21 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ ისაუბრა. ივანიშვილის მტკიცებით, ზოგიერთ ქვეყანაში მოზარდებს შეუძლიათ სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე გაიკეთონ და თუ მშობლები ამის წინააღმდეგ წავლენ, მათ იჭერენ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა “ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში” მომხდარი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც მასწავლებელი, იმის თქმის გამო, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, ორჯერ დააკავეს.
ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ ევროპაში მშობლებს მათი შვილებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციაზე უარის გამო იჭერენ, მტკიცებულებებს არ ემყარება. რაც შეეხება ევროპაში დაკავებულ მასწავლებელს, რეალურად ირლანდიელი ენოქ ბერკი ციხეში სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო მოხვდა.
- შეუძლიათ თუ არა არასრულწლოვნებს სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება?
ივანიშვილის მტკიცებით, მოზარდებს რთული ოპერაციების ჩატარება მშობლის თანხმობის გარეშე შეუძლიათ და წინააღმდეგობის გაწევისთვის მოზარდის მშობლებს იჭერენ.
ბიძინა ივანიშვილი: “ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ და როგორ გაკვეთილებს უტარებენ? ბავშვს შეუძლია – აი კიდევ ერთი მაგალითი – მოზარდს შეუძლია გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს, როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგ წავიდნენ ციხეში დაიჭირეს და ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია, საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთონ.”
რეალურად, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში სქესის შეცვლის ოპერაცის ქვედა ზღვარი 18 წლითაა განსაზღვრული, ან ქირურგიული ჩარევის შესახებ არსებულ ზოგად კანონმდებლობას შეესაბამება. ქვეყნებში, სადაც ოპერაციის ქვედა ზღვარი 16 წელია, მშობლის ან მეურვის თანხმობაა საჭირო.
ირლანდიასა და მალტაში ოპერაციის ქვედა ზღვრად 16 წელია განსაზღვრული. ირლანდიაში ზოგადი კანონმდებლობის მიხედვით 16 წლის პირს ქირურგიულ, სამედიცინო და სტომატოლოგიური პროცედურებისთვის მშობლის ან მეურვის თანხმობა არ სჭირდება. თუმცა, იმისათვის რომ სახელმწიფომ 16-18 წლის პირის სქესის ცვლილება აღიაროს, საჭიროა მისმა მშობელმა ან მეურვემ სასამართლოს მიმართოს. წარსადგენი აპლიკაცია არაერთ დოკუმენტს, მათ შორის პირადი ექიმისა და ფსიქიატრის ან ენდოკრინოლოგისგან მოპოვებულ ინფორმაციას აერთიანებს (1, 2).
რაც შეეხება მალტას, ქვედა ზღვარი აქაც 16 წელია, ამ შემთხვევაშიც სქესის ცვლილების აღიარებისთვის პირის მშობელმა ან კანონიერმა მეურვემ სასამართლოს უნდა მიმართოს. აღსანიშნავია, რომ არსებული კანონი პირებს სქესის შეცვლის აღიარებისთვის ქირურგიულ ჩარევას არ ავალდებულებს.
გამონაკლისია ხორვატიის შემთხვევაც, სადაც სქესის შეცვლის ოპერაციის ქვედა ზღვარი მკაცრად განსაზღვრული არაა, თუმცა მშობლის ან მეურვის თანხმობას საჭიროებს.
ბიძინა ივანიშვილი სქესის შეცვლის ოპერაციას ბაღის ბავშვებზე საუბრის შემდეგ ახსენებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ოპერაციას მცირეწლოვან ბავშვებს უკეთებენ. ივანიშვილის მიერ აღწერილი მშობლების დაპატიმრების შემთხვევები ღია წყაროებში არ იძებნება.
- რა ვიცით დაკავებული მასწავლებლის შესახებ?
ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს განმავლობაში ორჯერ ახსენებს ერთ-ერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში მასწავლებლის დაკავების შემთხვევას. მისი მტკიცებით, მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მან “სექსუალობის მრავალფეროვნება” უარყო და თქვა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს.
ბიძინა ივანიშვილი: “ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმისთვის რომ გამოვიდა და ისევ არ თქვა პრინციპულად რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამრი და მდედრი და არ არსებობს ეს მრავალფეროვნება სექსუალობის და ათასობით არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში.”
ღია წყაროებში მსგავსი მხოლოდ ერთი შემთხვევა იძებნება და ის ირლანდიელ მასწავლებელს ენოქ ბერკს უკავშირდება. ბერკი არა ორჯერ, არამედ სამჯერ დააკავეს, თუმცა არა სქესის შესახებ მისი შეხედულებების, არამედ სასამართლო დადგენილების დარღვევის გამო.
2022 წელს ბერკი სკოლამ, სადაც ის მუშაობდა, დროებით დაითხოვა, მას შემდეგ, რაც მას სკოლის დირექტორთან საჯარო ღონისძიებაზე კამათი მოუვიდა. კამათი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლისთვის “ისინი (they)” ნაცვალსახელით მოხსენიებას შეეხებოდა, რისი რეკომენდაციაც სკოლამ მოსწავლის მშობლების თანხმობით გასცა.
მას შემდეგ, რაც ენოქმა დათხოვნის მიუხედავად სკოლაში სიარული გააგრძელა, სკოლამ სასამართლოს ბრძანება მოიპოვა, რომელიც მასწავლებელს სკოლასთან მიახლოებას უკრძალავდა. ამ ბრძანების დარღვევის შემდეგ ენოქს ციხეში 11 დღის გატარება მოუწია. მეორედ ის 2023 წელს ამავე ბრალდებით დააპატიმრეს და 2024 წლის ივნისში გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე ბერკი ისევ გამოჩნდა სკოლაში და 2 სექტემბერს ის მესამედ დააკავეს.
შესაბამისად, მტკიცება, რომ მასწავლებელი სქესსა ან ტრანსგენდერიზმზე მისი მოსაზრებების გამო დააკავეს, მცდარია.
აღსანიშნავია, რომ ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დეზინფორმაცია გააჟღერა, რაც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















