ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესიაში დაპირისპირების ვიდეოები მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

71
VIEWS

17 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდებმა ZNEOBA.GE (1,2) და publicist.ge და ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3), მათ შორის საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება გაავრცელეს უკრაინაში, ქალაქ ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესიაში დაპირისპირების ამსახველი ვიდეოები. პოსტების აღწერების მიხედვით, ტაძარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერები შეიჭრნენ, დაარბიეს და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტაძრის ჩამორთმევა სცადეს.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ესპანეთში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ ანგარიშმაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინაში ნეონაცისტებმა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ეკლესიის) ტაძრის მიტაცება სცადეს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოები რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. 

ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესია ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესია

ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესიაში დაპირისპირების ამსახველი ვიდეოები მანიპულაციური აღწერით ვრცელდება. დაპირისპირება უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შორის მოხდა და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდამჭერებთან ან ძალოვანი სტრუქტურების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული არ არის. მწვავე კონფლიქტი კი ტაძრის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის და მხარდამჭერების შეჭრის და ეკლესიაში ჩაკეტვის შემდეგ მოხდა. ოფიციალურად ეკლესია უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში გადავიდა.

  • ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს წმინდა მიხაილის საკათედრო ტაძართან?

უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს, მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია 2019 წელს მოიპოვა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან კავშირის გამო მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირებულია. არაერთი სამრევლო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის 2024 წლის გამოკითხვით, უკრაინელი ქრისტიანების 56% თავს სწორედ უკრაინის მართმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მხოლოდ 6%.

17 ოქტომბერს სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ ქალაქ ჩერკასიში არსებული წმინდა მიხეილის სახელობის ტაძარი უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) მფლობელობაში გადავიდა და საგარნიზონო ტაძარი გახდა. კაპლანის განცხადებას უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაზიანებები ორივე მხარის წარმომადგენლებმა მიიღეს, სასწრაფო დახმარების საოლქო ცენტრის ხელმძღვანელის თანახმად, მათ სამსახურს 25-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ძირითადად წიწაკის სპრეით გამოწვეული ლორწოვანი გარსების დამწვრობით და ასევე რამდენიმე მოტეხილობით. პოლიცია გამოძიებას ხულიგნობის მუხლით აწარმოებს.

თავის პოსტში კაპლანი ვოლოდიმირ პედკო აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ადგილზე უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდიდებელი ეკლესიის მრევლს თავისუფლად ღვთისმსახურებაში ხელს ხშირად უშლის და მსგავს მდგომარეობა იყო ჩერკასში წმინდა მიხაილის ეკლესიაშიც. კაპლანის თანახმად, 17 ოქტომბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები ტაძარში გამთენიისას მივიდნენ, რათა ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინათ და ტაძრის უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის მფლობელობაში გადასვლის პროცესი სისრულეში მოეყვანათ. პედკო წერს, რომ ტაძარში მისულებს იქ მტრულად განწყობილი პირები დახვდნენ, რომლებიც ტაძრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში გადასვლას მხარს არ უჭერდნენ. კაპალანის პოსტში აღნიშნულია, რომ წმინდა მიხაილის ტაძრის მრევლის უმეტესობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია.

ეკლესიის ახლოს ნელ-ნელა შეკრება დაიწყეს უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერებმა, დაახლოებით დილის 8 საათზე ეკლესიასთან მივიდა უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი თეოდოსი, რომლისთვისაც სამართალდამცველებს რამდენიმე ბრალდება აქვთ წარდგენილი. უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რასაც უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერებთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ტაძრის ტერიტორიაზე მათი შეჭრა ადგილზე გადაღებულ ვიდეკადრებშიც ჩანს.

ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ეკლესია

მიტროპოლიტმა თეოდოსიმ განაცხადა, რომ ტაძარს უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას არ დაუთმობდნენ, რის შემდეგაც მხარდამჭერებთან ერთად ტაძარში ჩაიკეტა და აღარავის უშვებდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერებთან ფიზიკური დაპირისპირების, შელაპარაკებისა და კამათის შემდეგ მიტროპოლიტმა და მისმა მხარდამჭერებმა ტაძრის ტერიტორია დატოვეს. მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, “თავდამსხმელებმა მორწმუნეები ძალით გაყარეს ტერიტორიიდან და ვიდეოდაკვირვების კამერები მოგლიჯეს”. ეპარქია პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. УПЦ МП ასევე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელმა ტაძრის ტერიტორიაზე სროლა გახსნა. როგორც BBC-ის უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, დაპირისპირების ვიდეოებიდან ერთ-ერთში იარაღი მართლაც ჩანს, თუმცა გასროლის ხმა არსად ისმის.

ინციდენტის მომდევნო დღეს, 18 ოქტომბერს ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა უკრაინულ ენაზე აღავლინეს.

  • ვის ეკუთვნის წმინდა მიხეილის სახელობის საკათედრო ტაძარი?

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის Суспільне-სთან ვოლოდიმირ პედკომ განმარტა, რომ ტაძრის თემმა უკვე დიდი ხანია ხმა მისცა ტაძრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში გადასვლას და ეს იურიდიულადაც გაფორმებულია.

Суспільне აღნიშნავს, რომ უკრაინული ბიზნეს ანალიტიკური პორტალის YouControl-ის მონაცემებით, რელიგიური ორგანიზაცია “უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის ჩერკასის ეპარქიის წმინდა მიხეილის სახელობის საგარნიზონო მრევლი” ნამდვილად დარეგისტრირებულია.

უკრაინის კანონმდებლობით, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრები სახელმწიფო საკუთრებაა, თუმცა ჩერკასის წმინდა მიხეილის სახელობის ტაძარი ახალი ტაძარია, შესაბამისად ის ან ადგილობრივ თემს ან კერძო მეპატრონეს ეკუთვნის. ნებისმიერ თემსა და სამრევლოს შეუძლია ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლის გადაწყვეტილება საერთო კრებაზე მიიღოს, საჭიროა, შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა და დარეგისტრირება.

Суспільне-სთან საუბარში ჩერკასის და ჩიგირინსკის მიტროპოლიტი, მეუფე იოანი აღნიშნავს, რომ ტაძრის გადასვლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჯერ კიდევ 2024 წლის 12 ივნისს მოხდა და მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემი ამ მისამართზე დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად საკუთრებაზე უფლებაც არ აქვს. მეუფე იოანმა Суспільне-ს ასევე მიაწოდა მრევლის შეკრების პროტოკოლის ამსახველი დოკუმენტი და ჩერკასის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განკარგულება ხელმძღვანელის იგორ ტაბურცას ხელმოწერილი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ტაძარი უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძართან დაკავშირებით კიდევ ერთ ისტორიულ ნიუანსზე ყურადღებას ამახვილებს BBC-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი ვიტალი ჩერნოვენკო. ჩერნეკოვი აღნიშნავს, რომ ჩერკასის ეპარქიის ყოფილი იერარქი მრავალი წლის განმავლობაში იყო მიტროპოლიტი სოფრონი. ის ღიად უჭერდა მხარს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაში ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვინც ამაზე ღიად საუბრობდა. სწორედ მისი აშენებულია წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძარი, რომელიც უკრაინაში ყველაზე დიდია მართლმადიდებლური ტაძარია. ტაძარი თავად მიტროპოლიტ სოფრონის დაპროექტებულია უკრაინულ მოტივებზე. მისი მემკვიდრე მიტროპოლიტი თეოდოსი გახდა, რომელიც ბევრის აზრით, მიტროპოლიტ სოფრონისგან სრულიად საპირისპირო ღირებულებების მატარებელია. ჩერნეკოვი აღნიშნავს, რომ მათთვის ვინც მიტროპოლიტ სოფრონს პატივს სცემდა იმდენადვე უცხო და მიუღებელია მის აგებულ ტაძარში ლოცვებში მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება, რამდენადაც სხვებისთვის ეკლესიის ტერიტორიაზე დაპირისპირება.

  • რა ვიცით მიტროპოლიტ თეოდოსის შესახებ?

მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერკასის და კანევის მიტროპოლიტი თეოდოსის (ერისკაცობაში დენის სნიგირევი) წინააღმდეგ წელიწადზე მეტია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პირველი სამი ბრალდება მიტროპოლიტმა 2023 წლის 20 თებერვალს მიიღო რელიგიათაშორისი სიძულვილის წაქეზებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის უარყოფისთვის. 12 აპრილიდან ის 24-საათიან, ხოლო 20 დეკემბრიდან ღამით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 2024 წლის 23 თებერვალს მიტროპოლიტს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობისთვის წარუდგინეს. 19 ივნისს კი მოქალაქეთა რელიგიური მრწამსის მიხედვით თანასწორობის დარღვევისთვის წარუდგინეს. 2024 წლის 2 სექტემბერს მას კიდევ ერთხელ დააკისრეს ღამით შინაპატიმრობაში ყოფნა. მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ბრალდებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, კიევის მიტროპოლიის სპიკერმა, მიტროპოლიტმა ევსტრატიმ თავის მხრივ მიტროპოლიტი თეოდოსი შეგნებული პროვოკაციის მიწყობასა და რუსული პროპაგანდისთვის ხელსაყრელი სურათის შექმნაში დაადანაშაულა. მიტროპოლიტ ევსტრატის განცხადებით, მიტროპოლიტი თეოდოსი პრორუსული შეხედულებებით გამოირჩევა, ცოტა ხნის წინ გასცა განკარგულება ღვთისმსახურების დროს არ ეხსენებინათ სახელმწიფო, სახელმწიფო ხელმძღვანელობა და უკრაინის სამხედრო ძალები. ცნობილია ასევე ისიც, რომ თეოდოსი ჯერ კიდევ მოიხსენიებდა ლოცვის დროს მოსკოვის პატრიარქს კირილეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

უკრაინაში არსებული ორი მართლმადიდებელი ეკლესიის და უკრაინის ხელისუფლების მიერ ეკლესიაში რუსეთის გავლენის შემცირების მიმართულებით მიღებული ზომების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist