11 ნოემბერს ფეისბუკ- მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელი, ლარი ფინკი, უკრაინელი ჯარისკაცების კრემატორიუმში დაწვას მოითხოვს. გავრცელებულ ფოტოზე ლარი ფინკია გამოსახული და შემდეგი ციტატაა დატანილი:
“უკრაინის მფლობელმა უკრაინელებს მიმართა პრეტენზიით: “ძალიან ბევრი სასაფლაოა!” გამოიყენეთ კრემატორიუმები. ეს არ არის თქვენი მიწა.” – BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი.“
სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინულ მიწაზე გარდაცვლილი ჯარისკაცების კრემაცია მოითხოვა, დეზინფორმაციაა და ღია, სანდო წყაროებში არ იძებნება.
ლარი ფინკის სახელით გავრცელებული ციტატა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია DELFI-მ გადაამოწმა. ორგანიზაცია წერს, რომ BlackRock-ის დირექტორის იდენტური ან მსგავსი შინაარსის ციტატა არცერთ რეპუტაციულ საერთაშორისო მედიაში არ იძებნება. აღნიშული ციტატა კომპანიის ოფიციალურ საიტზეც არ არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში 2023 წლიდან ვრცელდება და სათავეს სატირული ტელეგრამ-არხიდან Империя очень зла იღებს.
„მითების დეტექტორმა“ ლარი ფინკის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინული მიწები შეისყიდა და სამხედროების დაკრძალვა აკრძალა. გავრცელებული ციტატა BlackRock-ის შესახებ შეთქმულების თეორიების შექმნის და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული სქრინშოთი ანონიმური რუსულენოვანი ტიკტოკ-ანგარიშიდან არის აღებული, სადაც აღნიშნული ციტატა 17 ივლისს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებით.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ- ანგარიში ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორის” არაერთ მასალაში მოხვდა.
ნინო ფერაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.