- სულ ცოტა 2014 წლიდან ბევრ ქვეყანასა და ენაზე ყალბი ცნობები და დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლებშიც დასავლეთი რუსეთზე თავდასხმაშია დადანაშაულებული.
- ევროკავშირის საგარეო სამსახურის თანახმად, ეს „ყველაზე გავრცელებული ნარატივია“ და ის თანაარსებობს ისეთ დეზინფორმაციასთან, რომელიც ამ ნარატივთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდის.
- მათი გზით ვრცელდება, ერთი მხრივ, გზავნილი, თითქოს რუსეთი ომს არა უკრაინის, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და, მეორე მხრივ, თითქოს უკრაინის მხარდაჭერა სულ უფრო მცირდება და შესაბამისად, რუსეთის გამარჯვება ახლოვდება.
- ის, რომ დეზინფორმაციული კამპანიებში წინააღმდეგობრივი ნარატივები ერთმანეთს ერწყმის არ არის შემთხვევითი; ექსპერტების თანახმად, ეს არის კრემლის სტრატეგია, რომლის მიზანიცაა, „ოპონენტებს წონასწორობა დაურღვიოს.“
- ამ კამპანიებით არა მარტო მოკავშირე ქვეყნების დესტაბილიზაციას, არამედ იმ ჯარისკაცებზე ზემოქმედებას ცდილობენ, რომლებმაც უკრაინის ფრონტზე წასვლა გადაწყვიტეს.
ცრუ ცნობები, თითქოს დასავლეთის ქვეყნები რუსეთს თავს ესხმიან; დეზინფორმაცია, თითქოს ამავე დროს ამ ქვეყნების მთავრობებმა უკრაინას დახმარება შეუწყვიტეს – ეს ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიებია, რომელთა მეშვეობითაც პრო-კრემლისტური თუ კრემლთან დაახლოებული აქტორები ნატო-სა და დასავლეთს ქვეყნების როლის შესახებ მასალებს ავრცელებენ. მიუხედავად მათი თითქოსდა წინააღმდეგობრივი ხასიათისა, ეს დეზინფორმაციული კამპანიები უკვე მინიმუმ ათი წელია სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდა.
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, თანმიმდევრული ნარატივების არარსებობა შემთხვევითი რამ არ არის, არამედ სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს, „ოპონენტებს წონასწორობა დაურღვიოს.“
წინამდებარე კვლევა მესამე ნაწილია პროექტისა, რომელსაც Maldita.es / Maldita Hemeroteca (ესპანეთი) უძღვება და რომელშიც Stopfake (უკრაინა), DELFI.lt (ლიეტუვა), მედიის განვითარების ფონდი, MDF (საქართველო), Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია), Animal Político (მექსიკა) და EsPaja (ვენესუელა) მონაწილეობენ. უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) და ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიების შესასწავლად შეიქმნა ნოვატორული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რის შედეგადაც სისტემა ცენტრალიზებულია და ფუნქციონირებს როგორც ამ ქვეყნებში გამოვლენილი დეზინფორმაციის საცავი. საერთო მეთოდოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები და ნარატივები, რომლებიც ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ერთდროულად ვრცელდება.
ბრალდებები მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, რეალობის დამახინჯება, თვეების ან წლების წინა გადაღებული ფოტოების გავრცელება, თითქოს ისინი უკრაინას ან დღევანდელ დღეს ასახავს ის ტაქტიკებია, რომლებსაც აქტორთა მრავალფეროვანი არმია – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინიდან დაწყებული პრო-რუსი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მედიაორგანიზაციებითა თუ სოციალური ქსელების ინფლუენსერებით დასრულებული – თავიანთი ამოცანების მისაღწევად მიმართავს.
ყალბი ამბები და დეზინფორმაცია, რომლებიც ვრცელდება ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე ქვეყანა უკრაინაში დახმარების გაგზავნაზე საუბრობს
ბოლო თვეებში მასალები, რომლებშიც აცხადებდნენ, თითქოს ნატო-მ ახლახან რუსეთის ტვერის რეგიონი დაბომბა, ანდა საფრანგეთმა და ლიეტუვამ უკრაინაში ჯარები გააგზავნეს, ერთსა და იმავე დროს ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. მართალია, დეზინფორმაციული მასალები და ყალბი ცნობები განსხვავდება ქვეყნებს შორის, ისინი ერთი და იმავე ნარატივის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ნატო და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უშუალოდ რუსეთს უტევენ.
2024 წლის მარტი-მაისის პერიოდში, საქართველოში, კოლუმბიასა და მექსიკაში, ვირუსულად ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ეთქვას, რომ ჩინეთი და რუსეთი „პარტნიორები და მეგობრები“ არიან და იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის გავლენით, ნატო რუსეთთან კონფლიქტს წამოიწყებს, ჩინეთი მის ხელთ არსებულ სამხედრო რესურსებს რუსეთის დასაცავად გამოიყენებს.
სიცრუეა: ჩინეთის პრეზიდენტის ასეთი განცხადებები არსად არ იძებნება. „ბრიკს“ ჯგუფი (BRICS, მასში შემავალი ქვეყნების – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა – აბრევიატურა) პოლიტიკის და უსაფრთხოების, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის არაფორმალური ჯგუფია.
ეს დეზინფორმაციის ტრანსსასაზღვრო კამპანიებია, რომლებიც ერთი კონტინენტიდან მეორეზე დროის მოკლე პერიოდში ვრცელდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, „კრემლი დეზინფორმაციის ამ ნარატივს ყოველ ჯერზე აცოცხლებს, როდესაც უკრაინის პარტნიორები უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების შესახებ განცხადებას აკეთებენ.“ ამ გზით ისინი რუსეთის მოსახლეობას ამ კონფლიქტს წარუდგენენ, როგორც ომს, „რომელიც მათ უკრაინის წინააღმდეგ აშშ-დან და ნატო-დან მომავალი საფრთხეების საპასუხოდ დაიწყეს.“
ბოლო თვეებში რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ომის შესახებ განცხადებას ან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას ბევრი ყალბი ცნობა და დეზინფორმაცია მოჰყვა. იგივე მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული გრძელი რადიუსის რაკეტები პირველად გამოიყენა:
- ფაქტი: 2024 წლის თებერვლის ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა (და სხვა დროსაც გაიმეორა), რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის წინსვლის შემთხვევაში, უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას არ გამორიცხავდა, რათა უკრაინა მოსკოვის შესაძლო თავდასხმას გამკლავებოდა.
- დეზინფორმაცია: მარტსა და მომდევნო თვეებში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთი შეიარაღებულ ძალებს ფრონტზე აგზავნიდა.
- ფაქტის გადამოწმება: 6 მაისს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და მას „დეზინფორმაციული კამპანია“ უწოდა. ეს ცრუ ცნობა სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის ესპანეთში, საქართველოსა და პორტუგალიაში. ლიეტუვაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად იყო, ფრონტზე ჯარისკაცები გაეგზავნა. თუმცა ასეთი განცხადებების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს; ნაუსედამ მხარი დაუჭირა დისკუსიების გამართვას უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად უცხოელი სამხედროების შესაძლო გაგზავნის თაობაზე. დეზინფორმაციის ამ სტრატეგიის შესახებ EUvsDisinfo ჯერ კიდევ მაისში წერდა.
- ფაქტი: 2024 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის წინააღმდეგ შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენოს.
- დეზინფორმაცია: ვრცელდება ვიდეო, თითქოს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ევროპის ქალაქებს ბირთვული დარტყმებით ემუქრება.
- ფაქტის გადამოწმება: ეს ვიდეო რეალურია, მაგრამ ის დღევანდელი არ არის, არამედ ეთერში 2024 წლის ივლისს გავიდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ნატო-ს ამერიკულ სამხედრო ძალებს გერმანიაში განათავსებდა. ამ ვიდეოში წამყვანი ამბობს, რომ, თუ ეს შეთანხმება რეალობად იქცევა, მაშინ ევროპის ყველა დედაქალაქი კალინინგრადში განთავსებული „რუსული რაკეტების რისკის ქვეშ“ აღმოჩნდება. ვიდეოში მიუთითებენ, რომ რუსეთის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ნატო-ს ბაზები გერმანიაში და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.
- ფაქტი: 2024 წლის 19 ნოემბერს უკრაინამ პირველად გამოიყენა აშშ-ში წარმოებული შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის წინააღმდეგ.
- დეზინფორმაცია: ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ევროპარლამენტარები ტაშს უკრავენ, ვირუსულად გავრცელდა. ის ცირკულირებდა აღწერით, თითქოს ევროპარლამენტარები „ოვაციებით შეხვდნენ უკრაინისთვის ნებართვის მიცემას, ამერიკული რაკეტებით დაერტყა რუსეთისთვის.“
- ფაქტის გადამოწმება: ეს ვიდეოც სიცრუე იყო: ფოტოები გადაღებულია 2024 წლის 19 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ. ამ გამოსვლაში ზელენსკის ამერიკული რაკეტებით რუსეთზე თავდასხმა საერთოდ არ უხსენებია. Maldita.es-მა ამ შინაარსის მქონე 17 ვიდეო გამოავლინა (რომლებსაც 10,000 მეტი ნახვა ჰქონდა) ოთხ ენაზე (ესპანური, ინგლისური, იტალიური და ფრანგული).
ევროკავშირის საგარეო სამსახურის თანახმად, ნარატივი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ნატო ან მისი წევრი ქვეყნები უშუალოდ რუსეთს ესხმიან თავს, „ყველაზე გავრცელებული“ ნარატივია იმ გზავნილებსა და მტკიცებებში, რომლებიც ამ სამსახურმა გააანალიზა მის პირველ ანგარიშში უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) შესახებ.
ეს ნარატივი სულ ცოტა 10 წელია, რაც აქტიურად გამოიყენება, განმარტავს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში რომან ოსადჩუკი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული ანალიტიკური ცენტრის და ნატო-სთან დაახლოებული „ატლანტიკური საბჭოს“ ერთ-ერთი განყოფილების, „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის,” ევრაზიის საკითხთა ასოცირებული მკვლევარია. „მისი გამოყენება ჯერ კიდევ ევრომაიდნის დემონსტრაციების დროიდან, დაახლოებით 2014 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ რუსები ამტკიცებენ, თითქოს დასავლეთი უკრაინის საქმეებში ერევა,“ ამბობ ის.
ფაქტების გადამოწმების უკრაინული ორგანიზაცია, StopFake, ამ ნარატივს 2016 წლიდან ამოწმებს და ააშკარავებს. მაგალითად, იმ წელს კრემლის მიერ კონტროლირებადმა ან კრემლთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გაფრთხილებები მოდიოდა „ნატო-ს მხრიდან გარდაუვალი თავდასხმის“ შესახებ. 2020 წელს ამ ორგანიზაციამ გამოააშკარავა დეზინფორმაცია, თითქოს ნატო-ს ჯარები დონბასში შევიდნენ.
ამ ნარატივის გავრცელებას და დროში განგრძობადობას ასევე ხელს უწყობს კრემლთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტორი, რომლებიც მას სოციალურ ქსელებში აზიარებენ. მის აქტიურად გავრცელებასა და გაძლიერებაში სხვადასხვა აქტორია ჩართული – რუსეთის სამინისტროებიდან დაწყებული ინფლუენსერებით დამთავრებული.
როგორ ძლიერდება ეს ნარატივი
მთავარი მხარდამჭერი ნარატივისა, თითქოს უკრაინაში შეჭრა თავდაცვითი ომია „რუსეთის სუვერენიტეტის“ დასაცავად, არის პუტინი. ის ამ რიტორიკას იყენებს იმისათვის, რომ გაამართლოს სამხედრო მობილიზაცია, გაყალბებული რეფერენდუმები და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და ამ კონფლიქტის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთსა და ნატო-ს დააკისროს. 2022 წლის 31 დეკემბერს მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში პუტინმა დასავლეთი „მშვიდობის შესახებ ტყუილებსა და აგრესიისთვის მზადებაში“ და „რუსეთის დასუსტების და დაყოფის საშუალებად უკრაინის ცინიკურად გამოყენებაში“ დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ აშშ-მ ნატო-ს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან კოალიცია შეკრა და რუსეთის წინააღმდეგ არაპირდაპირი ომის საწარმოებლად უკრაინას იყენებს.
2022 წლის მარტში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ ქმნის „ეთნიკურ ბიოლოგიურ იარაღს“ იმისათვის, რომ ის ეთნიკური სლავების, ანუ, რუსები წინააღმდეგ გამოიყენოს. ეს ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა.
იმავე წლის ოქტომბერში სამინისტრომ ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ უკრაინაში „ჭუჭყიანი ბომბი“ მზადდებოდა. სინამდვილეში, ეს ფოტოები სრულიად სხვა რამეს ასახავს. „დოიჩე ველემ“ დაადგინა, რომ გავრცელებული ფოტოები ძველი ფოტოებია, რომლებზეც რუსეთის ატომური ელექტროსადგურები და სლოვენიაში კვამლის დეტექტორები ჩანს.
ამ დეზინფორმაციული ნარატივების გავლენა საზოგადოებრივ აზრზე: გამოკითხვები მათ ეფექტიანობაზე მიუთითებს
ისეთი წინააღმდეგობრივი გზავნილების მიუხედავად, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ საფრანგეთმა და ლიეტუვამ შეიარაღებული ძალები გაგზავნეს უკრაინაში ანდა, რომ ქვეყნები გადაიღალა უკრაინელი ლტოლვილების ფინანსური მხარდაჭერით, ეს ნარატივები საზოგადოებაში ვრცელდება; ისინი რუსეთის ფარგლებს გარეთ საგარეო დეზინფორმაციის და ქვეყნის შიგნით საშინაო დეზინფორმაციის სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, გავლენას ორივე ფრონტზე ახდენს.
ამის მაჩვენებელია არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიის ცენტრის კვლევა, რომელშიც შეთქმულების თეორიები, დეზინფორმაცია და ანტისემიტური ნარატივებია გაანალიზებული: გერმანიაში რესპონდენტთა 19% ეთანხმება მტკიცებას, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში მოსკოვის რეაქცია იყო ნატო-ს პროვოკაციებზე, რადგან მას სხვა გზა არ დაუტოვეს. კიდევ 21% ნაწილობრივ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ამრიგად, ჯამში გერმანელთა 40%-ს ამ ნარატივის ნაწილობრივ მაინც სჯერა.
კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2024 წელს „ლევადა ცენტრმა“ (რუსეთის წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც 2016 წლიდან მის ქვეყანაში „უცხოურ აგენტად“ მიიჩნევა) რუსეთში ჩაატარა, „რესპონდენტთა ორი-მესამედი კვლავ შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმაზე, რაც უკრაინაში ხდება და მათი ეს რწმენა წლების განმავლობაში ძლიერდება.“ ასევე, რესპონდენტთა ორი-მესამედი (65%) პასუხისმგებლობას უკრაინაში სიკვდილსა და ნგრევაში აშშ-სა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს აკისრებს და ასეთთა პროცენტული წილი უკრაინაში შეჭრის შემდეგ იზრდება.
როგორც ელკანოს სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა მირა მილოშევიჩ-ხუარისტიმ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანალიზში განმარტა, კრემლის მიერ მართული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ რუსეთს ჰეგემონიური და დეკადენტური დასავლეთი ემუქრება, რომელსაც საერთაშორისო წესრიგიდან მისი გამოთიშვა სურს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, სანამ შეიჭრებოდა რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში რამდენიმე ყალბი ცნობა და დეზინფორმაცია გავრცელდა. იანვრის ბოლოს, ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, როდესაც უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალები განლაგდა და აშშ-მ გაფრთხილება გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, თითქოს, BBC-მ გაავრცელა გაფრთხილება რუსეთსა და ნატო-ს შორის გარდაუვალ ომსა და ბირთვული საჰაერო დარტყმის საფრთხის შესახებ. ეს ვიდეო არა მხოლოდ სიცრუე იყო, არამედ ირლანდიური კომპანიის ცრუ გამოსახულებას წარმოადგენდა, რომელიც წლების წინ, 2018 წელს, ცირკულირებდა. მისი სიყალბე ფაქტების სხვა გადამმოწმებლებმა, მაგალითად, „როიტერსმა“ გამოავლინეს.
თებერვლის დასაწყისში გავრცელდა თითქოსდა ნატო-ს ბაზების რუკა. მასზე ჩანდა ესპანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი და უკრაინა. ნატო-მ განმარტა, რომ რუკაზე არ იყო მისი ბაზები ნაჩვენები და მასზე დატანილი ნიშნები არ ემთხვეოდა იმ ნიშნებს, რომლებითაც ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებულ რუკებზე ამ ორგანიზაციის ბაზებია სხვადასხვა ქვეყანაში მონიშნული.
ასევე ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა ჯარისკაცები იატაკქვეშეთში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ნატო-ს სამხედროები იყვნენ და ისინი უკვე კიევში იმყოფებოდნენ. თუმცა, ეს 2015 წელს სტოკჰოლმში ჩაწერილი ვიდეო აღმოჩნდა.
უკრაინას რესურსები ეწურება, დასავლეთი დახმარებას უწყვეტს: დესტაბილიზაციის სტრატეგია
იმ აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის პარალელურად, თითქოს დასავლეთის ქვეყნები რუსეთს თავს ესხმიან, ზოგჯერ საპირისპირო დეზინფორმაციაც ვრცელდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების თუ თავად უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევამ დაღალა.
ამის ერთ-ერთი მაგალითია გასულ სექტემბერს გავრცელებული მასალა, თითქოს შვედეთი „მზად არის, 30,000 ევრო გადაუხადოს თითოეულ უკრაინელ მიგრანტს, რომელიც გადაწყვეტს, ნებაყოფლობით დატოვებს სკანდინავიის ქვეყნებს.“ StopFake-მა ეს ინფორმაცია უარყო. მართალია, შვედეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტრო აპირებს თანხის მოცულობის 3,000 ევროდან 30,000 ევრომდე გაზრდას 2026 წლისთვის, მაგრამ, სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, ეს ზომა იმ მიგრანტებს ეხება, რომლებიც, უმუშევრობის ან დაბალი შემოსავლის გამო, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებენ და არა იმათ, ვისაც „ცხოვრების უფლება აქვს მასობრივი მიგრაციის დირექტივის შესაბამისად და უკრაინიდან ჩამოვიდა.“
ასეთი დეზინფორმაციით ზოგჯერ ვრცელდება ცნობები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისა და მის ნაცვლად კონფლიქტის მქონე სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ყალბი ცნობის თანახმად, რომელიც საქართველოში ცირკულირებდა, საფრანგეთმა შეუწყვიტა დახმარება უკრაინას და მის ნაცვლად სომხეთს ეხმარებოდა. როგორც „მითების დეტექტორი“ განმარტავს, საფრანგეთმა სომხეთთან 2023 წელს ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებს, 2024 წლის ივნისში კი საარტილერიო სისტემების მიწოდებაზე კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას არ გამორიცხავს. ისეთ ქვეყანაში კი, როგორიც ვენესუელაა, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ EsPaia უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-მ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა.
მაშინ, როდესაც ყალბი ამბების უმეტესობა მიჰყვება ერთ ნარატივს, თითქოს დასავლეთი რუსეთს თავს ესხმის, ისეთი მასალებიც ვრცელდება, რომლებიც მკითხველს აფიქრებინებს, რომ ზოგი ქვეყანა რუსეთს უჭერს მხარს. ამის მაგალითია საფრანგეთში, მარსელის თავზე თვითმფრინავების ფოტო, რომლებიც ფერადი კვამლით ცაზე ქვეყნის დროშას გამოსახავენ; ეს ფოტო ვრცელდებოდა აღწერებით, თითქოს ის რუსეთის დროშა იყო, რომელსაც იმავე ფერების ზოლები აქვს, ოღონდ სხვა განლაგებით. როგორც კოლუმბიის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია La Silla Vacía განმარტავს, ეს ფოტოები 8 მაისს არის გადაღებული, ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლის აღსანიშნავ ცერემონიაზე, რომელიც ამ ქალაქში ჩამოიტანეს2024 წლის ივლისში პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის; ამ ცერემონიაზე თვითმფრინავებმა ფერადი კვამლით საფრანგეთის დროშა გამოსახეს, თუმცა ფოტო ისეთი რაკურსით არის ნაჩვენები, რომ ფერადი ზოლები საპირისპირო განლაგებით ჩანს. ეს ფაქტების სხვა გადამმოწმებლებმაც დაადგინეს, როგორებიცაა dpa და AFP Factual.
კონტრნარატივის შემცველი კიდევ ერთი დეზინფორმაციის მაგალითია არგენტინაში, ბოლივიასა და ჩილეში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თვითმფრინავის აფრენა ჩანს, აღწერაში კი წერია: „ბოლივიის მთავრობა აცხადებს, რომ 3,000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის რუსეთის მოკავშირესთან.“ Chequeado-ს განმარტებით, ბოლივიის მთავრობას არ გაუგზავნია სამხედრო მოსამსახურეები ომში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო ორიგინალი ფოტოები ასახავს სამხედრო აღლუმს, რომელიც ბოლივიის შეიარაღებული ძალების წლისთავის აღსანიშნად გაიმართა 2013 წლის ოქტომბერში.
ყველა ეს მასალა წინააღმდეგობაში მოდის დომინანტურ ნარატივთან, რომლის თანახმადაც დასავლეთი ან ნატო რუსეთს ადანაშაულებს; ეს შესაძლოა დეზინფორმაციული კამპანიების ამოცანასთან შესაბამისობის დაცვის ნაკლებობაზე მეტყველებდეს, რაც მათ ეფექტიანობას ამცირებს, ნათქვამია RAND-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. ეს წინააღმდეგობრიობა შესაძლოა სტრატეგიის ნაწილიც იყოს – „გაურკვევლობის და ბუნდოვანების შექმნის“ ტაქტიკა. ნარატივების მუდმივი ცვლით „რუსი პროპაგანდისტები თავიანთ ოპონენტებს ბალანსს აკარგვინებენ და ქმნიან ბუნდოვანებას, რომელიც სიმართლეს ნიღბავს,“ განმარტავს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია თავის 2023 წლის ანგარიშში.
2018 წელს დონბასში ნატო-ს სამხედროების გამოვლენიდან დეზინფორმაციულ კამპანიამდე კოლუმბიელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ
ბოლო თვეებში ვრცელდება ერთ-ერთი დეზინფორმაციული კამპანია, რომლის სამიზნეც უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნების დახმარებაა, ეხება ჯარისკაცებს, რომლებიც აპირებენ, დაეხმარონ უკრაინას ფრონტის ხაზზე ბრძოლაში ჩართვით.
დეზინფორმაცია „დაქირავებული უცხოელი მებრძოლების და იმ ქვეყნების შესახებ, საიდანაც ისინი ჩამოდიან, იმ ბევრად უფრო ფართო დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან მოყოლებული სისტემატურად და კოორდინირებულად აწარმოებს,“ ნათქვამია უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ჩატარებულ კვლევაში.
2018 წელს უკვე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ნატო-ს სამი ჯარისკაცის გვამი იქნა დონბასში ნაპოვნი, თუმცა StopFake-მა ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიძია. ეს ნარატივი 2024 წელსაც გრძელდება. უკრაინაში მებრძოლ უცხოელ მოხალისეთა ფოტოები ამ ნარატივის გასაძლიერებლად გამოიყენება, რომლითაც კონფლიქტი წარმოდგენილია რუსეთსა და ნატო-ს შორის ბრძოლად და არა უკრაინის წინააღმდეგ ომად.
ამ პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ამ ნარატივის გავრცელების მიუხედავად, ამ მიზნით გამოყენებული სტრატეგიები უცვლელი რჩება:
- ბრალდებები მტკიცებულების გარეშე: მტკიცება, თითქოს უკრაინა უცხოელ მებრძოლებს ორგანოთა გადანერგვისთვის იყენებს, ერთ-ერთი დეზინფორმაციაა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა როგორც უკრაინაში, ასევე კოლუმბიაში.
- რეალობის დამახინჯება: უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან იმიტომ, რომ უაზროდ თამაშობენ ონლაინ კაზინოს თამაშებს, ნათქვამია ერთ-ერთ გავრცელებულ დეზინფორმაციაში, რომელიც ამ ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო კვლევების ინსტიტუტს მიაწერს, რომელსაც ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ლიეტუვის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi-იმ განმარტა, რომ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა (EPA) გაფრთხილება გააკეთა აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებების შესახებ და განაცხადა, რომ „არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა“ და ამას გარდაცვალებებს ვერ დაუკავშირებს. ასევე იყო მტკიცება, თითქოს უკრაინაში სარაკეტო დარტყმა ნატოს გენერალი შეეწირა, თუმცა სინამდვილეში, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა ბელგიაში.
- სხვა კონფლიქტების ამსახველი რეალური ფოტოები, რომლებიც თითქოს უკრაინაშია გადაღებული: ბოლო წლებში არაერთი ასეთი დეზინფორმაციული მასალა გავრცელდა, მაგალითად, ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების კუბოების ფოტოები, რომლებიც თითქოს უკრაინის ომში დაიღუპნენ; ან მალიში დაღუპულ 13 ფრანგ ჯარისკაცთან გამოთხოვების ცერემონიალის ფოტოები, რომლებიც თითქოს უკრაინის ომში დაიღუპნენ.
ბოლო დროს წამოწყებული ერთ-ერთ კამპანია, რომელთა სამიზნეც სხვა ქვეყნების ჯარისკაცები არიან, მიმართულია საერთაშორისო მებრძოლების გადარწმუნებისაკენ, არ შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ნათქვამია EFE Verifica-ს მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ გამოძიებაში.
წინამდებარე კვლევა ჩატარდა მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს რისკის სიდიდეების სკალას, რითაც განისაზღვრება, წარმოადგენს თუ არა მასალა დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დეზინფორმაციის გავრცელების არხები; ქვეყნები, სადაც ერთი და იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება; პლატფორმები, რომლებზეც ის ზიარდება; და იდენტიფიცირებული ნარატივები.
ვინ მონაწილეობს ამ პროექტში?
დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy, NED) მიერ დაფინანსებული ამ ერთობლივი პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობები დეზინფორმაციის აღმოჩენის, გაანალიზებისა და კლასიფიკაციის საქმეში. Fundación Maldita.es-ის (ესპანეთი) ხელმძღვანელობით, პროექტში მონაწილეობენ StopFake (უკრაინა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და Delfi (ლიეტუვა); ამავე დროს, ისინი ურთიერთქმედებენ ლათინური ამერიკის სხვა ორგანიზაციებთან: Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია); EsPaja (ვენესუელა) და Animal Político (მექსიკა).
საიდან ვიცით, რომ დეზინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს ვრცელდება?
ფონდმა Maldita.es შეიმუშავა ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც საცავივით მოქმედებს და მისი მეშვეობით უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვის და Maldita.es ფაქტების გადამმოწმებლები აგზავნიან თავიანთი შესაბამისი ჩატ-ბოტებიდან მიღებულ ან ინტერნეტში აღმოჩენილ მასალებს, ამ პროექტისთვის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. თუ მასალა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება, დანარჩენ ქვეყნებს ეგზავნება გაფრთხილება, რომ მათაც გადაამოწმონ, ხომ არ ვრცელდება ეს დეზინფორმაცია მათ ქვეყნებშიც და თუ ვრცელდება, მიუთითონ ეს ამ საერთო სისტემაში. დეზინფორმაციის რომელიმე ერთ ქვეყანაში აღმოჩენა, აუცილებლად არ გულისხმობს მისი უარყოფის გამოქვეყნებას ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ, რადგან ეს დეზინფორმაცია შესაძლოა არ იყოს ვირუსულად გავრცელებული.