ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი მისი დანიშნულებისა და საქმიანობის კონტექსტში რუსული მედიის, ასევე, კრემლთან დაკავშირებული და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ქართველი აქტორების მხრიდან დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.
3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, დაკავშირებულია აშშ-ის დახმარების 95-მილიონიანი პაკეტის შეჩერებასთან, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას მოჰყვა.
ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერება “ქართული ოცნების”, “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა და სხვებმა, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის ინსტრუმენტად შეაფასეს, მეორე მხრივ კი, ამ დაფინანსების მნიშვნელობა და საჭიროება დააკნინეს. გარდა ამისა, კრემლისტური განწყობების მქონე აქტორების სამიზნე თავად ლუგარის ლაბორატორია გახდა, რასაც ძველი დეზინფორმაციისა და კონსპიროლოგიური თეორიების ტირაჟირება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნებისგან” ფორმალურად გამოყოფილი პარტია “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა კითხვები 2010-2013 წლებში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით დასვა და ამ პერიოდში კვლევით ცენტრში გამჭვირვალობის ნაკლებობას გაუსვა ხაზი.
-
რა დეზინფორმაცია ვრცელდება ლუგარის ლაბორატორიის შესახებ?
მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა და კრემლთან აფილირებულმა ქართულმა წყაროებმა ლუგარის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით იმ დეზინფორმაციული მტკიცებების ტირაჟირება დაიწყეს, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემატურად ვრცელდებოდა. 5-12 აგვისტოს პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება შემდეგმა აქტორებმა გააჟღერეს: “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა დავით ქართველიშვილმა, kvira.ge-ისთან ინტერვიუში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა, ფეისბუკის პირად ანგარიშზე ტელეწამყვანმა ლალი მოროშკინამ, “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა და ასევე პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ირემაძემ.
დეზინფორმაცია | წყარო |
ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის; | დავით ქართველიშვილი, თორნიკე მოლაშვილი, გიორგი ირემაძე |
ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ბიოლოგიური იარაღის წარმოება; | ჰამლეტ ჭიპაშვილი, გიორგი ირემაძე |
იგორ გიორგაძის, ჯეფრი სილვერმანისა და დილიანა გაიტანჯიევას დოკუმენტაცია ნათელს ჰფენს ლაბორატორიის დამაზიანებელ საქმიანობას; | ჰამლეტ ჭიპაშვილი, გიორგი ირემაძე |
ლუგარის ცენტრის ტიპის ლაბორატორიები უკრაინაშიც ფუნქციონირებს, მათი უკანონო საქმიანობა კი ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა; | ჰამლეტ ჭიპაშვილი |
ლუგარის ლაბორატორიაში ძლიერი ვირუსები გამოჰყავდათ | თორნიკე მოლაშვილი |
კიბოს დიაგნოზების მატების მიზეზი ლუგარის ლაბორატორიაა | ლალი მოროშკინა |
-
არის თუ არა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალე?
დავით ქართველიშვილი, “ხალხის ძალის” წევრი, ასავალ-დასავალი 12-18 აგვისტო: “2010-2013 წლებში რით იყო ე.წ. ლუგარის ლაბორატორია დაკავებული და რა ხდებოდა იქ, ეს იდუმალებით მოცული თემაა.”
თორნიკე მოლაშვილი, 5 აგვისტო: როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ და ამაგრებდნენ, ასევე არავინ იცის რას საქმიანობდა ჩვენ ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია”.
გიორგი ირემაძე, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, 7 აგვისტო: “ლუგარის ლაბორატორიაში უნდა შევიდეს საერთაშორისო კომისია, ამ კომისიაში უნდა შევიდეს Ჩვენი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირები, მიკრობიოლოგები, თუ მართლა აცხადებენ, რომ ეს ლაბორატორია უსაფრთხო არის, მაშინ რატომ არ უშვებენ ამ საერთაშორისო კომისიას?“
ლუგარის ლაბორატორია არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის დაწესებულება, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციაზე. ლაბორატორია მუშაობს საქართველოს მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა, მაგალითად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC). ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული მხარისათვის, შესაბამისად ჟურნალისტებისათვისაც. გამონაკლისს წარმოადგენდა პანდემიის პერიოდი. 2023 წლის მარტში ლუგარის კვლევით ცენტრს სტუმრობდნენ ჯონ ჰოპკინსის, ლუნდის, ბურნეტის, ბარსელონას უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დავით ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ “იდუმალებით არის მოცული”, რით იყო 2010-2013 წლებში ლუგარის ლაბორატორია დაკავებული. “მითების დეტექტორი” ლუგარის კვლევითი ცენტრის პირველ ხელმძღვანელს, ანა ჟვანიას ესაუბრა
ანა ჟვანიას თანახმად, ლაბორატორიის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაზგასასმელად ღიაობა ამოსავალი წერტილი იყო, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის დროს რეგულარულად ეწყობოდა ტურები ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ლაბორატორიის თანამშრომლებს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდათ, ყველა კითხვაზე გაეცათ პასუხი ყველა იმ პირისთვის, ვისთვისაც შეიძლებოდა საინტერესო ან მნიშვნელოვანი ყოფილიყო კვლევითი ცენტრის მუშაობა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებთან, რომელთა სტუდენტებსაც ტრენინგები უტარდებოდათ. ასევე, ლუგარის ლაბორატორიის დასათვალიერებლად მიდიოდნენ სკოლის მოსწავლეებიც. ანა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ტრენინგები ჩაუტარდათ აფხაზეთში მდებარე ეპიდემიოლოგიური სადგურების ხელმძღვანელებსაც.
ანა ჟვანია, ლუგარის კვლევითი ცენტრის პირველი ხელმძღვანელი: “აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც უნდა ყოფილიყო, კერძო სექტორი იქნებოდა, ბიზნესი, თუ საჯარო სექტორი, განათლების ან სამეცნიერო სფერო, კვლევითი ცენტრი იყო დეკლარირებულად ღია. ჟურნალისტებს შეეძლოთ შესულიყვნენ ყველგან, საშხაპეში, საცავში, სამრეცხაოში – ყველაფრისთვის აქვთ ხელი მოკიდებული. იგივე გავიმეორეთ საერთაშორისო ჟურნალისტებისთვისაც. მათ შორის რუსეთიდან იყო ჩამოსული ლატინინა, რომელმაც თქვა, რომ თურმე აქ არაა სარდაფები.”
2013 წელს ტელეკომპანია “როსიას” გადამღები ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია. “როსიას” რეპორტიორის ალექსანდრ როგატკინის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელობა ყველა კითხვაზე, მათ შორის რუსეთის მთავარი სანიტარის დასმულ კითხვებზე პასუხები გასცა. კრემლის დაფუძნებული სპუტნიკ-საქართველო ლუგარის ლაბორატორიას სხვა რუსულ მედიებთან ერთად (რუსეთის პირველი არხის, РИА Новости) 2018 წლის ოქტომბერშიც სტუმრობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ მოიწვია, თუმცა უარი მიიღო.
2018 წლის ნოემბერში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ საერთაშორისო ვიზიტს უმასპინძლა. ლუგარის ცენტრს უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ, თუმცა, საქართველოს მხრიდან მოწვევის მიუხედავად, რუსეთმა ვიზიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ვიზიტის შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, როემლიც გაერო-ს ჟენევის ოფისში ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე წარადგინეს. ამასთანავე, ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ განხორციელებულა ჟურნალისტების, მათ შორის რუსი ჟურნალისტების ვიზიტები.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რატომ ესხმის კრემლი თავს პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიას?
- ტრისტან წითელაშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს
-
დეზინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში არის ჩართული
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი, 5 აგვისტო: “ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და ამბობს კატეგორიულად, რომ ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის რომ ეს ლაბორატორია არის ბიოლოგიური იარაღი”.გიორგი ირემაძე, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, 7 აგვისტო: “ჯეფრი სილვერმანმა მოიპოვა დოკუმენტები, დაადგინა რომ [ლუგარის ლაბორატორია] სამხედრო ობიექტია, სადაც იწარმოება სხვადასხვა ვირუსები, ადამიანებზე მიდის ექსპერიმენტები და და ლაბორატორია გამოიყენება, როგორც ბიოიარაღი
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტკიცება ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ არის ის, რომ ლაბორატორია ჩართულია საშიში ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ბულგარელი ჟურნალისტი, დილიანა გაიტანჯიევა, და აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი, ჯეფრი სილვერმანი რუსული პროპაგანდისტულ არხებზე ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხშირად ფიგურირებენ. დილიანა გაიტანჯიევამ, რომელიც დაკავშირებულია კრემლის მედიასა და ჰეზბოლასთან, არაერთხელ გამოაქვეყნა სტატიები იმ მტკიცებით, რომ ლუგარის ლაბორატორია პენტაგონის ბიოიარაღების კვლევის ადგილია, ჯეფრი სილვერმანმა კი ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში არაერთხელ დაადანაშაულა. სილვერმანი ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოში ღორის გრიპის ვირუსის აფეთქება ლუგარის ლაბორატორიის მუშაობასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ როგორც სილვერმანის, ასევე გაიტანჯიევას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ ეყრდნობოდა მტკიცებულებებს ან აყალბებდა/მანიპულაციურად წარმოაჩენდა სხვადასხვა კვლევასა და დოკუმენტს, რომლებიც რეალურად არ ამტკიცებდა იმ ბრალდებებს, რასაც ლუგარის ლაბორატორიას მიაწერდნენ.
მაგალითად, 2020 წელს დილიანა გაიტანჯიევამ სხვადასხვა დოკუმენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ NCDC და ლუგარის ლაბორატორია 2014 წელს ღამურებში კორონავირუსების კვლევაში მონაწილეობდნენ, რაც აშშ-ის ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დააკავშირა. იგი ამტკიცებდა, რომ დოკუმენტები ადასტურებს აშშ-ის ინტერესს საქართველოში ბიოლოგიური იარაღის განვითარებაში, თუმცა რეალურად, აღნიშნული პროექტი ღამურებში ზოონოზური პათოგენების შესწავლას გულისხმობდა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტარდება და მისი შედეგები ღიად არის ხელმისაწვდომი. კვლევის შესახებ ინფორმაცია NCDC-ისა და ISTC-ის ანგარიშებშია მოცემული, ლელა ურუშაძის დისერტაცია კი ილიაუნის ელექტრონულ კატალოგშია გამოქვეყნებული.
ასევე, 2022 წელს გაიტანჯიევა მის მიერ გავრცებული დოკუმენტებით ამტკიცებდა, თითქოს საქართველოსა და უკრაინაში ჯარისკაცებზე აშშ-ის ბიოლოგიურ ექსპერიმენტები ტარდებოდა რეალურად კი კვლევა მიზნად ისახავდა ზოონოზური ინფექციების მიმართ ანტისხეულების არსებობის დადგენას და რისკ-ფაქტორების შეფასებას. ჯარისკაცებზე არ გამოცდილა რაიმე სახის მედიამენტი, ხოლო კვლევის შედეგები, რაც სისხლის ნიმუშების შემოწმებას ეხებოდა, საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- პაემანი ლუგარში
- H1N1-ის ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გაჩნდა
- როგორ გაჟონა სამსახურებრივმა დოკუმენტებმა და რა ცდებს ატარებენ ქართველი მეცნიერები ღამურებზე?
- გაიტანჯიევა საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებს
-
რა დოკუმენტები წარადგინა რუსულ არხებზე იგორ გიორგაძემ?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი, 5 აგვისტო: “აქ არაერთხელ დასვა რუსეთმა ეს საკითხი, არაერთხელ დასვა ეს საკითხი, რომ ეს ლაბორატორია, გახსოვთ ალბათ, და გიორგაძემ მთელი დოკუმენტაცია აჩვენა რუსეთის არხებზე, თავის ფაქტებით, დამადასტურებელი დოკუმენტებით და ყველაფერი, რას აკეტებს ეს ლაბორატორია.”
ალტ-ინფოს გადაცემაში ჰამლეტ ჭიპაშვილი კონკრეტულად არ ასახელებს, გიორგაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ლუგარის ლაბორატორიის კონკრეტულად რომელ საქმიანობას ჰფენს ნათელს, თუმცა, ჭიპაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს 2018 წლის შემთხვევას, როდესაც საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თითქოს თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. გიორგაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით НТВ-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორია ოფიციალურად დაკავებულია C ჰეპატიტის წამლის აპრობაციით, რომელიც 80 ათასი დოლარი ღირს. საქართველოს მოქალაქეები კი მას უფასოდ იღებენ.
უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადებები საფუძველს მოკლებულია, რადგან ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში მონაწილეობს და არა მკურნალობის პროცესში. ხოლო მტკიცება, თითქოს პაციენტთა გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტი სოვალდია და მას საქართველოში საცდელად იყენებენ, მცდარია, რადგან როგორც სოვალდის იგივე სოფოსბუვირს, ასევე მეორე ეტაპზე გამოყენებულ ჰარვონს აპრობაცია არ სჭირდება: ორივე მედიკამენტს ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. როდესაც მედიკამენტ სოვალდიზე დეზინფორმაცია გავრცელდა, “მითების დეტექტორმა” აღმოაჩინა, რომ აღნიშნული მედიკამენტი რუსეთში სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების სიაში ირიცხებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს, იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარში “ადამიანებზე ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ ჰქონდა.
-
დეზინფორმაცია, თითქოს ნულანდმა ლაბორატორიების უკანონო საქმიანობა დაადასტურა
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი, 5 აგვისტო: “უკრაინაში არის გახსნილი ასეთი ლაბორატორიები ხომ, დიდი ხანია ეს ლაბორატორიები მუშაობს. აი, ეს ლაბორატორიები აღმოჩნდა რუსეთის ხელში, როდესაც რუსეთის არმიამ დაიკავა ის ტერიტორიები, სადაც ლაბორატორიების ნაწილი იყო განლაგებული. ახლა წარმოიდგინეთ, ვიქტორია ნულანდი, იყო ასეთი სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც ფუნთუშებს არიგებდა მაისის რევოლუციის დროს კიევში… ეს ქალბატონი იყო სპეციალურად დაბარებული კონგრესში და ფიცი დაადებინეს მას, ხელი დაადებინეს კონსტიტუციაზე და სიმართლე უნდა ეთქვა. და ამან თქვა, დიახ, უკრაინაში არსებული ლაბორატორიები, ჩვენ ამის შიში გვქონდა, რომ რუსებს ეს ხელში არ ჩაეგდოთ, ნაწილი ხელში ჩაიგდეს, ნაწილი სასწრაფოდ მოვასწარით და გამოვიტანეთ იქიდან, და ჩვენ ვაწარმოებდით ბიოლოგიურ კვლევებს ამ იარაღთან დაკავშირებით.”
2022 წლის მარტში რუსულმა მედიებმა უკრაინაში მდებარე ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადება გააშუქეს. რუსული მედიის თანახმად, ვაშინგტონმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს და ეს ინფორმაცია კონკრეტულად ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა. რეალურად, ნულანდმა თქვა, რომ უკრაინა არა ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს, არამედ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. ვიქტორია ნულანდის განცხადება ლაბორატორიების უკანონო ან საზიანო საქმიანობას არ ადასტურებს, ის მიუთითებს, რომ ლაბორატორიების კვლევითი მასალები შესაძლოა, რუსეთმა ბოროტად გამოიყენოს. გარდა ამისა, აშშ-ის მხარდაჭერით მოდერნიზებული უკრაინული ლაბორატორიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული არ ყოფილა, ხოლო ნულანდის განცხადებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ კვლევითი მასალები ხელში რუსულ მხარეს არ ჩაუვარდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი რუსეთმა გამოიყენოს და შემდეგ უკრაინას დააბრალოს.
ნულანდს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კვლევით მასალებს გულისხმობდა, თუმცა საჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულ ლაბორატორიებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ლაბორატორიებში ასევე ხდება საშიში დაავადებების საფრთხეების შესწავლა, ხოლო უკრაინას აშშ 2005 წლიდან ბიოლაბორატორიების ტექნიკურ მოდერნიზაციაში და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში ეხმარება. 2005 წელს უკრაინასა და აშშ-ის შორის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური საფრთხეების განეიტრალებას, რაც ნან-ლუგარის პროგრამის ნაწილია, რომელიც 2012 წლამდე რუსეთშიც მოქმედებდა.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რა თქვა რეალურად ვიქტორია ნულანდმა და რა დეზინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე?
- “ობიექტივი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციებს ახმოვანებს
-
დეზინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა კიბოს დიაგნოზების მატებას იწვევს
ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი, 5 აგვისტო: “ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტა ამოგვასუნთქებს.რეალურად, ეს პირველი ნაბიჯია დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე! ახლა პროკურატურის ჯერია და ფარდა აეხდება საუკუნის აფიორას, ამდენი გარდაცვლილის ისტორიას და ამდენი კიბოს დიაგნოზს საქართველოში!”
მტკიცება, თითქოს ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა კიბოთი ავადდება, ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ბრალდება უსაფუძვლოა და მისი მტიცებულება არავის წარმოუდგენია. NCDC-ის განმარტებით, სიმსივნური დაავადებების რისკ ფაქტორები საყოველთაოდ ცნობილია და ლაბორატორიის საქმიანობას არ შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს მასზე.
-
რა ვირუსების გავრცელებაში სდებდნენ ბრალს და რა ვიცით რეალურად ლუგარის ლაბორატორიაზე?
თორნიკე მოლაშვილი, 5 აგვისტო: “როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს? მით უმეტეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსების გამოყვანა ხდებოდა და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით”
დეზინფორმაციას რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ რუსული მედია და პოლიტიკოსები ლაბორატორიის დაარსების დღიდან ავრცელებენ. რუსული წყაროები ლუგარის ლაბორატორიას H1N1 ვირუსის გავრცელებასა და ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების გამოყვანაში ადანაშაულებდნენ. რეალურად ის ვირუსები, რომლებიც იყო დასახელებული, ბუნებაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნამდეც არსებობდა და რეგიონული მასშტაბით პერიოდულად ვრცელდებოდა, ასევე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მოსახლეობის ინფიცირება ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.
COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ლაბორატორიას ცრუ ბრალდება წაუყენეს SARS-CoV-2 ვირუსის შექმნასა ან გავრცელებაში მონაწილეობის შესახებ. რეალურად, ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი, რომელმაც ხელი შეუწყო პანდემიაზე გლობალურ რეაგირებას ვირუსის გამოკვლევით და ტესტირების შესაძლებლობების შემუშავებით.
“მითების დეტექტორმა”ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული ყალბი მტკიცებულებები წარსულში არაერთხელ გააქარწყლა. ვრცლად იხილეთ მასალები:
- რუსული Военный Арсенал-ი, ბულგარული Arms Watch და სხვანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
- რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე: აზიური ფაროსანა, ზიკას ვირუსი და ღორის აფრიკული ჭირი
- განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
- ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს დეზინფორმაცია, თითქოს ღორის აფრიკული ჭირი საქართველოდან ვრცელდება
ლუგარის ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს.
ცენტრის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: სურსათის უვნებლობა, საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან, ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება.