1 ივნისს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც 2010-2025 წლებში დანიის სკოლების მოსწავლეების ეროვნებაა შედარებული. ანგარიში ფოტოს საფუძველზე ამტკიცებს, რომ დანიის სკოლებში მიგრანტების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ 2025 წელს კლასში მხოლოდ 1 ადგილობრივი მოსწავლე იყო. პირველ ფოტოზე თეთრკანიანი თინეიჯერები ჩანან, ხოლო მეორე ფოტოზე ფერადკანიანი, ასევე ჩადრიანი მოსწავლეები.
წარსულში იდენტური ფოტო იმავე მტკიცებით ფეისბუქზე რუსულ ენაზეც ვრცელდებოდა, ის ტელეგრამზე გააზიარა რუსმა სენატორმა, ალექსეი პუშკოვმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოკოლაჟზე დანიის სკოლების მოსწავლეების ეროვნება მანიპულაციურადაა ერთმანეთს შედარებული. სინამდვილეში, ორივე ფოტო დანიის სხვადასხვა სკოლაშია გადაღებული. ზედა სურათი, რომელზეც მიანიშნებენ, რომ ადგილობრივებს ასახავს, Bjerregrav Skole-შია გადაღებული, ხოლო მეორე ფოტო, რომელზეც უმეტესად მიგრანტები ჩანან, გადაღებულია დანიის კერძო სკოლაში, რომელიც მუსლიმი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოკოლაჟიდან ერთ-ერთი, რომელზეც ფერადკანიანი და ჩანდრიანი მოსწავლეები ჩანან, დანიის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული. ღია წყაროებში ფოტოს ძიებით ვადგენთ, რომ ის AHI International School-ის მე-9 კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასახავს. ფოტოს თან ერთვის ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წლის გეგმის შესახებ, ამიტომ, სავარაუდოა, ფოტო სწორედ ამ წლებში იყოს გადაღებული.

AHI International School დანიაში 1988 წელს დაფუძნებული სკოლაა. მათ სკოლის შესახებ ინფორმაციაში ვებ-გვერდზე უწერიათ, რომ სკოლას მუსლიმური ფესვები აქვს და სხვადასხვა წარმომავლობის მუსლიმ ოჯახებს ემსახურება. სკოლის მიზანია მუსლიმური ტრადიციები დღევანდელობის მოთხოვნებთან გააერთიანოს და მოსწავლეები დანიის მსგავს საზოგადოებაში, დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებისთვის მოამზადოს. რაც შეეხება სკოლის წესდებას, რომელიც ოფიციალური დოკუმენტია, გამეორებულია, რომ ის მუსლიმი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი და ემსახურება გაამყაროს მოსწავლეების ცოდნა ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და მათ შორის, გენდერული თანასწორობის შესახებ.
ფოტოკოლაჟისთვის გამოყენებული მეორე ფოტო კი სხვა სკოლაშია გადაღებული. ის დანიური ფოტოსტუდიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და 2010-2011 წლებით თარიღდება. ფოტოს თან ახლავს მინაწერი 9A Bjerregrav Skole. დანიაში ამ სახელწოდებით ერთადერთი სკოლა იძებნება.

ამდენად, უსაფუძვლოა ორ სხვადასხვა სკოლაში გადაღებული ფოტოს შედარება და დასკვნის გამოტანა, თითქოს დანიის სკოლებში მიგრანტების რაოდენობა ადგილობრივებისას აჭარბებს. AHI International School მუსლიმ მოსწავლეებს იღებს და სავარაუდოა, რომ იქ 2010 წელსაც, დანიელებთან შედარებით, მეტი მიგრანტი სწავლობდა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















