა დასრულდეს და რომ ეს მიუღებელი იყო უკრაინული მხარისთვის, რასთან დაკავშირებითაც გრემმა აღნიშნა, რომ ზელენსკი სწორია, რომ ომის დასრულება შემდგომი კონფლიქტებისგან თავის არიდებით სურს.

გრემი: “ის [ზელენსკი] სწორია, რომ ომის დასრულება ისე სურს, რომ ახალი ომი არ დაიწყოს. უკანასკნელი ვისაც მოვუსმენდი, თუ როგორ დავასრულოთ ომი ბაიდენის ადმინისტრაცია და ობამას გუნდია. 2014 წელს უკრაინაში მივიღეთ ომის დასასრული და მან მორიგ შეჭრამდე მიგვიყვანა. აი, რას იზამს ტრამპი – ის ისე დაასრულებს ომს, რომ არ წაახალისებს ჩინეთს შეიჭრას ტაივანში. ის დაასრულებს ომს ისე, რომ თავიდან ავირიდოთ მესამე შეჭრა. ბაიდენს არ აქვს ეფექტიანი გეგმა ომის დასრულებისთვის. მე ვუსმენ ზელენსკის და მას აქვს გეგმები. ის რაც ჩვენ გვჭირდება, არის ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს პუტინს და ზელენსკის ერთ ოთახში დასვას, რათა ისე დავასრულოთ ეს ომი, რომ მორიგი ომი აღარ დაიწყოს. მთელი მსოფლიო გვიყურებს”.

გრემის სრული კომენტარიდან ჩანს, რომ რამდენადაც ის ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, უკრაინის მხარდამჭერად რჩება და სურს, რომ უკრაინამ ომის დამთავრება ძლიერი პოზიციიდან, ტერიტორიის დაკარგვის გარეშე შეძლოს, ომის ისე დასრულდეს, რომ შემდგომი კონფლიქტი თავიდან არიდებული იყოს.

Fox News-თან საუბრამდე რამდენიმე დღით ადრე ლინდსი გრემმა CBNS-სთან კომენტარშიც აღნიშნა, ტრამპი უკრაინას ომის დასასრულებლად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა. გრემმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არჩევნებამდე უფლება უნდა მისცენ, იარაღი უფრო ეფექტიანად რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენონ და ასევე გაამკაცრონ სანქციები. არჩევნების შემდეგ კი მორიგი დახმარების პაკეტი მისცენ უკრაინას. 

აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბერს სენატორმა გრემმა დემოკრატ სენატორ ბლუმენტალთან ერთად უკრაინაში მეექვსე ვიზიტის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქტი წარადგინა. 

გრემი: “ეს კანონმდებლობა უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უჭერს მხარს და ნათელი გზავნილია მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის, რომ მათ გვერდით ვდგავართ. ასევე ნათლადაა გაწერილი, რომ რუსეთის აგრესიას არ დავუთმობთ რუსულ აგრესიას”

აღსანიშნავია, რომ ქართველიშვილს ნაწილობრივ მანიპულაციურად მოჰყავს გრემის 2023 წლის ფრაზებიც. აშშ-ის სენატორმა წარსულში ნამდვილად აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა და რომ რუსეთის დასუსტება ამერიკელი სამხედროების დაკარგვის გარეშე ხდება. თუმცა რუსების სიკვდილი და აშშ-ის მხარდაჭერა და ინვესტიცია ერთ კონტექსტში არ უხსენებია. მსგავსი მანიპულაციური ინფორმაცია 2023 წლის მაისშიც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist