რა ვიცით კვლევაზე, რომელმაც COVID 19-ის ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი აუტოფსიის გზით დაადგინა? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

COVID 19-ის ვაქცინა
2.3k
VIEWS

2 ივლისს ფიტნეს ბლოგერმა სანდრო ჯიბლაძემ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, რომელიც COVID 19-ის ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირს ეხებოდა. ვიდეოს ერთვის აღწერაც: “ყველაზე მასშტაბურმა პოსტვაქცინურმა აუტოფსიის კვლევამ აჩვენა, რომ მოულოდნელი სიკვდილის 73.9% გამოწვეული იყო აცრებით.” ვიდეოს ტექსტის თარგმანის თანახმად, მსხვილმა კვლევამ, რომელიც ადამიანების სხეულის გაკვეთით ჩატარდა, დაადგინა, რომ ვაქცინირებული ადამიანების 73.9%-ის გარდაცვალება ვაქცინების შედეგმა გამოიწვია. 

COVID 19-ის ვაქცინა

COVID 19-ის ვაქცინასა და გარდაცვალების კავშირზე პოსტში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. ინფორმაცია ვრცელდება კარდიოლოგ პიტერ მაკკალოუსა და მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალიდან ამოიღეს მასში აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და მეთოდოლოგიასა და დასკვნას შორის კავშირის ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, კვლევა ეყრდნობა სხვა სამეცნიერო მასალებს, რომელთა გამართულობა და სამეცნიერო ღირებულება ასევე საეჭვოა. კვლევის თანაავტორების ბიოგრაფიაც სადავოა, რადგან მათ წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ მცდარი ცნობები და თანამშრომლობდნენ კომპანიებთან, რომლებსაც ანტივაქსერული პოლიტიკა აქვთ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 21 მაისით თარიღდება და ამერიკის სენატში COVID 19-ის ვაქცინის რისკის გამოსავლენად გამართულ მოსმენას ასახავს. ვიდეოზე ნაჩვენები კაცი, რომელიც აუტოფსიით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრობს, ექიმი პიტერ მაკკალოუა. მოსმენისას კვლევაში ვაქცინაციისა და გარდაცვალების კავშირთან დაკავშირებით, ექიმი ამბობს (9:00), რომ კვლევა მისი თანაავტორობით ჩატარდა და გაკვეთილი სხეულების შესწავლით დადგინდა, რომ 73.9%-ის გარდაცვალება ვაქცინის შედეგმა გამოწვიეს. 

სავარაუდოა, ექიმი გულისხმობს კვლევას, რომლის სახელიცაა “აუტოფსიის მიგნებების სისტემური განხილვა Covid 19-ის ვაქცინის შემდეგ გარდაცვალებებში.” კვლევის თანაავტორი, კიდევ 8 მეცნიერთან ერთად, ექიმი პიტერ მაკკალოუცაა.  კვლევა 2024 წელს გამოქვეყნდა. მეთოდოლოგიის თანახმად, ავტორებმა შეისწავლეს ამავე მეთოდით ჩატარებული არაერთი კვლევა და გაანალიზეს 325 გაკვეთილი სხეული. საბოლოდ, დაადგინეს, რომ მაღალი ალბათობით, გარდაცვლება COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებულმა მიზეზებმა გამოიწვია. კვლევაში ვეცნობით, რომ შესწავლილი შემთხვევების უმრავლესობა, 240 გარდაცვალება, ანუ 73.9%, გამოწვეული იყო უეცარი გულის გაჩერებით, ფილტვის ემბოლიით, მიოკარდიუმის ინფარქტით, ცერებრალური სისხლდენითა და ა.შ. ავტორები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID 19-ის ვაქცინებსა და გარდაცვალებას შორის მაღალი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც სამეცნიერო კვლევასთან ერთად, დამატებით დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს. 

გასულ წელს კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Forensic Science International, თუმცა მოგვიანებით ჟურნალის რედაქტორებმა ის უკან გაიწვიეს. სამეცნიერო ჟურნალის ვებ-გვერდზე გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტებულია. კერძოდ, კვლევის გამოქვეყნებამ სამეცნიერო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია, ხოლო სტატია შემდეგი კრიტერიუმების დარღვევის გამო ამოიღეს: წყაროების არასწორი ციტირება, კვლევის შეუსაბამო მეთოდოლოგია, შეცდომები, არასწორი დამოწმება და დასკვნების ფაქტებით გამყარების ნაკლებობა. ასევე, სტატიაში შეუძლებელია უარყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებების ამოცნობა და ციტირება. იგივე კვლევის პირველადი ვერსია გამოქვეყნდა “სოციალური მეცნიერებების კვლევითი ქსელის” (SSRN) ვებ-გვერდზეც, რომელიც იქ სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-თან კავშირის გამო მოხვდა. მალევე, კვლევა ამ საიტიდანაც წაიშალა, მიზეზად კი დაასახელეს მეთოდოლოგიისა და დასკვნების შეუსაბამობა. 

პიტერ მაკკალოუს წარსულშიც უსაბრია ვაქცინაციისა და გარდაცვალების კავშირზე.  “მითების დექტორი” მეცნიერისა და მისი მტკიცებების შესახებ დამატებითი ცნობების მისაღებად სამეცნიერო საკითხებზე კონცენტრირებულ, ამერიკულ ფაქტების შემმოწმებელ პლატფორმა Science Feedback-ს დაუკავშირდა. მათ ამავე კვლევაზე რამდენიმე სტატია აქვთ გამოქვეყნებული. Science Feedback-ის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კვლევას მიკერძოების ნიშნები ეტყობა და სუსტ ანალიზს ეფუძნება. პირველ ყოვლისა, პიტერ მაკკალოუს მონაწილეობით ჩატარებული კვლევა იყენებს სხვა კვლევებს, რომლებიც იმავე მეთოდითაა (აუტოფსიის გზით) ჩატარებული. მაკკალოუს კვლევა კი მათ არაზუსტად ციტირებს. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინირებული კაცის მიოკარდიტით გარდაცვალება “გულის წინასწარმა მძიმე ცვლილებებმა” გამოიწვია და ის ვაქცინასთან კავშირში არ იყო, მაკკალოუსა და თანაავტორებს ის COVID 19-ის ვაქცინით გარდაცვლილთა სტატისტიკაში შეჰყავთ. Science Feedback ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა კვლევისთვის მასალები და რატომ მიიჩნიეს მკვლევრებმა კონკრეტული სტატიები მნიშვნელოვნად. მათ კვლევის მიკერძოების შესახებ ვარაუდი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც აღმოაჩინეს, რომ მასში გამოყენებული სტატიების მასშტაბი მცირეა და რამდენიმე მხოლოდ ერთ პაციენტზე დაკვირვებასაც კი მოიცავს. 

მიოკარდიტი მართლაც ითვლება COVID 19-ის ვაქცინის სავარაუდო გვერდით მოვლენად, თუმცა ის იშვიათად ვლინდება და ისიც მსუბუქი ფორმით. მიოკარდიტი, შესაძლოა, კოვიდით ინფიცირების შემდეგაც განვითარდეს. 

  • რა ვიცით კვლევის ავტორების შესახებ? 

ექიმ პიტერ მაკკალოუს სამედიცინო საქმიანობა სადავოა. ის მთავარი სამეცნიერო ოფიცერია The Wellness Company-ში, რომელიც ყიდის ნაერთებს, რაც კომპანიის თქმით, ადამიანებს სპაიკ ცილისაგან დეტოქსიკაციაში ეხმარება. კომპანიასთან ასევე დაკავშირებული არიან კვლევის თანაავტორები: რიჩარდ ამერილინგი, პოლ ალექსანერი, ჰეზერ გესლინგი, როჯერ ჰოდკინსონი (Alexander, Amerling, Gessling, Hodkinson). პანდემიისას კარდიოლოგი მაკკალოუ ვაქცინაციის შესახებ ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას, რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდებოდა. ამერიკული ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციები აქტიურად ამოწმებდნენ ვაქცინაციასთან თუ პანდემიასთან დაკავშირებით ექიმის განცხადებებს. კვლევის სხვა თანაავტორებიც დაკავშირებული არიამ პიტერ მაკკალოუსთან ან The Wellness Company-სთან. მაგალითად, ნიკოლას ჰარშელი (Nicolas Hulscher) პიტერ მაკკალოუს ფონდში ეპიდემიოლოგად მუშაობს. 

პოლ ალექსანდერი (Paul E. Alexander) ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ვადისას მისი მეცნიერების მიმართულების მრჩეველი იყო. ის ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მილიონობით ამერიკელის ინფიცირებას ხედავდა. გარდა ამისა, ალექსანდერი Brownstone Institute-ის თანამშრომელია (არქივი – 14.7.2025), რომელიც პანდემიისას ჯანდაცვის საკითხებს აქტიურად იყენებდა პროპაგანდისთვის. 

ავტორების უმრავლესობა შემჩნეულია მცდარი ცნობების გავრცელებაში. ერთ-ერთი ამერიკის ექიმებისა და ქირურგების ასოციაციის წევრი რიჩარდ ამერლინგია (Richard Amerling), რომელმაც პლატფორმა გამოიყენა შიდსისა და აბორტის შესახებ მცდარი ცნობების გავრცელებაში.  

“მითების დეტექტორი” სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებულ მცდარ ცნობებს სისტემატურად ამოწმებს. მათ შორის, კვლავ აქტიურია COVID 19-ისა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემების მანიპულაციური გავრცელება თუ მათ შესახებ დეზინფორმაციული ცნობები გაზიარება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist