2018 წლის 28 მარტს საინფორმაციო სააგენტომ “საქართველო და მსოფლიო” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დიდ ბრიტანეთში სამშობიარო სახლების სამედიცინო პერსონალს სთხოვენ, უარი თქვან ისეთი ტერმინების გამოყენებაზე, რომლებიც ტრანსგენდერებს გაანაწყენებს.
Geworld.ge: “პერსონალმა ახალდაბადებულთა მიმართ არ უნდა გამოიყენოს ისეთი ტერმინები როგორიცაა : “რა ლამაზი გოგოა“ ან “რა მშვენიერი ბიჭუნაა“… ალტერნატიულ ვარიანტად კი სთავაზობენ ფრაზებს : “ჯანმრთელი ბავში“ ; “მშვენივრად გაართვით თავი“…
Geworld.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. British Medical Journal-მა 2018 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მედპერსონალს უწევს რეკომენდაციას გარკვეული ფრაზების ალტერნატიული ტერმინებით ჩანაცვლების შესახებ, რომელთა მიზანიც პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციაა. არცერთი ტერმინი გენდერულ შინაარსს არ შეიცავს.
1. British Medical Journal მედპერსონალს ურჩევს თავი აარიდოს გამაღიზიანებელი, დრამატული ფრაზების გამოყენებას
ბრიტანეთში მედპერსონალის მიერ სამშობიარო სახლებში გარკვეული ტერმინების შეცვლაზე British Medical Journal-ს 2018 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებული აქვს სტატია, რომელშიც ახსნილია, რომ ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია მშობიარობის კარგად ჩავლისთვის, ამიტომ სამშობიარო სახლების მედპერსონალს უწევენ რეკომენდაციას გარკვეული ფრაზების ალტერნატიული ტერმინებით ჩანაცვლების შესახებ. მაგალითად: მედპერსონალმა თავი უნდა აარიდოს ისეთი გამაღიზიანებელი, დრამატული ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: “ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა”; “დიდი ბავშვი”… ამათ ნაცვლად კი უკეთესია შემდეგი ტერმინების გამოყენება : “ცვლილებები ბავშვის გულის ცემის მაჩვენებელში”; “ჯანმრთელი ბავშვი”. სტატიაში სარეკომენდაციო ტერმინებიდან არცერთი არ ეხება გენდერის საკითხს.
აღსანიშნავია, British Medical Association-ის 2016 წლის ეფექტური კომუნიკაციის გზამკვლევიც, რომელშიც გვთავაზობენ რეკომენდაციებს, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ადამიანებთან კომუნიკაციისას. გზამკვლევში გენდერის საკითხებზეც არის ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმის შესახებ,რომ მედპერსონალმა უარი უნდა თქვას ახალდაბადებულთა მიმართ ისეთი ტერმინების გამოყენებაზე როგორიცაა: ”რა ლამაზი გოგოა“ ან ,,რა მშვენიერი ბიჭუნაა“- არ არის საუბარი.
2. რუსული პირველწყაროები
იდენტური ინფორმაცია გვხვდება რუსულ საინფორმაციო საიტზე Ria Novosti, რომელიც პირველ წყაროდ British Medical Journal-ს ასახელებს, თუმცა მითითებულ ბმულს ზოგადად ჟურნალის ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე გადავყავართ და არა კონკრეტულ სტატიაზე. ხოლო ვებ-გვერდზე ძიების შედეგად მსგავსი შინაარსის სტატია არ იძებნება.
იგივე მასალა აქვს გამოქვეყნებული რუსულ საიტებს: newinform.com, woman.rambler.ru .
რუსული წყაროებისა და Geworld.ge-ს ტექსტი იდენტურია. ერთი განსხვავება რუსულ და ქართულ სტატიებს შორის არის ის, რომ რუსული ონლაინ გამოცემები არ წერენ ბრიტანეთში აღნიშნული ტერმინების ჩანაცვლების მიზეზს, Geworld.ge კი ამას ტრანსგენდერთა საკითხს უკავშირებს.
ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის მოტივით მშობიარობასთან დაკავშირებული ტერმინებით მანიპულირება ახალი არ არის. 2017 წლის ოქტომბერში საერთაშორისო, მათღ შორის ქართულ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთი ტერმინის “ორსული ქალები” ჩანაცვლებას ტერმინით “ორსული ადამიანები” გეგმავდა. ვრცლად ამ დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის პუბლიკაცია.
მითების დეტექტორის ლაბორატორია