2021 წლის 5 იანვარს ფეისბუქ გვერდმა Georgian Tik-Tokers რუსულენოვანი ვიდეო გააზიარა. ვიდეოში აღწერილია სცენარი, რომლის მიხედვითაც მოვლენები კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენის შემდეგ განვითარდება. საუბარია ვაქცინაციის შედეგად მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირებაზე, რაც მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბების გეგმის ნაწილია. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ინექცია ადამიანის ორგანიზმის შინაგან სისტემას რამდენიმე თვის განმავლობაში დაშლის და მსოფლიოში მასობრივ სიკვდილიანობს გამოიწვევს. ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რეალური და უსაფრთხო ვაქცინა ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც დეპოპულაციის გეგმა განხორციელდება. ვიდეოს თანახმად, მომაკვდინებელი ვაქცინის შედეგად გაზრდილ სიკვდილიანობას კორონავირუსის ახალ მუტაციურ ვარიანტის დააბრალებენ. ამ მტკიცების გასამყარებლად კი ბილ გეითსის ერთ-ერთი ინტერვიუს რამდენიმე წამიანი ნაწყვეტია ნაჩვენები.
2021 წლის 12 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით Georgian Tik-Tokers-ის პოსტს 120 გაზიარება აქვს. პოსტის პირველწყარო კი რუსულენოვან ფეისბუქ გვერდის Радость жизни / The joy of life მიერ 2020 წლის 24 აპრილს გაზიარებული ვიდეოა.
Georgian Tik-Tokers-ის გაზიარებული ვიდეო კონსპირაციულია. მოსაზრებები, თითქოს კორონავირუსის ვაქცინის ნაცვლად ადამიანებს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ და დედამიწის მოსახლეობას ხელოვნურად შეამცირებენ, არავითარ მტკიცებულებას არ ემყარება. ხოლო ბილ გეითსის რამდენიმეწამიანი კადრი, რომელშიც ის ახალ პანდემიაზე საუბრობს, ვიდეოში კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურადაა გამოყენებული.
- ბილ გეითსის ინტერვიუს ნაწყვეტი მანიპულაციურადაა გამოყენებული. ინტერვიუს სრულ ვერსიაში გეითსს კორონავირუსის მუტაციურ და სასიკვდილო შტამზე არაფერი უთქვამს.
ვიდეოს კონსპირაციულ მტკიცებას, თითქოს ინექციით ხელოვნურად გამოწვეულ მასობრივ სიკვდილიანობას ვირუსის მუტაციურ და უფრო სასიკვდიო ვარიანტს მიაწერენ, ბილ გეითსის ინტერვიუს რამდენიმე წამიანი ნაწყვეტი მოსდევს, სადაც ჟურნალისტი გეითსს ეკითხება, რა შეიცვლება სამუდამოდ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. კითხვის პასუხად ფილანტროფი ამბობს, რომ ამის შემდეგ ადამიანები სხვა პანდემიების შესახებ გაფრთხილებებსა და პროგნოზებს უფრო სერიოზულად მოეკიდებიან. ბილ გეითსის ინტერვიუს ეს მოკლე ფრაგმენტი ვიდეოში გამოთქმული ვერცერთი შეთქმულების თეორიის არგუმენტად ვერ გამოდგება. აღნიშნული ინტერვიუ გეიტსმა გერმანულ გადაცემა Tagethemen-ს 2020 წლის 12 აპრილს მისცა და მას შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არც “მომაკვდინებელ ვაქცინებთან”, არც კორონავირუსის მუტაციურ შტამებთან და არც დეპოპულაციის გეგმასთან.
ინტერვიუში გეიტსმა კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე არსებულ საერთაშორისო გამოწვევებსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. გეიტსმა აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოს ახლო მომავალში გლობალური პანდემიის შესაძლებლობასა და მსგავსი ტიპის კრიზისისთვის ჯანდაცვის სისტემების მოუმზადებლობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს აფრთხილებდა. ხოლო ჟურნალისტის იმ კითხვას, რომელიც Georgian Tik-Toker-ის ვიდეოში გვხვდება, გეიტსმა რეალურად მომავლის პოზიტიური პროგნოზით უპასუხა:
ბილ გეიტსი: “ვფიქრობ, მომავალში, გაფრთხილება “მოვემზადოთ შემდეგი პანდემიისთვის” უფრო სერიოზულად იქნება აღქმული და სწრაფი დიაგნოსტირება, მედიკამენტები და ვაქცინები ამ მზაობის ნაწილი გახდება. ამასთანავე, [კორონავირუსის პანდემიისას] შექმნილი პლატფორმები უკვე არსებული სხვა დაავადებების წინააღმდეგაც დაგვეხმარება…”
- კონსპირაცია: კორონავირუსის ვაქცინა მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს, ხოლო უსაფრთხო ვაქცინა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდამდე შემცირდება.
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კოროანვირუსის რომელიმე ვაქცინა ან ზოგადად ვაქცინები სასიკვდილო ინექციებია, რომლებიც დროთა განმავობაში ადამიანთა მასობრივ სიკვდილიანობას გამოიწვევს.
აღნიშნული კონსპირაცია სათავეს მაიკროსოფტის დამფუძნებლისა და ფილანტროფის ბილ გეითსის სხვადასხვა საჯარო გამოსვლების არასწორი ინტერპრეტაციებიდან იღებს, რომლებშიც გეიტსი პლანეტის მოსახლეობის ზრდის სიჩქარის შემცირებასა და ამ პროცესში ვაქცინების როლზე საუბრობდა. თუმცა რეალურად, “მოსახლეობის ზრდის ტემპის” შენელებაში ვაქცინების ან მედიკამენტების საშუალებით სიკვდილიანობის ხელოვნურად გამოწვევა სულაც არ იგულისხმება. გეიტსის აზრით, როდესაც ვაქცინები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდება და მეტი ბავშვი გადარჩება, რის გამოც მშობლები აირჩევენ, იმდენი შვილი ჰყავდეთ, რამდენის შენახვასა და განათლების მიცემასაც შეძლებენ. ეს ხელს შეუწყობს, როგორც სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, ასევე შეამცირებს შობადობის მაჩვენებელსაც და პლანეტის მოსახლეობის მატების სიჩქარე დაიკლებს.
დეპოპულაციაზე გავრცელებულ კონსპირაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- “გვპირდება თუ არა ბილ გეითსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?”
- რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდება
- დეზინფორმაცია გეითსის შვილების ვაქცინაციაზე, დეპოპულაციაზე და ჩუბაისზე
- რას აღნიშნავს 17 ფერი გულსაბნევზე?
რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინების უსაფრთხოებაზე?
2020 წლის ნოემბერში სამმა მწარმოებელმა – Pfizer/BioNTech, Moderna და Oxford/AstraZeneca, კორონავირუსის ვაქცინაზე კვლევის მესამე ფაზის წარმატებით დასრულებაზე განაცხადეს. კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დასასრულს, რამდენიმე ათეულ ათას მოხალისეზე გამოცდის დასრულების შემდეგ Pfizer-ისა და Moderna-ს რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა ვაქცინებმა – 95%-მდე, ხოლო ოქსფორდის ტრადიციული ტექნოლოგიით შექმნილმა ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. 2020 წლის დეკემბრიდან კი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ვაქცინების ავტორიზაციის პროცესი დაიწყეს. Pfizer-ის ვაქცინა პირველად ბრიტანეთის მოქალაქეს 8 დეკემბერს გაუკეთეს, ხოლო აშშ-ში ვაქცინის რისკ-ჯგუფებისთვის მიწოდება 14 დეკემბრიდან დაიწყო. ხოლო 2020 წლის 31 დეკემბერს ჯანმომ Pfizer-ის რნმ ვაქცინა აუცილებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
მიუხედავად შექმნის პროცესის დაჩქარებისა, კორონავირუსის ჩამოთვლილმა ვაქცინებმა უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე შემოწმების ყველა საჭირო ფაზა გაიარეს და მათ განვითარების პროცედურის არცერთი აუცილებელი ეტაპი არ გამოუტოვებიათ. ადამიანებზე გამოცდის ფაზაში კი ვაქცინების უსაფრთხოება ათასობით მოხალისეზე გამოსცადეს და ამ პროცესში არცერთი ვაქცინის შემთხვევაში სერიოზულ გართულებებსა და გვერდით ეფექტებს ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, ვაქცინების უსაფრთხოებასა და გამოვლენილ გვერდით ეფექტებზე მონიტორინგი მათი ავტორიზაციის შემდეგაც გრძელდება, ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება რეკომენდებული მხოლოდ მკვეთრი ალერგიული რეაქციის მქონე პაციენტებისათვის არ არის.
სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინების გამოყენების დაწყების პარალელურად ვაქცინების გვერდით ეფექტებსა და პაციენტების გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- რა სქემით გავრცელდა ამერიკელი ექთნის გარდაცვალებაზე ყალბი ცნობები ვირუსულად?
- რატომ დაკარგა ექთანმა გონება ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შემდეგ?
- ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბელის დამბლა განუვითარდა, არც რეგისტრირებული ექთანია, არც აცრილთა სიაშია
- FDA ბელის დამბლასა და კოვიდ19-ის ვაქცინას შორის კავშირს არ ადასტურებს
არქივის ბმული –https://archive.ph/B97lu
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.