დაკავებული მომღერლის მხარდასაჭერი აქცია სანკტ-პეტერბურგში თუ კონცერტი რიგაში – რას ასახავს ვიდეო? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

დაკავებული მომღერლის
229
VIEWS

17-20 ოქტომბერს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, სანქტ-პეტერბურგში მყოფი ახალგაზრდები ცეკვავენ და სკანდირებენ სიტყვებს: “პუტინ *უილო”. ქართულენოვანი ანგარიშის პოსტში ვკთხულობთ, რომ ვიდეო ასახავს ადგილობრივი ახალგაზრდების პროტესტს მას შემდეგ, რაც ქალაქში 18 წლის მომღერალი ქუჩაში არასასურველი სიმღერის შესრულების გამო დააკავეს. რუსულენოვანი ანგარიში აღწერაში მიანიშნებს, რომ ვიდეო რუსეთშია გადაღებული: “საინტერესოა, როგორ სძინავს პუტინს ასეთი აკომპანიმენტით”. კომენტარებში მათ, ვინც სვამს კითხვას, თუ სად არის გადაღებული ვიდეო, ავტორი პასუხობს, რომ კადრები სანკტ-პეტერბურგიდანაა. 

დაკავებული მომღერლის















ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდები “პუტინ *უილოს” სკანდირებენ, არა სანკტ-პეტერბურგში, არამედ რიგაში, Ready Festival-ის დროს არის გადაღებული. მუსიკალური ფესტივალი 30 აგვისტოს გაიმართა. 

  • რა ვიცით გავრცელებული ვიდეოს შესახებ?

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს გადასამოწმებლად კადრებისა და ფოტოების უკუძიების ხელსაწყოები, Invid და Reveye გამოვიყენეთ, თუმცა ამ მეთოდით მის პირველწყაროს ვერ მივაკვლიეთ. კადრებზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეო კონცერტზეა გადაღებული –  ამას კადრში მოხვედრილი დიდი სცენა მოწმობს. დამატებით, გუგლის სიმღერის ამომცნობი ხელსაწყოს მეშვეობით დავადგინეთ, რომ სიმღერა, სახელად “რუსეთი სევდიანებისთვის”, რომელიც ვიდეოში ისმის,  რუსულ ბენდ “პორნოფილმს” ეკუთვნის. 

დაკავებული მომღერლის
ვიდეოში აღბეჭდილი დიდი სცენა და სასცენო ეკრანი

ზემოაღნიშნული ბენდის მიერ ჩატარებული კონცერტების გეოლოკაციების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები დეტალები ზუსტად ემთხვევა მათ მიერ 30 აგვისტოს რიგაში ჩატარებული რუსულენოვანი კონცერტის ადგილს. ამ დღეს რიგაში, Wondersala-ს არენაზე ჩატარდა ფესტივალი, რომელიც Ready Fest-ის სახელით არის ცნობილი. ღონისძიება რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში არაერთი რუსი მომღერალი და ჯგუფი მონაწილეობდა

დაკავებული მომღერლის
კადრები Ready Fest Riga-ს კონცერტიდან, Delfi-ის სიუჟეტი
დაკავებული მომღერლის
Wondersala

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ასევე შესამჩნევია, რომ არაერთ ახალგაზრდას, რომლებიც “პუტინ *უილოს” სკანდირებენ, ერთი სტილის ტანსაცმელი აცვია, რომლებზეც ჩანს წარწერა Dvizh Riga. ეს არის რიგაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც გართობის მოყვარული ადამიანებისთვის აწყობს კონცერტებს, შოუებს და სხვა გასართობ ღონისძიებებს.

დაკავებული მომღერლის

აღსანიშნავია, რომ Ready fest-ზე გადაღებული ვიდეოები სოციალური ქსელების, განსაკუთრებით ტიკ-ტოკის მრავალმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ასახულია “პორნოფილმის” გამოსვლის ნაწყვეტი, რომელშიც ცხადად ისმის ხალხის შეძახილი “პუტინ *უილო”, რის შემდეგაც ბენდი იწყებს სიმღერა “რუსეთი სევდიანებისთვის” შესრულებას. 

  • რატომ დატოვა ქვეყანა რუსულმა ბენდმა?

“პორნოფილმის” წევრები რუსეთის მთავრობის მიერ უცხოეთის აგენტების ბაზაში არიან შეყვანილნი. ბენდი აქტიურად აკრიტიკებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის პოლიტიკას. 2022 წელს უკრაინაში წამოწყებული ომიდან მალევე, მათ მიიღეს ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება. მას შემდეგ ისინი ემიგრაციაში იმყოფებიან და სხვადასხვა ქვეყანაში მართავენ კონცერტებს. ასევე ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის დატოვების შემდეგ, მათ რუსეთში კონცერტი აღარ გაუმართავთ, რაც კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ვიდეო სანკტ-პეტერბურგში ვერ იქნება გადაღებული.

  • რატომ დააკავეს ახალგაზრდა რუსი მომღერლები?

16 ოქტომბერს რუსული ბენდის, “სტოპთაიმის” 18 წლის სოლისტ დიანა ლოგინოვას ძერჟინსკის ოლქის სასამართლომ 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ასევე 12 და 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა მისი ბენდის კიდევ ორ წევრს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოჰყვა მის მიერ ქუჩაში შესრულებულ სიმღერებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აკრძალული მუსიკის სიაშია შეყვანილი. ოფიციალურად კი ისინი დაადანაშაულეს ორგანიზებული მასობრივი ღონისძიების დაგეგმვაში, რომელმაც წესრიგის დარღვევა გამოიწვია, რადგან მაყურებელთა სიმრავლის გამო მოქალაქეებს  მეტროს სადგურში შესვლაში ხელი ეშლებოდათ. ლოგინოვას განცხადებით, მან სპონტანურად აარჩია ადგილი ორგანიზებული არაფერი ჰქონია, ხოლო ხალხს, ვინც მის მოსასმენად გაჩერდა, ხელი არავისთვის შეუშლია. აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს მხოლოდ ლოგინოვას წინააღმდეგ 2 ადმინისტრაციული ოქმი შედგა, რომელშიც მას ბრალად სდებდნენ რუსული არმიის დისკრედიტაციას სიმღერის მეშვეობით და იმ შემთხვევაში, თუ მას აღნიშნული მუხლით წარუდგენენ ბრალდებას, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას მხარდაჭერა და სოლიდარობა გარკვეულმა პირებმა გამოუცხადეს, თუმცა ღია წყაროებში  ამ საკითხის გამო სანკტ-პეტერბურგში მოწყობილი მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლატვია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist