დამონტაჟებულია ვიდეო, რომელშიც თითქოს ამერიკელი ჟურნალისტები უკრაინის დანაკარგებს დასცინიან 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

387
VIEWS

7-8 იანვარს ქართულმა და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუქ-მომხმარებლებმა, ასევე იური გაგარინის სახელობის რუსეთის საჰაერო ძალების აკადემიამ გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში უკრაინაში ადამიანური დანაკარგების შესახებ ხუმრობენ. გავრცელებული ვიდეო ორი ნაწილისგან შედგება: ვიდეოს პირველ ფრაგმენტში ნაჩვენებია სიუჟეტი უკრაინელი ლტოლვილების შესახებ, რომლებსაც ამერიკაში შესვლა სურთ. ვიდეო სტუდიის კადრით გრძელდება და ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის შესახებ ამბობს: “იქ კაცები არ არიან. მე დავინახე მხოლოდ ერთი კაცი 25 ქალში. ის იღბლიანი კაცია.” საპასუხოდ მეორე ჟურნალისტი ამბობს: “ისინი ყველა მკვდრები არიან,” – რის შემდეგაც ჟურნალისტები იცინიან. ვიდეოზე ჩანს ამერიკული მედია MSNBC-ის ლოგო.

ამერიკელი ჟურნალისტები ამერიკელი ჟურნალისტები

დამონტაჟებულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტები თითქოს ომში უკრაინის ადამიანურ დანაკარგს დასცინიან. ვიდეოს პირველი ნაწილისთვის ამერიკული ტელეკომპანია MSNBC-ის სიუჟეტია გამოყენებული, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების შესახებაა და 2022 წლით თარიღდება. ვიდეოს ფრაგმენტი კი, რომელშიც ჟურნალისტები იცინიან, ამერიკული ამერიკული დილის გადაცემა “დილა მშვიდობის ცინცინატიდან” ეპიზოდია, რომელიც Local 12-ის ეთერში გადის. ხოლო ჟურნალისტები არა უკრაინის ადამიანურ დანაკარგზე, არამედ მოხუცების ცეკვის ვიდეოზე იცინიან. 

2022 წლის 3 აპრილს ამერიკულმა ტელევიზია MSNBC-მა უკრაინელ ლტოლვილებს სიუჟეტი მიუძღვნა. ის ვარშავაშია გადაღებული და ეთმობა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ამერიკაში მიიღოს 100 000 უკრაინელი ლტოლვილი. ჟურნალისტი ასახელებს იმ პრობლემებს, რაც უკრაინელ ლტოლვილებს მეზობელი ქვეყნებში ამერიკის საკონსულოებთან ექმნებათ. მათ შორისაა, ყველა ლტოლვილისათვის ვიზის არ მიცემა და მთლიანი პროცედურის ხანგრძლივობა. ჟურნალისტთან პოლონეთში ამერიკის ელჩი განმარტავს, რომ ისინი მუშაობენ სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ამერიკაში მოხვედრას გაუმარტივებს. 

ამერიკელი ჟურნალისტები
კადრი MSNBC-ის სიუჟეტიდან

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს პირველი ფრაგმენტი სტუდიის კადრით იცვლება, სადაც სამ ადამიანს ვხედავთ. ერთ-ერთი წამყვანი საუბარს შემდეგი ფრაზით იწყებს: “იქ კაცები არ არიან. მე დავინახე მხოლოდ ერთი კაცი 25 ქალში. ის იღბლიანი კაცია.” მეორე წამყვანი კი საპასუხოდ ამბობს: “ისინი მკვდრები არიან”. ამ დიალოგის შემდეგ წამყვანები იცინიან. ვიდეო ისეა დამონტაჟებული, თითქოს ჟურნალისტების ხუმრობა უკრაინაში ომის დანაკარგებს მიემართება და ხუმრობის შინაარსის მიხედვით, სიუჟეტში უკრაინელი კაცები იმიტომ არ მოხვდნენ, რომ დაიხოცნენ. 

ვიდეოს აღნიშნული ეპიზოდი ამერიკული დილის გადაცემა “დილა მშვიდობის ცინცინატიდანაა” მოჭრილი. გადაცემა ტელეკომპანია Local 12-ის ეთერში გადის. მოყვანილი დეტალები შეუძლებელს ხდის წამყვანების ხუმრობა სხვა ტელევიზიის, MSNBC-ის ეთერში ნაჩვენებ სიუჟეტს მიემართებოდეს. 

ღია წყაროებში გადაცემის სრული ჩანაწერის მოძიება ვერ შევძელით, თუმცა იმავე ეპიზოდს YouTube-ის ერთ-ერთ ვიდეოში მივაკვლიეთ. ვიდეო YouTube-ზე 2024 წლის 10 ივნისსაა ატვირთული და ჟურნალისტების სახალისო მომენტებს აერთიანებს. მასში მოხვდა კადრი “დილა მშვიდობის ცინცინატის” გადაცემიდანაც (3:15). ვიდეოკოლაჟში ჩანს, რომ გადაცემის წამყვანები მოხუცების ცეკვის ვიდეოს შესახებ ხუმრობენ. მოყვანილ ეპიზოდში უკრაინის შესახებ საუბარი არ არის. 

ამერიკელი ჟურნალისტები
კადრები გადაცემიდან “დილა მშვიდობის ცინცინატი”

ვიდეოს ნამდვილობა შეისწავლა უკრაინის დეზინფორმაცისთან ბრძოლის ცენტრმაც. მათ დაადგინეს, რომ ვიდეო ორი სხვადასხვა ეპიოზოდის დამონტაჟებით მიიღეს. ცენტრი ასევე განმარტავს, რომ გადაცემაში “დილა მშვიდობის ცინცინატი”, რომელიც, სავარაუდოდ, გასული წლის ივნისში გავიდა ეთერში, უკრაინის საკითხზე საერთოდ არ უსაუბრიათ. 

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ არაერთი ვიდეოფაბრიკაცია გავრცელებულა. მათი მიზანია, წარმოაჩინოს თითქოს უკრაინაში ომის სცენები რეალური არ არის ან ზიანი მიაყენოს უკრაინელი სამხედროებისა თუ პოლიტიკოსების რეპუტაციას. ხშირია, როდესაც მანიპულაციურ ვიზუალურ მასალებს ომის შესახებ გამოგონილი სტატისტიკის საილუსტრაციოდ ავრცელებენ. ამჟამად დამონტაჟებული ვიდეოში ამერიკული მედია MSNBC-ის ლოგოთია გავრცელებული. გასულ წლებში “მითების დეტექტორმა” არაერთი ვიდეოფაბრიკაცია გადაამოწმა, რომელიც დასავლური რეპუტაციული მედიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით ვრცელდებოდა. ასევე შევისწავლეთ, როგორ ყალბდება და ვინ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით: 

წყაროების შესახებ

მათ შორის ერთ-ერთი, ვინც უკრაინის შესახებ ვიდეოფაბრიკაციას აზიარებს, ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძეა, რომელიც რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რაც შეეხება რუსულენოვან ანგარიშებს, Vitaliy Babich და Elena West წარსულშიც ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, რაც მეტწილად უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები “მითების დეტექტორმა” რამდენჯერმე უკვე გადაამოწმა

ამერიკელი ჟურნალისტები


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist