13 ნოემბერს პროსახელისუფლებო მედიამ “რუსთავი 2” და საინფორმაციო სააგენტოებმა (ნიუსჰაბი; ინფო 9) გაავრცელეს საინფორმაციო ბარათი, რომელზეც, მათი ცნობით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების (შუშანა მაცაბერიძე, თენგო თევზაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) განსხვავებული განცხადებებია დატანილი. ციტატები შეეხება 13 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების მიერ წაკითხულ განცხადებას, რომლითაც 28 ნოემბერს საპროტესტო აქცია დაანონსდა. მედიები ინფორმაციის გავრცელებისას წერენ, რომ რესპონდენტებმა განცხადების ტექსტის ავტორთან დაკავშირებით განსხვავებული კომენტარები გააკეთეს. საინფორმაციო ბარათზე პოლიტიკოსების შედეგ ციტატებს ვკითხულობთ:
| შუშანა მაცაბერიძე, “დროა”: | “ტექსტი გიგა ლემონჯავამ დღეს დილით დაწერა.” |
| თენგო თევზაძე, “ახალი”: | “ტექსტი დაიწერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული ვიყავით პოლიტიკური პარტიის წევრები.” |
| ნოდარ ჩაჩანიძე, “ახალი”: | “ტექსტი ბრიუსელში არ დაწერილა, მეც ვღებულობდი მონაწილეობას (ტექსტის შედგენაში).” |
| თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფედერალისტები”: | “ტექსტი უამრავ ჩათში დატრიალდა.” |

პროსახელისუფლებო მედიის მტკიცება, რომ 13 ნოემბერს წაკითხული განცხადების ავტორზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გზავნილები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მანიპულაციურია. თენგო თევზაძე, ნოდარ ჩაჩანიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ განცხადებებში ამბობენ, რომ 13 ნოემბერს წაკითხული ტექსტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიწერა. შუშანა მაცაბერიძე და თამარ ჩერგოლეიშვილი ადასტურებენ, რომ პარტია “დროას” წევრმა, გიგა ლემონჯავამ ტექსტის პირველად ვერსიაზე იმუშავა, რაც წინააღმდეგობაში არ არის სხვა რესპონდენტების მიერ საბოლოო ვერსიის ერთობლივი მუშაობით დაწერის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან.
13 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციებისას დაკავებულების ოჯახის წევრებმა საერთო განცხადება წაიკითხეს. ამ განცხადების შესახებ პარტია “დროას” წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ დაწერა, რომ ის გიგა ლემონჯავამ შეადგინა. ასევე, “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა იმავე დღეს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს. ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ ტექსტი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შედგენილია, რომელიც კონსენსუსის მისაღწევად სხვა ჯგუფებშიც გაავრცელეს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ტექსტი გიგა ლემონჯავამ დაწერა:
თამარ ჩერგოლეიშვილი (0:45): “სინამდვილეში, ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენელი ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ტექსტი და ეს ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩეთში.
[…] საქმეც თან როგორ იყო იცი, რომ ღამე თან გიგა წერდა ლემონჯავა და ღამე უნდა ჩაეგდო და ვერ მოასწრო და ბოდიშს იხდის ჩეთში, რომ ღამე ვერ ჩავაგდე, ვერ მოვასწარი რაღაც საქმე მქონდაო და დილით ჩააგდო.”
13 ნოემბრის 6 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში რუსთავი 2-მა გააშუქა პარტია “ახალის” წევრებთან, ნოდარ ჩაჩანიძესა და თენგო თევზაძესთან ამავე თემაზე ჩაწერილი ინტერვიუებიც. ორივე მათგანი ადასტურებს, რომ განცხადების ტექსტი ერთობლივად შეადგინეს და პროცესში თავადაც მონაწილეობდნენ. მას შემდეგ, რაც პროსახელისუფლებო ტელევიზიამ და საინფორმაციო სააგენტოებმა დაწერეს, რომ პოლიტიკოსები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, ნოდარ ჩაჩანიძემ პოსტი გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ განცხადების ტექსტის დაწერაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და მისი პირველადი ვერსია გიგა ლემონჯავამ მოამზადა. რუსთავი 2-ის სიუჟეტში კი ორივე მათგანი მსგავსი შინაარსის განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბრიფინგზე წაკითხული ტექსტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად მოამზადეს.
თენგო თევზაძე (5:10): “ზუსტად ვიცი, სად დაიწერა ეს ტექსტი. ეს ტექსტი დაიწერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ფორმატში, სადაც ჩართული ვიყავით ჩვენ, პოლიტიკური პარტიის წევრები და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ტექსტი არ არის ისეთი შინაარსის რომელიც სადმე დაწერას საჭიროებს. ეს არის გამოძახილი ქართველი ხალხის. ვისთან უნდა გვჭირდებოდეს ამაზე კონსულტაცია.”
ნოდარ ჩაჩანიძე (5:30): “თითქოს ტექსტები იწერება უცხოეთში და საზღვარგარეთ. არ არის ეს ნამდვილად ასე. მეც, პირადად, ვღებულობდი მონაწილეობას. ბრიუსელში ნამდვილად არ ვყოფილვარ. არ ვარ ბელგიაში, ჯერ-ჯერობით, ნამყოფი არა ვარ და ამიტომ მე არ ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში იმ ადგილზე, სადაც იწერებოდა. კონსულტაციებში მე ნამდვილად არ ვყოფილვარ ჩართული, კონსულტაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის ღალატად გამოცხადება და ამის, რა ვიცი, რაღაც ისეთი სახელის დარქმევა, რომ ევროპულ სახელმწიფოებთან ვთანამშრომლობთ და ევროკავშირთან თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ეს არ არის სირცხვილი.”
ამდენად, სიმართლეს არ ასახავს, თითქოს 13 ნოემბერს წაკითხული ტექსტის ავტორის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. სინამდვილეში, ისინი აღნიშნავენ, რომ საერთო ტექსტის შედგენის კონსულტაციებში მონაწილებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, პირველადი ტექსტი კი გიგა ლემონჯავამ დაწერა.
რა ვიცით 28 ნოემბრის აქციის დაანონსების ტექსტზე და ვინ გაავრცელა ის თავდაპირველად?
საინფორმაციო სააგენტომ “პრაიმ ტაიმი” 13 ნოემბერს, 15:00 საათზე გაავრცელა ინგლისურენოვანი წერილი. გამოცემა წერდა: “Prime time – ს ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.” “პრაიმ ტაიმი” და შემდგომში მასზე დაყრდნობით სხვა მედიები წერდნენ, რომ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირისგან იღებენ “დავალებებს” და განცხადების ტექსტებს.
აღსანიშნავია, რომ წერილზე არც ევროკავშირის ლოგოა დატანილი და არც გამომგზავნის სახელი ან თარიღი. წერილს დასაწყისში ერთვის წინადადება: “თუ შესაძლებელია, თავი აარიდეთ ტექსტში რადიკალური ცვლილებების შეტანას.” პოლიტიკოსები პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ განცხადება წაკითხვამდე არაერთ ჯგუფში გაზიარდა და “შეიძლება, რომელიღაც ჩეტში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი და იქედან მოიპარა, წაიღო, თარგმნა და გამოქვეყნდა”.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















