11 ივლისს ტვ “იმედის” ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ პირობა დაარღვია და რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს. პოსტში მითითებულია, რომ ინფორმაცია გამოცემა CNN-ს ეყრდნობა.
იგივე ინფორმაცია “იმედის” ვებ-საიტზე და ონლაინ მედია ongo.ge-ზეც გამოქვეყნდა. ასევე ფეისბუქ პროფილმა Salome Megrelishvili აღნიშნულ თემაზე ორი პოსტი ფეისბუქ ჯგუფში Tbilisi-Georgia Forever🇬🇪 გააზიარა, რომელთაგანაც ერთს პუტინის, ხოლო მეორეს “იმედის” ფეისბუქ გვერდიდან აღებული ტექსტის შემცველი ფოტო ერთვის თან.
განახლება: 11 ივლისს CNN-ის ციტირებით, რუსეთში ბიზნეს საქმიანობის მქონე კომპანიებზე ცნობები სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის ალიამ, for.ge-მ, Tiflis News-მა და სფეისნიუსმა გამოაქვეყნეს.
“იმედის” მიერ CNN-ის სტატიაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოს ათასზე მეტმა უმსხვილესმა კომპანიამ პირობა დაარღვია და რუსეთში ბიზნეს საქმიანობას განაგრძობს, ნაწილობრივ მცდარია. რეალურად, CNN-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ 1000-ზე მეტმა კომპანიამ პირობა შეასრულა და რუსული ბაზარი დატოვა, თუმცა ზოგიერთმა ცნობილმა კორპორაციამ პირობა დაარღვია და ბიზნეს საქმიანობას რუსეთში კვლავ აგრძელებს.
CNN-მა 11 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 1000-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ რუსეთის დატოვების შესახებ პირობა დადო, რაც გარკვეულმა ნაწილმა არ შეასრულა. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ 1000-ზე მეტმა მართლაც შეწყვიტა ბიზნეს საქმიანობა რუსეთში. აღნიშნული ინფორმაცია იელის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფ ზონეფელდის მიერ შექმნილ ბაზაზეა დაფუძნებული, რომელიც 1600-მდე კომპანიას აკვირდება.
სხვადასხვა გამოცემებმა (1, 2, 3) იელის უნივერსიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე კონკრეტული კომპანიაც დაასახელეს, რომელთაც თავდაპირველად გააკეთეს განცხადებები რუსული ბაზრის დატოვების შესახებ, თუმცა პირობა არ შეასრულეს. ყველაზე ხშირად მათ შორის სახელდება ფილიპ მორისის, ჰაინეკენის, მონდელეზის, ნესტლეს სახელები. თავად უნივერსიტეტის კვლევაში წერია, რომ პირობა ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიამ დაარღვია და 17 კონკრეტული კომპანიის სახელია მითითებული.
ჯეფ Ზონეფელდმა რუსეთში საქმიანობის შემწყვეტი/გამგრძელებელი კორპორაციების სიის შექმნა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო და ბაზა სწრაფი ტემპებით გაიზარდა. ინფორმაციის მისაღებად კვლევა იყენებს რუსეთში მყოფ სტუდენტებს, კომპანიების შიდა ინფორმატორებს, ადგილზე მყოფ ექსპერტებს, კორპორატიულ დოკუმენტებსა და მედიის გავრცელებულ ინფორმაციას. ბაზაში კომპანიები შეფასებულია 5 ქულიანი სისტემით, სადაც A ნიშნავს რუსული ბაზრის სრულად დატოვებას, F-კი საქმიანობის შეუზღუდავად გაგრძელებას. კვლევის მიხედვით, რუსეთში ბიზნესის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებას აგრძელებს 400-ზე მეტი მსხვილი კომპანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ დიდ ნაწილს, განსაკუთრებით F კატეგორიაში, ჩინური კომპანიები წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალიწინება, რომ იელის ბაზაში შეტანილი კორპორაციების ნაწილს რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის დაპირება არც გაუცია.

განახლებული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გარდა იელის უნივერსიტეტის ინფორმაციის და CNN-ის სტატიისა, რომელსაც “იმედი” და ongo.ge ეყრდნობიან, “მითების დეტექტორმა” კიდევ ერთ ბაზას მიაკვლია, რომელიც კიევის ეკონომიკის ინსტიტუტმა შექმნა. ისინი იკვლევენ რუსეთში კომპანიების საქმიანობის შეწყვეტას ან/და გაგრძელებას ომის დაწყების შემდგომ. სია მოიცავს დაახლოებით 2000 კომპანიას, თუმცა მასში მსხვილ კორპორაციებთან ერთად უფრო პატარა ბიზნესებიცაა შეყვანილი. ბაზის მიხედვით, რუსეთში 1000-ზე მეტმა კომპანიამ სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა საქმიანობა, ხოლო 1000-ზე მეტი მუშაობას კვლავ აგრძელებს. თუმცა, ამ მონაცემების მიხედვითაც სულ რამდენიმე კომპანიაა ისეთი, რომელმაც განაცხადა ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ და პირობა არ შეასრულა.
ყალბი ფეისბუქ ანგარიში
Salome Megrelishvili, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობის მქონე კომპანიებთან დაკავშირებით პოსტებს ფეისბუქ ჯგუფში Tbilisi-Georgia Forever🇬🇪 აქვეყნებს, ყალბი ანგარიშია, რომელიც 2021 წლიდანაა აქტიური და სოციალური ქსელის მომხმარებელი Diana Saani-ს ფოტოებს იპარავს. Diana Saani-ს ინსტაგრამ პროფილი ამჟამად დახურულია, თუმცა მის ფეისბუქ გვერდზე ფოტოების ნაწილი საჯაროა, საიდანაც ვიგებთ, რომ Salome Megrelishvili-ს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები Diana Saani-ს პირად ანგარიშზე 2013, 2018 და 2019 წლებში უდევს.
ყალბი ფეისბუქ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები:
ზემოთ აღნიშნული და დამატებით სხვა არაერთი ფოტო, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარა, Diana Saani-ს ფეისბუქ ანგარიშზეა ხელმისაწვდომი:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.