10 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში ნარკომანებისთვის უფასო აპარატი დადგეს, საიდანაც ფენტანილის ტაბლეტების, ზედოზირების წამლების, პრეზერვატივისა და “კრეკის მოსაწევი მილის” მიღებაა შესაძლებელი. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ აპარატებში მალე ჰეროინის მომხმარებლებისთვის ერთჯერადი შპრიცების დამატებას აპირებენ. დამატებით, ერთ-ერთ პოსტში გაჟღერებულია მტკიცება, რომ ეს აპარატები ყოველ საღამოს იცლება და ივსება.
ინფორმაცია ნიუ-იორკში დადგმული აპარატების შესახებ მცდარია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობას ემსახურება. რეალურად, აპარატების დადგმის მიზანი ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაა. აპარატები არა ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის ტაბლეტებს, არამედ მის ტესტებს შეიცავს.
ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე ნიუ-იორკში განთავსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სავაჭრო აპარატია (ვენდინგის აპარატი) გამოსახული. აპარატები 5 ივნისს ნიუ-იორკის ჯანდაცვის კომისარმა აშვინ ვასანმა წარადგინა.

აპარატების დადგმის ინიციატივა ნიუ-იორკში არსებული მძიმე ვითარების გამო გაჩნდა. ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვლილთა რიცხვი წლიდან-წლამდე სწრაფად იზრდება, 2020 წელს გარდაცვალების 2103 შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს 2688, ხოლო 2022 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში – 1370.
აპარატების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, სახელად “სერვისები დაუცველთათვის” (Services for the Underserved, S:US). აპარატებში რამდენიმე ტიპის პროდუქციაა განთავსებული. მათ შორისაა ნალოქსონი (ასევე ცნობილი, როგორც ნარკანი), რომელიც ოპიოიდებით ზედოზირების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, აპარატებში “უსაფრთხო მოწევისთვის” განკუთვნილი ნივთებიც განათავსეს, როგორებიცაა ტუჩის ბალზამი და სპეციალური მინის მილი (1,2). აპარატი ასევე შეიცავს უსაფრთხო სექსისა და ჰიგიენის საშუალებებს.
გავრცელებულ პოსტებში გაჟღერებულია მტკიცება, რომ აპარატებში ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის ტაბლეტებიცაა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აპარატები მოსახლეობაში ნარკოტიკების გასავრცელებლად დაიდგა. რეალურად, აპარატებში ფენტანილის ტესტებია განთავსებული.
აპარატების განთავსება ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც 2025 წლისთვის ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების 15%-ით შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქი არაა, სადაც მსგავსი აპარატები განთავსდა. ნალოქსონის შემცველი აპარატები უკვე არსებობს კალიფორნიის, პენსილვანიისა და კენტუკის შტატებში.
არქივის ლინკები: 1
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.