რა ვიცით USAID-ის მიერ დასავლური მედიების დაფინანსების შესახებ?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

დასავლური მედიები
726
VIEWS

20 თებერვალს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა “ევროკრატია” ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დასავლური მედიების დაფინანსებას შეეხებოდა. ჟურნალისტი დათა გვასალია სიუჟეტში “USAID-ის ბნელი მხარე” ამბობს, რომ სააგენტომ ისეთ მედიებს, როგორიცაა Politico, BBC, The New York Times და Associated Press მილიონობით დოლარი გადაუხადა. სიუჟეტში უკრაინული მედიის შესახებაცაა საუბარი და მასზე ნათქვამია, რომ 10-დან 9 მედიასაშუალებას უკრაინაში USAID აფინანსებდა, საგარეო დახმარების შეჩერების შემდგომ კი ისინი არსებობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. დათა გვასალიას მსგავსი სტატისტიკა იმის სადემონსტრაციოდ მოჰყავს, რომ დასავლეთსა და ამერიკაში მედია თავისუფალი არ არის და ამერიკის წინა ადმინისტრაცია USAID-ის დაფინანსების საშუალებით მათ კონტროლს ცდილობდა. 

“ევროკრატიის” ეპიზოდი ფეისბუქ-მომხმარებელმაც გამოაქვეყნა.  

დასავლური მედიები

POSTV-ის გადაცემაში “ევროკრატია” USAID-ის მიერ დასავლური მედიების დაფინანსების შესახებ მცდარი და მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება: 1) Politico-სთვის USAID-ს გრანტი არ მიუცია. რეალურად, USAID-მა 44 ათასი დოლარი მედიის პრემიუმ ვერსიის, POLITICO Pro.-ს გამოწერისთვის გადაიხადა. სახელმწიფო უწყებები, ძირითადად, The New York Times-საც გამოწერისთვის უხდიდნენ თანხას. 2) USAID-ის დაფინანსება არა BBC-მ, არამედ ორგანიზაცია BBC Media Action-მა მიიღო, რომელიც ხელმძღვანელებითა და დაფინანსებით ტელევიზიისგან დამოუკიდებელია; 3) Associated Press წლებია ამერიკის სახელმწიფო უწყებებისგან თანხას იღებს, თუმცა არასდროს მიუღია გრანტი USAID-ისგან; 4) უკრაინიაში მომუშავე არაერთი მედია ფინანსდება საერთაშორისო დონორების მიერ, მათ შორისაა USAID. თუმცა, არასწორია მტკიცება, რომ მედიის 90% სააგენტოს დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ორგანიზაციის შესწავლით, ბევრად მცირეა იმ უკრაინული მედიების რაოდენობა, რომლებიც სრულად დამოკიდებული არიან USAID-ის დაფინანსებაზე. 

ამერიკის საგარეო განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დისკუსია გაააქტიურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, 90 დღით შეეჩერებინა აშშ-ს ყველა საგარეო დახმარება. გადაწყვეტილებამ და მთავრობის ეფექტიანობის დეპრტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის პოსტებმა არაერთი კონსპირაციის თეორიაც წარმოშვა. მცდარი ინფორმაციის გადამოწმება იმანაც გაართულა, რომ USAID-ის ვებ-საიტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. 

  • აფინანსებდა თუ არა USAID ამერიკულ და ბრიტანულ მედიას?

გადაცემა “ევროკრატიაში” ჟურნალისტი ამბობს, რომ გასულ წელს BBC-ის მეორე ყველაზე მსხვილი დონორი USAID იყო. ამის დამადასტურებლად კი აჩვენებს პლატფორმა X-ის პოსტს, რომელზეც დიაგრამაა ასახული და ჩანს, რომ მისი ნაწილია USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხაც, 2.5 მილიონ ფუნტზე მეტი. სინამდვილეში, დაფინანსება ბრიტანულ ტელევიზია BBC-ის არ ეკუთვნის. 2023-2024 წლის გარკვეულ პერიოდში, სააგენტოს 2.613 ფუნტის დახმარება ტელეკომპანიისთვის არ გამოუყვია და ის BBC Media Action-ს მიემართებოდა. BBC Media Action ტელევიზიისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს, რათა ხელი შეუწყოს მიუკერძოებელი, გავლენიანი და სანდო მედიის განვითარებას. დიაგრამა, რომელსაც “ევროკრატიაში” აჩვენებენ, BBC Media Action-ის ყოველწლიური შემაჯამებელი ანგარიშიდანაა. დაფინანსების მიმოხილვის თავში ნაჩვენებია სწორედ ის დიაგრამა (გვ. 40), რომელზეც 2023-2024 წლის 10 ყველაზე მსხვილი დონორია დატანილი. მათ შორის მოხვდა USAID-იც. გარდა სააგენტოსა, BBC Media Action ასევე დააფინანსა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გვ. 41). 

დასავლური მედიები
წყარო: BBC Media Action

ორგანიზაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, განცხადება გამოაქვეყნა BBC Media Action-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა და განმარტა, რომ ორგანიზაციისა და BBC-ის დაფინანსება, ისევე როგორც ხელმძღვანელობა, განსხვავებულია და მათთვის გრანტის მიცემა ტელევიზიის დაფინანსებას არ ნიშნავს. მან ისიც აღნიშნა, რომ გასულ წელს USAID-ის დაფინანსებამ ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 8% შეადგინა. 

BBC ბრიტანეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება და გასული წლის ფინანსურ ანგარიშში არსად არის ნახსენები, რომ მან დაფინანსება მიიღო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან.  

მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ამერიკული პოლიტიკური შინაარსის გამოცემა POLITICO-ს შესახებაც. როგორც ჟურნალისტი დათა გვასალია ჰყვება, მედიამ USAID-სგან 34 მილიონი დოლარი მიიღო. ამერიკის ფედერალური დახმარების ელექტრონულ ბაზაში 2008 წლიდან გაცემული თანხებია ხელმისაწვდომი. POLITICO-სთვის გამოყოფილმა თანხამ გასულ წელს 8.1 მილიონი შეადგინა, ხოლო უკვე წელს მედიას 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს (All Fiscal Years). სახელმწიფომ ყველაზე მეტი, 4.42 მილიონი დოლარი POLITICO-ს პერიოდული გამოცემებისა და გაზეთებისთვის გადაიხადა. გარდა ამისა, USAID-ისა და პოლიტიკოს ორი ერთობლივი კონტრაქტი იძებნება, რომელიც 2023-2024 წლებშია გაფორმებული, მათ მიზნობრიობად კი ვებ-გვერდის გამოწერაა მითითებული. კონტრაქტის საერთო საფასური 44 ათასი დოლარია. მედია ასევე ფლობს POLITICO Pro.-ს, რომელიც  მედიის პრემიუმ ვერსიაა. ბრალდებებს ასევე უპასუხა POLITICO-მაც. აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი რედაქტორის ერთობლივი განცხადებით, POLITICO კერძო კომპანიაა, რომელსაც 18 წელია არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ხოლო USAID-მა მათი პრემიუმ ვერსიის გამოწერისთვის გადაიხადა თანხა. 

POSTV ასევე ამტკიცებს, რომ USAID-მა ამერიკულ მედია Associated Press-ს 19 მლნ დოლარზე მეტი  მისცა. თუ ამერიკის დახმარების სამთავრობო საიტზე USAID-ისა და AP-ის საერთო კონტრაქტებს მოვძებნით, აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის არანაირი კონტრაქტი არ გაფორმებულა და მედიას გრანტი ან სხვა ფინანსები სააგენტოსგან 2008 წლიდან დღემდე არ  მიუღია. თუმცა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან მას 37 მლნ დოლარზე მეტი აქვს მიღებული (All Fiscal Years), მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციამდეც. 

დასავლური მედიები
წყარო: USA Spending

USA Spending-ზე ასევე შეუძლებელია The New York Times-ისა და USAID-ის საერთო კონტრაქტების პოვნა, თუმცა როგორც სხვა მედიები, ამერიკის მთავრობისგან მასაც მიუღია თანხა. 2.4 მილიონი დოლარის დიდი ნაწილი, ისევ გამოწერასა და გაზეთის ბეჭდურ ვერსიებში დაიხარჯა (All Fiscal Years). POSTV-ის გადაცემაში ამტკიცებდნენ, რომ მედიამ 50 მილიონ დოლარამდე მიიღო. 

  • ფინანსდება თუ არა 10-დან 9 უკრაინული მედია USAID-ის მიერ?

“ევროკრატიის” სიუჟეტში  აღნიშნავენ, რო უკრაინაში 10-დან 9 მედიას USAID აფინანსებდა. ჟურნალისტი მას “დიფ სთეითის მიერ მედიის კონტროლს” უკავშირებს. ინფორმაციის წყარო კი პლატფორმა X-ზე აქტიურობით გამორჩეული ლინდსი პენია. მის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია მცირეა. სოციალური ქსელის აღწერაში მიუთითებს, რომ ის თავისუფალი სიტყვის ექსპერტია. პენმა პოდკასტ Tim Pool-ში ისაუბრა USAID-ის მიერ უკრაინული მედიის დაფინანსების შესახებ, ხოლო დასაწყისში თავი წარადგინა, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი. უცნობია, რომელ მედიაში მუშაობს ან რა საკითხებს იძიებს პენი. პოდკასტში (დრო: 17:00) ის ამბობს, რომ უკრაინაში 10-დან 9 ტრადიციული მედიასაშუალება USAID-ის მიერ ფინანსდება. მსგავსი ცნობა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Stop Fake-მა შეისწავლა და მანიპულაციად შეაფასა

დასავლური მედიები

დასავლურ სივრცეში უკრაინული მედიების ამ სტანდარტით დაფინანსებაზე დაწერა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF). ორგანიზაციამ დაწერა: “უკრაინაში, სადაც 10-დან 9 მედია დამოკიდებულია სუბსიდიაზე და USAID არის მთავარი დონორი, ბევრმა მედიამ, უკვე გამოაცხადა თავისი აქტივობის შეჩერების შესახებ და ალტერნატიული გამოსავალს ეძებს”. მოგვიანებით, ორგანიზაციამ სტატია ჩაასწორა და დაწერა, რომ 10-დან 9 უკრაინული მედია საერთაშორისო დაფინანსებას იღებს და USAID მათ შორის მთავარი დამფინანსებელია. RSF-მა განმარტა გაუგებრობა, რომ თითქოს უკრაინული მედიების 90% სრულად დამოკიდებული იყო სააგენტოს დაფინანსებაზე. 

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობოდა უკრაინის “მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის” დირექტორის, ოქსანა რომანიუკის ციტატას. რომანიუკმა თქვა, რომ “უკრაინული მედიის 90% გრანტებით გადარჩა.” მან ისიც თქვა, რომ მართალია, მედიების დიდ ნაწილისთვის ამერიკა მნიშვნელოვანი დონორი იყო, თუმცა არსებობს ევროპული ფონდებიც და იმედი გამოთქვა, ევროპული ინსტიტუტები ლიდერობას საკუთარ თავზე აიღებენ. 

ამავე ორგანიზაციამ თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელის მიზანიც მედიებზე ამერიკული დახმარების შეჩერებით გამოწვეული ზიანის დადგენა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ მედიის 35% ამბობს, რომ დაფინანსების 75%-ზე მეტი დამოკიდებული იყო ამერიკულ გრანტებზე. კვლევაში კონკრეტულად USAID-ის დაფინანსების წილი არ არის გამოკვეთილი. 

დასავლური მედიები
წყარო: მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი

ბოლო პერიოდში USAID-ის მიერ გამოყოფილი გრანტების შესახებ არაერთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა. დაინტერესებული აქტორები სააგენტოს დაფინანსებას ფუჭად წარმოაჩენენ და განვითარებად ქვეყნებში შეუსაბამო პროექტების დაფინანსებას ედავებიან. “მითების დეტექტორი” მსგავს საეჭვო ცნობებს სისტემატურად ამოწმებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist