18 სექტემბერს ფეისბუკ გვერდმა Tbilisi International Airport აეროპორტში დაკარგული ბარგის შესახებ არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა (1,2). გამოქვეყნებულ პოსტებში ნათქვამია, რომ აეროპორტში დაკარგული ბარგის შესანახი ადგილი არ არის, ამიტომ ჩემოდნებს სხვადასხვა ნივთებითა და ელექტრონიკით მხოლოდ 5,50 ლარად ყიდიან. პოსტებში ასევე მითითებულია, რომ მსურველები შეკვეთის გასაკეთებლად თანდართულ საიტზე უნდა გადავიდნენ.
ამავე შინაარსის ინფორმაცია იდენტური ფოტოებით 18 სექტემბერს მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთ გვერდზე, Tbilisi International Ảiport–ზე გავრცელდა (1,2). პოსტებში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს აეროპორტის საწყობების დასუფთავება და დაკარგული ჩემოდნები, რომელიც სავსეა სხვადასხვა ნივითითა ელექტრონიკით, 5,50 ლარად იყიდება.

5,50 ლარად აეროპორტში დაკარგული ჩემოდნების შეძენის შესახებ ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის მიზნით შექმნილი გვერდები ავრცელებენ. ამ ფეისბუკ გვერდების მიზანს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, საბანკო ბარათის მონაცემების მოპოვება წარმოადგენს. “ტავ ჯორჯია“ ადასტურებს, რომ ინფორმაცია დაკარგული ბარგის გაყიდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
- რა ვიცით ყალბი გვერდების შესახებ?
ფეისბუკ გვერდი Tbilisi International Airport 2021 წლის 8 აგვისტოს არის შექმნილი და 138 გამომწერი ჰყავს. გვერდს კატეგორიების ველში Airport აქვს მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ გვერდი 2021 წელს არის შექმნილი, მასზე პოსტების განთავსება 2025 წლის 18 სექტემბერს დაიწყეს და პირველ აქტივობას პროფილისა და ქავერის ფოტოს ცვლილება წარმოადგენს. ამის შემდეგ გვერდზე 11 ფოტო (1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11) და 3 ვიდეო (1,2,3) არის გამოქვეყნებული და მათგან თითოეული აეროპორტში დაკარგული ბარგის გაყიდვას ეხება.

რაც შეეხება მეორე ფეისბუკ გვერდს Tbilisi International Ảiport, ზემოაღნიშნული გვერდის მსგავსად, ისიც 2021 წლის 8 აგვისტოს არის შექმნილი და 119 გამომწერი ჰყავს. გვერდს კატეგორიის ველში Airport terminal აქვს მითითებული. განსხვავებით პირველი გვერდისგან, ამ ფეისბუკ გვერდს დაკარგული ბარგის 5,50 ლარად გაყიდვის შესახებ მხოლოდ 6 ფოტო (1,2,3,4,5,6) და 2 ვიდეო (1,2)აქვს გამოქვეყნებული.

ყალბი გვერდებისგან განსხვავებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გვერდს 36 000 გამომწერი ჰყავს. ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ქავერისა და პროფილის ფოტო ასევე განსხვავდება ყალბი გვერდის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებისგან, სადაც მხოლოდ ჩემოდნებია ასახული. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფოციალურ გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტია და ბათუმის აეროპორტის ვებ-გვერდის ბმულებიც. ამისგან განსხვავებით, ყალბ გვერდებს “ჩვენ შესახებ” განყოფილება ცარიელი აქვს და გვერდის კატეგორიის ნაწილში Airoport აქვთ მითითებული.


სანდოობის შექმნის მიზნით, ყალბი ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტებზე ყალბი ანგარიშები აკომენტარებენ. მაგალითად, მომხმარებელი Νεφέλη Χαραλαμπίδου წერს, რომ 5,50 ლარად შეძენილ ჩემოდანში Dyson-ის თმის საშრობი აღმოაჩინა. გარდა იმისა, რომ კომენტარის ავტორებს არაქართული სახელი და გვარები აქვთ, მათ მიერ გაკეთებულ კომენტარებშიც მრავალი ხარვეზია, მაგალითად: “ჩემოდნის მიტანა 5,50 ლარად მოვაწყე და არ მინანია”; “ბედი 5.50 ლარად ვცადე, სასიამოვნოდ გამიკვირდა, ბრენდის საათები და ბანდის ტანსაცმელი”.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პოსტში მითითებულ ღილაკს დააჭერს, საიტზე https://growthfit.shop/ გადავა, სადაც გათამაშებაში მონაწილეობის პირობებია ახსნილი. მითითებული ინფორმაციის თანახმად, აეროპორტში დაკარგული ჩემოდნების 5,5 ლარად მიღების მსურველმა მარტივი კითხვარი უნდა შეავსოს, რომელიც ქართული ენისთვის არაბუნებრივად ჟღერს: “1.რატომ გსურთ მოიგოთ დაკარგული ბარგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან? 2.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რომელი სერვისით სარგებლობთ ყველაზე ხშირად? 3.რას ისურვებდით აღმოგეჩინოთ თქვენს დაკარგულ ბარგში? 4.სად გამოიყენებდით მოგებულ ბარგს? 5.როგორ გაიგეთ დაკარგული ბარგის პრიზის გათამაშების შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? 6.როგორ გაიგეთ დაკარგული ბარგის პროზის თამაშის შესახებ?”




კითხვარის შევსების შემდეგ, მომხმარებელი ხედავს ფანჯარას, სადაც შემდეგი ტექსტი იკითხება: “გმადლობთ, რომ შეავსეთ ჩვენი გამოკითხვა! გმადლობთ თქვენი ღირებული გამოხმაურებისთვის – ახლა თქვენ გაქვთ უფლება სპეციალურ ჯილდოებზე, რომლებიც მოცემულია ქვემოთ. მნიშველოვანია: თუ დატოვებთ ამ გვერდს ჯილდოს გარეშე, თქვენი უფლება მონაწილეობის მითებაზე ჩვენი ახალი პროდუქტის ტესტირების პროგრამაში გადაეცემა სვა სტუმარს”. აქვე მითითებულია, რომ მომხმარებელს ბარგში 480 ლარის ნაცვლად 5,50 ლარის გადახდა უწევს.

შემდეგ ეტაპზე, სახელის, გვარის, მობილური ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, მისამართის ველებს შევსების შემდეგ “გათამაშების მონაწილეს” უკვე საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვს ვებ-საიტი.

- რა ვიცით ვებ-საიტის შესახებ?
თაღლითური ვებ-საიტი (https://growthfit.shop/) რომელზესაც მომხმარებელმა პერსონალური მონაცემები უნდა შეიყვანოს, 2025 წლის 9 სექტემბერს არის შექმნილი და whois.domaintool-ის თანახმად, IP მისამართი რუსეთში, კერძოდ კი როსტოვის ოლქში მდებარეობს.

ფოტოებზე საქართველოში მდებარე აეროპორტი არ არის ასახული
ფეისბუქ-გვერდები თაღლითურ პოსტებს თან ურთავენ ფოტოებს, რომლებზეც საქართველოში მდებარე აეროპორტები არ არის ასახული. მაგალითოსთვის, 18 სექტემბერს გამოქვეყებულ პოსტს დართული აქვს ფოტო, რომელზეც ბრიტანეთში მდებარე ბრისტოლის აეროპორტია ასახული. ამას ღია წყაროებში ადგილობრივი მედიის მიერ 2022 წელს გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს (1;2).

მეორე თაღლითური გვერდის მიერ 20 სექტემბერს გავრცელებულ პოსტს კი დართული აქვს ფოტო, რომელიც ასევე ბრიტანეთში, Heathrow Airport-შია გადაღებული. მედია კადრებს, სადაც იდენტური ჩემოდნები ჩანს, 2017 წელს ავრცელებდა და წერდა, რომ ავიაკომპანიის ხარვეზის გამო აეროპორტში პრობლემები შეიქმნა.

- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადება
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიას“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პოსტები დაკარგული ბარგის გაყიდვის შესახებ წლებია, რაც ვრცელდება და თაღლითურ გვერდებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. 2024 წლის სექტემბერში ამავე კომპანიის მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები იყიდება, დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

- როგორ დავიცვათ თავი თაღლითობისგან?
“ფიშინგი თაღლითობის” ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანიც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების და ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვება წარმოადგენს. ბოლო პერიოდში თაღლითობის მიზნით შექმნილ ფეისბუკ გვერდებს მომხმარებლები სხვადასხვა გათამაშებითა თუ სამსახურის შეთავაზებით შეცდომაში შეჰყავთ. თაღლითები ქმნიან ყალბ ფეისბუკ გვერდს, რომელიც რეალური კომპანიის გვერდს ჰგავს, იყენებენ მის ლოგოს და ინფორმაციას, რათა მომხმარებლებს ნდობა გაუჩინონ. შემდეგ კი ცრუ გათამაშებით ცდილობენ მათ მოტყუებას, თითქოს მათ ძალიან დაბალ ფასად ან უბრალოდ კომენტარის დატოვებით შეუძლიათ პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობენ შეკვეთის განთავსებას ან გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას, ითხოვენ მის პირად მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის დეტალებს. საბოლოოდ, შესაძლებელია, რომ ბარათიდან თანხა ჩამოაჭრან ან მიღებული ინფორმაცია სხვა დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ.
მომხმარებლებმა თავის დაცვის მიზნით, ყოველთვის უნდა გადაამოწმონ ინფორმაციის სანდოობა. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ გვერდის შექმნის თარიღს, გამომწერების რაოდენობას და იმას, თუ რამდენად რეალისტურად გამოიყურება პოსტები. როგორც წესი, ოფიციალური კომპანიები არასდროს სთავაზობენ მომხმარებლებს ძვირადღირებულ ტექნიკას ექსტრემალურად დაბალ ფასად, ამიტომ მსგავს შეთავაზებებს მომხმარებლები სკეპტიკურად უნდა მიუდგნენ. ასევე, სასურველია, რომ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადამოწმდეს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე შეიყვანა პირადი მონაცემები ასეთ გვერდზე, მან დაუყოვნებლივ უნდა დაბლოკოს თავისი საბანკო ბარათი და მიმართოს შესაბამის ბანკს.
მსგავსი ტიპის თაღლითური სქემები “მითების დეტექტორმა” ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებაც გამოავლინა, როდესაც ბათუმსა და თბილისში მოსახლეობას წელიწადში 7 ლარად მგზავრობას სთავაზობდნენ:
- Smeg-ის ჩაიდნების 7 ლარად შეძენის შესახებ ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს
- თბილისის შემდეგ თაღლითური სქემა ბათუმში 7 ლარად მგზავრობაზეც ვრცელდება
- “მეტრომანით” წელიწადში 7 ლარად მგზავრობის შესახებ ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















