2025 წლის 14 მარტსა და 30 მაისს ფეისბუკის რუსულ და ქართულენოვან ანგარიშებზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც ქალზე ძალადობის შემთხვევას ასახავს. მსხვერპლს სახეზე მრავლობითი დაზიანება აქვს. თანდართული აღწერით, 22 წლის გოგონა შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში, სადაც მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და აწამებდნენ. ავტორების მტკიცებით, 12 მარტს დილით ის აღმოსავლეთის მიმართულებით, რუსული პოზიციებიდან 200 მეტრში რუსებმა იპოვეს და მშვიდობიან მხარეს გადაიყვანეს.
ქალზე ძალადობის შემთხვევას, რომლის შესახებაც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. სურათი 2019 წელსაა გადაღებული და მასზე 55 წლის ბრაზილიელი ლანდშაფტის დიზაინერი, ელეინ პერეს კაპაროსია გამოსახული, რომელსაც ჯიუ-ჯიცუს მებრძოლმა, ვინიციუს ბატისტა სერამ სცემა.
ფოტოზე გამოსახული ქალი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული არ არის. ორივე ფოტოზე ბრაზილიელ ლანდშაფტის დიზაინერს, 55 წლის ელეინ პერა კაპაროსს ვხედავთ. 2019 წელს ბრაზილიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიო-დე-ჟანეიროში კაპაროსს ჯიუ-ჯიცუს მებრძოლმი, 27 წლის ვინიციუს ბატისტა სერა 4 საათის განმავლობაში სცემდა. ფოტოზე გამოსახული დაზიანებები ქალმა სწორედ ამ შემთხვევისას მიიღო.

ბრაზილიურ მედიასთან – O’Globo -სთან ინტერვიუში კაპაროსი იხსენებს, რომ მას ვინიციუს ბატისტამ სახლში შეხვედრა სთხოვა, როდესაც გაიგო, რომ ის მარტო ცხოვრობდა. შეხვედრას წინ ონლაინ კომუნიკაცია უძღოდა. მისი თქმით, მას თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მისცა. კაპაროსმა გონება დაკარგა. იგი ამბობს, რომ გაღვიძებისას ბატისტამ ცემა დაუწყო. მან მრავლობითი დაზიანება მიიღო და 60 ნაკერი დაადეს.
CNN -ის ბრაზილიური სამსახურის თანახმად, ვინიციუს ბატისტა დააკავეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულმა თავდასხმები პარასომნიას სახელით ცნობილი აშლილობით გამოწვეული ძალადობრივი ქცევის გამო ჩაიდინა. მოსამართლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აგრესია დადასტურებულია და ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, მას პატიმრობა არ შეეფარდა. დადგინდა, რომ ბატისტამ უნდა გაეგრძელოს ამბულატორიული მკურნალობა, ეწვიოს სამედიცინო პუნქტს თვეში ერთხელ და მიიღოს მედიკამენტები, შემდეგ კი ხელახალი კვლევა ჩაუტარდეს.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.