18 ივლისს ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ფეისბუქ გვერდზე, ასევე ჯგუფებში (1,2,3) ნაწილობრივ დამწვარი შუქნიშნის ფოტო გავრცელდა. ყველა პოსტის აღწერაში ვხვდებით მტკიცებას, რომ ფოტო რომში, იტალიაშია გადაღებული. ერთ-ერთი პოსტის ავტორი კი ამ მოვლენას ევროპაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირებს.
შუქნიშნის ფოტო მცდარი აღწერით ვრცელდება. ფოტო 2022 წელს მილანშია გადაღებული და შუქნიშანი არა იტალიაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის, არამედ მის ქვემოთ მოპედის დაწვის გამო დადნა.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ახალი არაა, ის 2022 წელს მილანშია გადაღებული. იტალიური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Open-ის მიხედვით, შუქნიშანი 25 ივლისს ნაწილობრივ მას შემდეგ დაიწვა, რაც მის ქვემოთ მდგარ მოპედს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია ორგანიზაციას ადგილობრივმა სახანძრო დეპარტამენტმაც დაუდასტურა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო მცდარი აღწერით არაერთხელ გავრცელებულა და სხვადასხვა დროს მას როგორც იტალიაში, ასევე ყირგიზეთსა და კენიაში დაფიქსირებულ მაღალ ტემპერატურას უკავშირებდნენ.
ივლისის თვეში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ნამდვილად დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ ანტიციკლონი “ქარონის” დამსახურებაა, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან მოხვდა.
მაღალმა ტემპერატურამ და გვალვამ ესპანეთში ტყის ხანძრების გაჩენას შეუწყო ხელი, ხოლო საბერძნეთში ზოგიერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა დროებით დაიხურა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურის 48°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი, უჩვეულო სიცხეს მსხვერპლიც მოჰყვა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.