24 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Mamisashvili გამოაქვეყნა პოსტი წარწერით “სულ ახლო მომავალში. დაიცავით თქვენი შვილები შხამქცინირებისგან, იწყებენ მშობლების დაუკითხავად.” პოსტის ავტორის თანახმად, სკოლებში ვაქცინაცია მშობლების დაუკითხავად იწყება, პოსტს საიტი ese.ge-ის მასალის სქრინები ერთვის. ese.ge-ის სტატიის სათუარია: “აუცილებლად გააზიარეთ, რატომ და რომელ მოსწავლეებს აცრიან სკოლებში.” ese.ge-ის აღნიშნული მასალა 24 მარტს კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji-მ შემდეგი კომენტარით გააზიარა: “SOS…ბავშვებსაც მიადგნენ! სკოლებში აცრას დაიწყებენ!ფაშიზმი გრძელდება!იძინე ერო…. )))))”
ese.ge 2019 წლის აგვისტოს სტატიის ტექსტს თარიღის მითითების გარეშე აქვეყნებს, მასალის ტექსტი რეალურად მოსწავლეებში პროფილაქტიური აცრების ჩატარებას ეხება, თუმცა საქართველოში ახლახანს დაწყებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ფონზე სტატიის სათაური და პოსტებში თანდართული ტექსტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სკოლებში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა მშობლების თანხმობის გარეშე იწყება.
Ese.ge-ის სტატიის იდენტური ტექსტი პირველად ინტერნეტში კორონავირუსის გამოჩენდამდე ბევრად ადრე, 2019 წლის 21 აგვისტოს Mshoblebi.ge-ზე გამოქვეყნდა, mshoblebi.ge-ზე დაყრდნობით სტატია იმავე დღეს progressnews.ge-მაც გამოაქვეყნა.
მასალაში მოცემულია ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებში გეგმიური ვაქცინაციის შესახებ. სტატიაში ხაზგასმულია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური ვაქციანცია სრულად არ აქვთ ჩატარებული, აცრები სკოლებში ჩაუტარდებათ, პროცესის მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) განახორციელებს. სტატიაში ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარიცა მოყვანილია, რომლის მიხედვით, წინა წელს წითელას ეპიდემიის გამო სხვადასხვა ღონისძიების გატარება გახდა საჭირო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თუ რომელიმე მშობელს საყოველთაო ვაქცინაციაზე უარის თქმა ენდომება, შესაბამისი დასაბუთებული დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.
mshoblebi.ge-ის 2019 წლის სტატიის იდენტური ტექსტი კორონავირუსის პანდემიის პერდიოდში 2020 წლის 11 აგვისტოსაც გავრცელდა, სტატია Tvalsazrisi.ge-სა და რამდენიმე ქლიქბეით საიტზეც გამოქვეყნდა, მათ შორის ntv.ge და netsport.ge. ese.ge-ის მსგავსად, ტექსტებში რეალური თარიღი ან წყარო მითითებული არ იყო.
ntv.ge-ს სტატია 2020 წლის 28 აგვისტოს რამდენიმე საჯარო ჯგუფში ერთი მომხმარებლის Mariam Timoshenko-ს მიერ გაზიარდა.
Maria Timoshenko კი თავის მხრივ ყალბი ანგარიშია, რომელიც ესპანელი მოდელის Natalia Barulich-ის იდენტობას იპარავს.
სათაურისა და სტატიის სენსაციურობიდან, ასევე სამინისტროს კომენტარის რეალური თარიღის მითითების გარეშე გავრცელებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სკოლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყებოდა.
რაც შეეხება ese.ge-ის სტატიას, მართალია მასალაში მისი გამოქვეყნების თარიღი არ ჩანს, თუმცა ფეისბუქზე მისი გავრცელება 2021 წლის 24 მარტს დაიწყო. სტატიის გამზიარებლები Giorgi Mamisashvili და Nina Marji ძირითადად ანტივაქსარულ ინფორმაციებს აქვეყნებენ და საქართველოსა და მსოფლიოში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მათ ანგარიშებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციები ხშირად ხვდება. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ese.ge-ის სტატიასა და პოსტებზე თანდართულ ტექსტებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ნახსენები არ არის, განმარტების გარეშე მისმა გავრცელებამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ სკოლებში მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია, მშობლების დაუკითავად, სწორედ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით წარიმართებოდა.
- სავალდებულოა თუ არა მოსწავლეებისთვის რომელიმე ვაქცინაცია?
2020 წლის 20 მაისი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, განსაზღვრულია ის ინფეცქიური დაავადებები, რომლებისთვისაც პროფილაქტიკური აცრები სავალდებულოა, ასევე განსაზღვრულია ის ასაკი, როცა ადამიანს აცრა უნდა ჩაუტარდეს.
სავალდებულო პროფილაქტიკურ ვაქცინებს შორისაა: B ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, ტეტანუსი-დიფთერიის, დიფთერია-ყივანახველაა, პნევმოკოკური ინფექციის, როტავირუსული ინფექციის, წითელას, წითურას, ყბაყურას ადა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. მიუხედვად იმისა, რომ ჩამოთვლილი დაავადებებისთვის აცრას სავალდებულო ხასიათი აქვს, მშობელს შეუძლია მასზე უარი თქვას. ამისთვის შექმნლია ოფიციალური ფორმაც, რომელსაც მშობელი ავსებს და შესაბამის სტრუქტურას წარუდგენს. ფორმაში ჩამოთვლილია აუცრელობის ყველა რისკი, ხელმოწერით კი მშობელი ადასტურებს, რომ თითოეულ მათგანს იაზრებს და აცნობიერებს.
იმ დაავადებების ჩამონათვალში, რომელთათვისაც ვაქცინაცია სავალდებულოა კორონავირუსი ნახსენები არ არის, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ნებაყოფლობით ხასიათზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა. ინფორმაცია საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგ ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.