28 მაისს გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა გადაცემა “უცნობის კიდობანში” განაცხადა, რომ აშშ-ის ჯორჯიის შტატში ფედერალური ხელისუფლების დავალებით განიხილებოდა “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი, რომელსაც შტატის გუბერნატორმა ვეტო დაადო. უცნობის მტკიცებით, ამის მიზეზი გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოში ანალოგიურ კანონზე გააკეთებული განაცხადი, რომ ის რუსული კანონია და მისი მიღება არ შეიძლება. ჯორჯიის შტატის გუბერნატორს კი ეგონა, რომ ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა მისი შტატის შესახებ გააკეთა და სწორედ ამიტომ გამოიყენა ვეტოს უფლება. იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშიც (1, 2, 3.)
მტკიცება, თითქოს აშშ-ის შტატ ჯორჯიის გუბერნატორმა იფიქრა, რომ ენტონი ბლინკენი არა საქართველოზე, არამედ ჯორჯიის შტატზე საუბრობდა, რის გამოც კანონპროექტს ვეტო დაადო, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ვეტოს დადება გუბერნატორს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა სთხოვა. ამასთანავე, ეს პროცესი დასრულდა იქამდე, სანამ ბლინკენმა ე.წ. “აგენტების კანონზე” განცხადება გაავრცელა.
არიზონას, კალიფორნიის, ჯორჯიის, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში მიმდინარე წელს დაინიცირდა “ფარას კანონის” მსგავსი კანონპროექტები, რომელთა მიზანია ამ შტატებში უცხოური გავლენის პოლიტიკური აქტივობების შეზღუდვა. კანონების მიღების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ბრაიან კემპმა 8 მაისს მას უკვე დაადო ვეტო. კემპმა გადაწყვეტილება ახსნა იმ ფაქტით, რომ ფედერალური კანონი უკვე არეგულირებს ამ საკითხს, აღნიშნული კანონპროექტი (სენატის კანონპროექტი 368) კი დამატებით მოთხოვნებს აყენებს, რაც არ იყო განზრახული კანონპროექტის სპონსორის (სენატორი, კონგრესის წარმომადგენელი ან დელეგატი აშშ-ის ტერიტორიიდან, რომელიც არის კანონპროექტის ინიციატორი) მიერ. ოფიციალურ დოკუმენტში გუბერნატორი აღნიშნავს, რომ სწორედ სპონსორის მოთხოვნის საფუძველზე იყენებს ვეტოს უფლებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ენტონი ბლინკენმა პირველი ოფიციალური განცხადება ე.წ. “აგენტების კანონზე” 23 მაისს გააკეთა, რა დროსაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას უკან გაეწვიათ კანონი და საპირისპირო შემთხვევაში სანქციები დაანონსა. როგორც უკვე აღინიშნა, ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა კანონპროექტს ვეტო 8 მაისს დაადო, შედეგად შეუძლებელია, რომ მის გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიღებული კანონის შესახებ სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რაიმე გავლენა მოეხდინა.
წყაროს შესახებ:
ერთ-ერთი ფეისბუქ-ანგარიში, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს, გიორგი იბერიელია. ის პარტია “პატრიოტთა ალიანსისა” და “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” აქტიური მხარდამჭერია, ის ფეისბუქ-ჯგუფის “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !” ერთ-ერთი ადმინისტრატორიცაა. გიორგი იბერიელს ფეისბუქზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2, 3).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.